ვიქტორია & ალბერტის მუზეუმი გაბრიელ შანელისადმი მიძღვნილი გამოფენის – “Gabrielle Chanel. Fashion Manifesto” გახსნისთვის ემზადება. ეს იქნება პირველი დიდი გამოფენა ბრიტანეთში, რომელიც მუზეუმის სტუმრებს ლეგენდარული ფრანგი კუტიურიეს შემოქმედებას გააცნობს – დაწყებული 1910 წელს პარიზში გახსნილი ქუდების პირველი მაღაზიიდან, დამთავრებული 1971 წელს წარმოდგენილი მისი ბოლო კოლექციით.

“Gabrielle Chanel. Fashion Manifesto” თავდაპირველად 2020 წელს პარიზში, Palais Galliera-ში მოეწყო. შემდგომში გამოფენამ მელბურნში, ვიქტორიას ნაციონალურ გალერეაში გადაინაცვლა. ლონდონში, V&A-ის მუზეუმში კი მისი განახლებული სახით მონახულება მსურველებს 2023 წლის სექტემბრიდან შეეძლებათ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები V&A-ის მუზეუმის კოლექციიდანაც.

© V&A Museum

მასზე შესაძლებელი იქნება 180-ზე მეტი კოსტიუმის ხილვა. გარდა ამისა, ნაჩვენები იქნება სამკაულები, აქსესუარები, კოსმეტიკა, სუნამოები.

“როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდის სახლი, Chanel ბევრ რამეს უნდა უმადლოვდეს თავის დამაარსებელ გაბრიელ შანელს, რომელმაც მისი ხელწერა ერთი საუკუნის წინ ჩამოაყალიბა. მოხარულები ვართ, რომ ამ გამოფენისთვის Chanel-თან და Palais Galliera-სთან ვთანამშრომლობთ. ეს საშუალებას მოგვცემს გამოვიკვლიოთ ამ მარადიული სტილის წარმოშობა, მასთან დაკავშირებული ელემენტები და გამოვფინოთ Chanel-ის ნაკლებად ცნობილი ისტორიული სამოსი V&A-ის კოლექციიდან.”

ტრისტრემ ჰანტი, V&A-ის დირექტორი

© Julien T. Hamon / V&A Museum

ვიქტორია & ალბერტის მუზეუმში “Gabrielle Chanel. Fashion Manifesto”-ს მონახულება 2023 წლის 16 სექტემბრიდან, 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.