რა გახსენდებათ, როცა ფიქრობთ მოდურ პრეზენტაციაზე, რომელმაც თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა? პირველ რიგში, ალბათ, ის ემოციები, რომლებიც მისი ხილვისას გაგიჩნდათ. და თუ გკითხავთ, მაინც რა წარმოშობს ამ ემოციებს, თქვენ აუცილებლად დაიწყებთ იმ არაერთი ფაქტორის ჩამოთვლას, რომელთა საშუალებითაც ჩვენება დაუვიწყარი ხდება. ვინ იცის, რამდენჯერ მოგვწონებია კონკრეტული სამოსი პოდიუმზე, მაგრამ მალევე დაგვიწყებია მისი არსებობა, რადგან ჩვენში ის განცდა არ გაუჩენია, რომელიც გონებაში ღრმად დაილექებოდა, რადგან უბრალოდ მორიგი ლამაზი ქმნილება ამისთვის საკმარისი არ იყო. თუმცა მშვენიერ ქმნილებებთან ერთად, რთულია დაგვავიწყდეს დიზაინერის ფანტაზიით შექმნილი ის გამორჩეული, სახასიათო პერსონაჟები, რომლებმაც შესაფერის გარემოში წარმოგვიდგინეს ისინი და ჩვენთან დიალოგი წამოიწყეს გარკვეულ საკითხებზე.

“ჩემს ხედვას,  კოლექციებს,  პრეზენტაციებს სხვებთან შედარებით უფრო ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა,” – ამბობს აკა ფროდიაშვილი, ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი, რომელმაც პირველივე კოლექციის ჩვენების შემდეგ მოიპოვა საზოგადოების მხრიდან სიმპატია. ადგილობრივ ასპარეზზე ის იმ რამდენიმე დიზაინერს შორისაა, რომლებსაც სწორედ იმ ემოციის წარმოშობა შეუძლიათ, რომელიც მათ შეთავაზებებს ჩვენთვის დასამახსოვრებელს ხდის.

მის შემოქმედებაში ვხვდებით თემებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხშირად წარმოშობს არაერთგვაროვან რეაქციებს, ამიტომ მისი შოუები ბევრმა შეიძლება პროვოკაციულადაც აღიქვას. Queer კულტურის გავლენა და Drag Queen-ების ესთეტიკა მის ნამუშევრებში განსაკუთრებით თვალშისაცემია. ფროდიაშვილის თეატრალურ შოუებზე არ არსებობს გენდერული საზღვრები და ამ მხრივ განსაკუთრებული სითამამითაც გამოირჩევა. მათ ასევე ყოველთვის დაჰკრავთ ძველი ჰოლივუდის ელფერი, თითქოს ქართველი დიზაინერი, კოლექციების შექმნისას, ხშირად ფიქრობს მირილინ მონროზე და მის იდუმალებით მოცულ პერსონაზე…

“მუშაობის პროცესში ვცდილობ მთელი ჩემი გამოცდილება გავითვალისწინო,  მივედ-მოვედო,  თუნდაც გავაფუჭო… სიმართლე ისაა რომ, თავად სიმართლე დროსთან მიმართებაში ძალიან ცვალებადია.”

© Instagram / aka.prodiashvili

აღსანიშნავია, რომ აკამ კარიერა 15 წლის ასაკში სტილისტად მუშაობით დაიწყო. “10 წლის წინ, როდესაც საშუალო განათლებას ვიღებდი, ვფიქრობდი, მეპოვა საქმე, რომელიც მოიცავდა და დააკმაყოფილებდა მთელ ჩემს ცნობისმოყვარეობას, სურვილებსა და კომპლექსებს,” – ვიგებთ დიზაინერისგან. “მაშინ მოდა მხოლოდ ხელოვნების დარგად მიმაჩნდა და როგორც რებუსს ისე ვუყურებდი, ვცდილობდი ამეხსნა მაშინდელი მიმდინარე პროცესები, რას რა აკავშირებდა ერთმანეთთან და ბევრი პასუხგაუცემელი და ამოუხსნელი კითხვა მიგროვდებოდა,  ვცდილობდი გამეგო რა იყო გასაკეთებელი, რისთვის და ვისთვის, რადგან ეს კითხვები აღმოჩნდა ჩემთვის მთავარი ორიენტირი.”

მისი თქმით, მოდის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება გრიგორ დევეჯიევის ასისტენტობის დროს დააგროვა: “რამდენიმე წლიანი მუშაობის პროცესი ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, როგორც პრაქტიკაში, ასევე იმაში, რაც სამომავლოდ გამომადგებოდა. იმ პერიოდში ვმუშაობდით ყველაზე აქტუალურ როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო პრესაზე, სადაც ქართველი დიზაინერების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა იყო მთავარი. სტილისტის პასუხისმგებლობაც სწორედ ამ პერიოდში განვიცადე.”

Aka Prodiashvili შემოდგომა/ზამთარი 2019 © NOWFASHION

სტილისტის პროფესია საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა და ჩვენი ქვეყნის ფარგლებში, ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა განსაკუთრებით რთულია, უპირველესყოვლისა, მის მიმართ ფაქტობრივად არარსებული მოთხოვნის გამო. ეს ფაქტორი კარგად ესმის თავად ფროდიაშვილსაც, რომელიც აღნიშნავს:

“ვფიქრობ, სტილისტის პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეების გააზრება მხოლოდ ინდივიდუალური განვითარების გზაზეა შესაძლებელი. ეს გზა, თუ ამ პროფესიისკენ არის მიმავალი, საქართველოში, ბევრად რთულია, ჩვენს ქვეყანაში ბრენდები ჯერ კიდევ თვლიან, რომ არ არის სტილისტის პოზიცია საჭირო, ან თუ არის – მხოლოდ გადაღებაზე, ისიც კი გამიგია ბრენდებისგან, რომ მეიქაფ არტისტიც არ არის საჭირო, არც თმა… არც ქასთინგი… მოდაში მსგავსი ეკონომიური სვლები არ არის რეკომენდირებული! მითუმეტეს თუ ეს ბრენდის მხატვრული სახე და ‘აიდენთითი’ არ არის, რადგან ისინი ტანსაცმელს მხოლოდ კომერციულ პროდუქტად აღიქვამენ.”

რთულია აკას ამ აზრს არ დაეთანხმო და თუ ვინმე მის ამ განცხადებას საკამათოდ ჩათვლის, მაშინ, ის ნამდვილად არ ჯდება ინდუსტრიის იმ საჭირო სტანდარტებში, რომლებიც მისსავე სასიკეთოდ ყალიბდება.

ფროდიაშვილი Benext-ის 2018 წლის გამარჯვებულია, კონკურსის, რომლის მთავარი მიზანიც ახალი დიზაინერების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა. ასაკისა და გამოუცდელობის გათვალისწინებით, აკასთვის ეს პერიოდი განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა. “როგორც კი ბინექსთის შესარჩევი ქასთინგი გამოცხადდა, დავიწყე მზადება,” – იხსენებს ის. “რთული გზა იყო, ვცდილობდი ყველაფერი გამერკვია, როცა ჟიურის წევრებისგან ქებას ვისმენდი, ვხვდებოდი რომ არ მყოფნიდა… მეტი მინდოდა და წარმოდგენაც არ მქონდა ამისთვის ძალები მეყოფოდა თუ არა.”

Benext-ს მოჰყვა Young Talents Competition უკრაინაში. იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ პოსტ-საბჭოური ესთეტიკა მოდაში კვლავ მიმზიდველი იყო და ამ მხრივ საქართველოც კონკურენტუნარიან ქვეყანად ითვლებოდა, აკას მიმართაც დიდი ინტერესი არსებობდა. “უცხო ქვეყანასა და გარემოში წარმოვაჩენდი ჩემი და ჩემი ქვეყნის სახელს,” – აღნიშნავს ფროდიაშვილი კიევში კონკურსისთვის გატარებულ პერიოდზე საუბრისას. “ძალიან მეხმარებოდა სოფო ჭყონიას გავლენა და მხარდაჭერა. გავლენა იმაში, რომ საქართველო და ქართული მოდა კარგად იცოდნენ ქვეყნის, პრესის წარმომადგენლებმა, ჟიურის წევრებმა და არამარტო… პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველო ‘ჰაიპის’ გამო კონკურენტი ქვეყანა იყო და დიდ ინტერესს იწვევდა ჩემი იდეები უკრაინაში, მხარდაჭერა კი მუდმივ გამხნევებაში გამოიხატებოდა.”

ამის შემდეგ, აკას კარიერაში იწყება პერიოდი, როცა ის თავისი შემოქმედებით უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე ჩნდება და დამწყები დიზაინერების უმეტესობისთვის საოცნებო სტარტს იღებს. თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ფარგლებში წარმოდგენილი სადებიუტო კოლექციის ჩვენების შემდეგ ამერიკული Vogue მას “ამომავალ ვარსკვლავად” მოიხსენიებდა, მისი ხედვის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებდა Dazed, მის შემოქმედებას ეძღვნებოდა Re-Edition-ის ყდა.

“სიმართლე გითხრათ არ ველოდებოდი ასეთ შედეგს, რისკი ძალიან მაღალი იყო…”

ჩვენებას წინ უსწრებდა იმ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური არკას პოსტი ინსტაგრამზე, რომელშიც მუსიკოსი ქართველი დიზაინერის ლატექსის ბოდესა და ხელთათმანებში გვევლინებოდა და არც ეს მომენტი არ დარჩენილა უყურადღებოდ საერთაშორო პრესის მხრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ აკას და არკას შორის ბოლო თანამშრომლობა 2021 წლის გაზაფხულის სეზონზე შედგა, როცა ვიდეო პრეზენტაციისთვის ფროდიაშვილმა მუსიკა მისი ბოლო ალბომიდან გამოიყენა – Cupher & Murcielaga.

დროთა განმავლობაში აკას სამოსით ვიხილეთ ლედი გაგა, პერის ჰილტონი და ა.შ. მედიაც აგრძელებდა მასზე საუბარს. დიზაინერისთვის ერთ-ერთი გამორჩეული კარიერული მომენტი კი, Dazed100-ს უკავშირდება. 

საპატიო სიაში ფროდიაშვილი 2019 წელს ისეთ ადამიანებთან ერთად მოხვდა, რომლებიც, როგორც მათ ეს გამოცემა ახასიათებდათ, მიმდინარე დროს განსაზღვრავდნენ და ამომავალი ვარსკვლავები იყვნენ.

ძალიან მალე ქართველი დიზაინერიც, სხვების მსგავსად, ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რადგან მსოფლიოს თავს პანდემია დაატყდა და განსხვავებულ, უჩვეულო რეალობასთან ადაპტირება მოუწია. “ყველაზე დიდ სირთულეს არა პანდემიამდელი, არამედ მისი შემდეგი პერიოდი წარმოადგენდა,” – ამბობს აკა. “ციფრული მოდის კვირეული რთული გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის. როგორც ყველა, ასევე მე მზად არ ვიყავი, იმ უთვალავი ფაქტორის წინაშე დავმდგარიყავი, რომელიც სამწუხაროდ დღესაც აქტუალურია.” ყველაფრის მიუხედავად მაინც შეძლო დასამახსოვრებელი ციფრული პრეზენტაციის მოწყობა და იმ მომენტის ალტერნატიული სამყარო წარმოგვიდგინა, რომელშიც ვარდისფერი ლიმუზინი დადის. 

უნდა ითქვას, რომ არსებულ რთულ ვითარებაში, სასარგებლო გაკვეთილებსაც ვიღებთ, რაც შესაძლოა უკეთესი მომავლის დასაწყისიც კი აღმოჩნდეს, თუ ამას ნამდვილად ვირწმუნებთ. აკაც თვლის, რომ digital-ზე მორგება ახალი და საჭირო გამოცდილებაა, რომელიც ბევრ პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმარება. 

ფროდიაშვილი ქართველი დიზაინერების ახალ თაობას წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია გასცდეს დაწესებულ საზღვრებს და საკუთარი ხედვა ჩარჩოში არ მოაქციოს, ასევე შექმნას ღირებული პროდუქტი, რომლის განვითარებაზეც მუდმივად იზრუნებს.