არლში გამართული კოლექციის შემდეგ გუჩის 2020 წლის კრუიზ ჩვენება რომში, კაპიტოლიუმის მუზეუმში მოეწყო, სადაც მოდელები ანტიკურ ქანდაკებებს შორის არსებულ პოდიუმზე გამოდიოდნენ.
ლოკაციიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალესანდრო მიკელე კვლავ შეპყრობილია ძველი სამყაროთი. ჩვენებაზე ვიხილეთ დაბლა დაშვებული, ნაკეცებიანი ტოგის რეინტერპრეტაციები. ერთ-ერთ მოდელს კი ტოგა კუბოკრული კოსტუმის გარედან ჰქონდა შემოხვეული.
გამორჩეული იყო აქსესუარებიც – საყურეები და ყელსაბმები, რომლებზეც რომაელი ღმერთის, ჰერკულესის სახე იყო გამოსახული.
ალესანდრო მიკელე არასოდეს ყოფილა დიზაინერი, რომლის ჩვენებებიც პოლიტიკური თუ ფემინისტური სლოგანებით იყო დატვირთული. მისი ჩვენებები ყოველთვის განსაკუთრებული თეატრალურობით გამოირჩევა – ამით მან არც ახლა გაგვიცრუა იმედი, მაგრამ პოლიტიკური სლოგანები კი ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც თვითონ განაცხადა, ეს კოლექცია იყო რეაქცია “ბოლო სიახლეებზე”, კერძოდ კი, ამერიკის რამდენიმე შტატში აბორტის აკრძალვაზე.
“მე თავისუფალი სული ვარ. არავის აქვს უფლება სხვისი თავისუფალი არჩევანი გადაწყვიტოს. არც ერთი კანონი არ უნდა ამბობდეს თუ რა უნდა გააკეთო ან არ გააკეთო, როცა საქმე პირადულ გადაწყვეტილებებს ეხება”-ალესანდრო მიკელე
თავისუფლების არჩევანი ჩვენებაში 70-იანი წლების რეფერენსიებით გამოიხატა. თუ 60-იანებში ქალები ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად იბრძოდნენ, 70-იანებში ფემინისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად ქალის სხეული და საკუთარი სხეულის კონტროლის უფლება იქცა. ერთ-ერთი მოდელის იასამნისფერი კოსტუმის ზურგზე კი შემდეგი წარწერა იყო გამოსახული – “My Body, My Choice” – ფემინისტური სლოგანი 70-იანებიდან. კოლექციაში ასევე ვიხილეთ კაბაზე ამოქარგული ქალის რეპროდუქციული სისტემა, ხოლო ერთ-ერთ ლუქზე კი დაპრინტული იყო თარიღი – 22.05.1978- დღე, როდესაც იტალიაში აბორტი ლეგალური გახდა.
“ბოლო სიახლეებზე” რეაქცია არ ყოფილა ერთადერთი თემა, რომელსაც მიკელეს ჩვენება ეხებოდა. მნიშვნელოვნად იყო ხაზი გასმული გენდერული თანასწორობისთვის, რაც მამაკაცის ფემინური სტილით გამოიხატა.
“ჩემი მიზანი იყო და არის გასაგები და ხმამაღალი შეტყობინების გადაცემა, რომ გუჩის მთლიანი გაერთიანება ერთხმად უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობას” – განაცხადა ალესანდრომ
კოლექციას შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სტილის სამოსის გარეშე არ ჩაუვლია, ასევე ჭარბობდა ჩანთების სხვადასხვა ვარიაციები. მიკელე ცნობილია ანტიკის სიყვარულით და ჩვენება ერთგვარი ექსკურსი იყო რომიდან 70-იანებამდე და დღევანდლამდე. მისი განსაკუთრებული ნიჭი შემოქმედებითობის გარდა იმაშიც გამოიხატება, რომ ყოველთვის კარგად აბალანსებს კოლექციის კომერციულ ნაწილს საკუთარ სათქმელთან, თუმცა ჩვენების თემიდან გამომდინარე ჩემში ცოტაოდენი დაბნეულობა გამოიწვია მიკი მაუსიანი სვიტრის ნახვამ. აღნიშვნად ღირს ჩვენების გარემოც. მოდელები თითქმის ჩაბნელებულ პოდიუმზე გამოდიოდნენ, ამიტომ ჩვენებაზე დამსწრეებს მობილურის განათებითა და ადგილზე მიწოდებული ფარნების გამოყენებით უხდებოდათ კოლექციის ხილვა.
ვთვლი, რომ გასული წლის კრუიზ კოლექცია ალესანდროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩვენებაა გუჩიში. წლევანდელმა კრუიზმა კი ის გუჩი გამახსენა, როგორიც ალესანდროს დანიშვნის დასაწყისში იყო – უნისექსი, ქაოტური და ეკლექტური.
ჩვენების სრული ჩანაწერი: