„The Row 2006 წელს ეშლი და მერი-ქეით ოლსენებმა დააფუძნეს. მოდის სახლი, რომელიც მთავარ აქცენტს გამორჩეულ ქსოვილებზე, უზადო დეტალებზე და ზუსტ მკერვალობაზე აკეთებს, მარადიულ პერსპექტივას და დახელოვნებულ დამოკიდებულებებს აერთიანებს, რაც უჩვეულო კლასიკურ ხელწერას აყალიბებს. The Row-ს კოლექციები გამარტივებული ფორმების ძალასაც ავლენს და უკომპრომისო ხარისხს ეფუძნება,“ – ვკითხულობთ The Row-ს ოფიციალურ საიტზე ოლსენების თავიანთი ბრენდისთვის ჩამოყალიბებულ ხედვასა და მისიაზე. როუ ნამდვილად წარმოადგენს ფუფუნებას თავისი ყველაზე წმინდა გაგებით – ძვირადღირებულ ხარისხს, რომლის ფლობაც ყველას არ შეუძლია. ხარისხი ვლინდება როგორც გამოყენებულ მასალაში, ისე შთაბეჭდილების მოხდენის შესაძლებლობის მქონდე სუფთა, სადა, მარტივ დიზაინსა და დეტალებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად 100 მილიონიდან 200 მილიონ დოლარამდე მერყეობს, გაყიდვების მაჩვენებელი კი სულ უფრო და უფრო იზრდება. ამას ახალგაზრდა კომპანია მინიმალისტური შემოქმედებით და მშვიდი მარკეტინგული სტრატეგიით ახერხებს.
როცა გარშემო ასეთი უწესრიგობაა და ხალხის ცნობიერებაშიც ქაოსი სუფევს, ოლსენების შემოთავაზებული მინიმალიზმი რეალობისგან თავის არიდების ის მომენტალური სიამოვნებაა, რომელიც ზოგჯერ ასეთი სასურველია.
ყოველ სეზონზე როუს ჩვენებები ახალ სილუეტებს და ფორმებს აერთიანებს. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის ბრენდის შოურუმში უფრო პრაქტიკული და ფორმალური სამოსი იყო წარმოდგენილი. ფერთა პალიტრა დამამშვიდებელი, მუქი ‘ნეივი’ ლურჯის, შავის, თეთრის და პასტელური ფერებისგან შედგებოდა. შესამჩნევი იყო ფიბი ფაილოს და კაისიკ ვონგის გავლენა, რომელსაც წლების წინ ნიკოლა გესკიერმაც კი ვერ დააღწია თავი, დიზაინერმა, რომელსაც ყველა აკოპირებდა.
კოლექციაში ზედმეტი არაფერი არ არის. არც ნიანგის ტყავის ქურთუკი, დიდი ჯიბეები და ოვერსაიზ პიჯაკი ბადებს საპირისპირო განცდას. ყველა დეტალი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძირითადია, მაინც არაფერი გაკლია, არც მოსაწყენი არ არის. ამ შემთხვევაში უბრალოება საინტერესოა. The Row დღეს ყველაზე მიმზიდველი და დამაინტრიგებელი მინიმალისტური ბრენდია.