რა ხდება Women Management  -ში? ვუმენის „დაშლის“ თვალსაჩინო პროცესები 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც გერმანელმა ტოპ მოდელმა, ანა ევერსმა თავის მონაცემებში შეცვალა წარმომადგენლობა და ვუმენ მენეჯმენტის მაგივრად ნიუ-იორკის ელიტი მონიშნა. დროის იგივე მონაკვეთში სამოდელო სააგენტო შეიცვალეს: ბეატი პრინსლომ, ოფელიე გილერმანდმა, ალექსინა გრეემმა, ფეი ფეი სანმა. ყველა მათგანი ვუმენის კონტრაქტიანი მოდელი გახლავთ და ანას მსგავსად, უკლებლივ ყველამ ვუმენიდან ნიუ-იორკის ელიტს მიაშურა.

გუშინ ნატაშა პოლის ინსტაგრამზეც გამოქვეყნდა სიახლე, რომ ახლა რუს ტოპ მოდელს, ვუმენის ნაცვლად, ნიუ-იორკის ელიტი წარადგენს.

ტრადიციულად, ყველა სააგენტოს ჰყავს მოდელების A და B დაფა, იმის მიხედვით, თუ რომელი გოგონები მუშაობენ პრესტიჟულ, გავლენიან, კარგად ანაზღაურებად სამუშაოებზე და პირიქით. აგენტები დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთი სააგენტოს ე.წ “A List” მოდელებს და ცდილობენ, რომ დიზაინერების, რედაქტორების ფავორიტი სახეები არ დაკარგონ. აქედან გამომდინარეობს, რომ თანამედროვე სამოდელო ბიზნესში მოდელები ხშირად იცვლიან სააგენტოებს, თუმცა ეს ნაკლებად წარმატებულებს ეხებათ და ძალიან იშვიათად – დიდ სახეებს. როგორც წესი, წარმატებულ მოდელებს 10-20 წელიც 1 სააგენტო და აგენტი წარადგენთ.

თუ სააგენტოს ათამდე წამყვანი ტოპ მოდელი სკანდალის გარეშე ტოვებს, ეს მხოლოდ შემდეგს შეიძლება ნიშნავდეს, სააგენტოები ერთიანდებიან, ან ვუმენის ნიუ-იორკის ფილიალი ვეღარ ახერხებს ამერიკის ბაზარზე მუშაობას. თუმცა როგორ აღმოჩნდა ყველა ელიტში? ამ კითხვაზე პასუხი მიგელ ავალოსია, ვუმენის გამოცდილი აგენტი, რომელმაც თვენახევრის წინ სამუშაო ადგილი შეიცვალა და ნიუ-იორკის ელიტში დასაქმდა. სავარაუდოა, რომ გოგონები სწორედ მას გადაყვნენ, რაც ცვლილებას უფრო კომფორტულს გახდის. ახალი სააგენტო, თუმცა ძველი და კარგად ნაცნობი აგენტი. რა ბედი ეწევა ვუმენ მენეჯმენტს, რომელიც ნიუ-იორკში 1988 წელს დაფუძნდა, უახლოეს მომავალში ვიხილავთ. ჯერჯერობით ბრენდის წამყვანი მოდელების დაფაზე რამდენიმე სახე კვლავ არის, მაგალითად: ჯორდან დანი, ისაბელი ფონტანა და ლაის რიბეირო.