ამერიკული ვოგი აქვეყნებს სტატიას, რომელშიც საქართველო, ტაროს კარტები და მოდა ერთიანდება. „როგორ იყენებს ერთი არტისტი ტაროს, რათა თბილისის მოდის სცენის ფერადი გმირები უკვდავყოს“ შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი მანიშნებელი იმისა, რომ ქართულ მოდაში ახალი მომენტი დგება, რასაც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ამჩნევენ. რომ დიზაინერების ახალი ტალღა უფრო ექსცენტრიული და ექსპერიმენტებით გამორჩეული იქნება, რომელთან დაკავშირებით ყველას ერთი აზრი არ შეექმნება.

„ის, რაც ერთი შეხედვით კარტების ჩვეულებრივ დასტას ჰგავს, ბევრად უფრო უცნაური და გასაოცარია,“ – ასე იწყებს მოდის ყველაზე გავლენიანი გამოცემა ჩვენთვის ხელოვნების ისტორიკოს და ტაროს მასწავლებელ დავით აფაქიძის შექმნილი კარტების სერიის – The Last Tarot – ის გაცნობას, რომელიც მოხსენიებულია, როგორც „ნათელი წერტილი ქალაქის მზარდი შემოქმედებითი სცენისთვის რთულ მომენტში.“  

ერთ-ერთ კარტზე დავითს თავადაც ვხედავთ აკა ფროდიაშვილის კაბაში, როგორც „სულელს.“ სხვა კარტებზე ვხვდებით დამწყებ დიზაინერ ნინი გოდერიძეს თავისი ბრენდის God Era – ს სამოსში, როგორც „უმაღლეს ქურუმ ქალს.“ მოცეკვავე და მოდელ ხოსილიტას ლევან შველიძის კაბაში და ნინი გოდერიძის ფეხსაცმელებში. ტაროს მასწავლებელ ლუკა ნატროშვილს აკა ფროდიაშვილის ლუქში, როგორც „სიკვდილს.“ პერფორმერ და მოდელ მათე ხიდაშელს (მეთ შელის) ლევან შველიძის სამოსში, როგორც „ეშმაკს.“ ანა ყიფიანს ვინტაჟ ბოდეში და გოდერიძის ფეხსაცმელებში, როგორც „ვარსკვლავს.“

კარტებზე აფაქიძემ არტისტ გვანცა ჯიშკარიანთან და ფოტოგრაფ ნატა სოფრომაძესთან ერთად იმუშავა.

© Vogue
© Vogue

როგორც სტატიაშია აღნიშნული, აფაქიძე ტაროთი ადრეული ასაკიდან დაინტერესდა, თუმცა იმის გამო, რომ რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა მხოლოდ სახლის დატოვების შემდეგ შეძლო თავისი ინტერესის საგნის საფუძვლიანად შესწავლა და ახლა ონლაინ გაკვეთილებსაც ატარებს, რათა მის შესახებ სხვებს ასწავლოს. გარდა ამისა, ახლა ის ქართველი ქვიარ დიზაინერების და LGBTQ ბარ Success-ის ბარმენების შესახებ დისერტაციაზეც მუშაობს.

„ტაროს დასტაზე წარმოდგენილი ყველა დიზაინერი თავიანთი მესიჯებით გვესაუბრება,“ – ამბობს დავითი. „ისინი ქვიარ დიზაინერები არიან, რომლებსაც რისკების არ ეშინიათ. მოდის კვირეულის გარეშე, ამ გაყინულ მსოფლიოში, პატარა ქვეყნების პატარა ბრენდებისთვის მნიშვნელოვანია, ხილვადობა ჰქონდეთ. ასევეა ქვიარ კულტურის შემთხვევაშიც. ნაბიჯ-ნაბიჯ შევცვლით ადამიანების შეხედულებებს, რათა უფრო პროგრესულები გახდნენ.“

Tags :