თუ ძვირადღირებულ მოდაში გადაწყვეტთ ინვესტირებას, დიდი ალბათობით, უპირატესობას მიანიჭებთ პროდუქტს, რომელიც „დამზადებულია იტალიაში“, თუ თქვენი პირველი ოტ-კუტიური უნდა შეიძინოთ, შეფუთვაზე დატანილი ფრანგული ატელიეს მისამართი პრიორიტეტი გახდება, ისევე როგორც ძვირფასი საათის შეძენისას, შვეიცარიული წარმომავლობა მიიქცევს ყურადღებას. შვეიცარია, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა მოდის ინდუსტრიისადმი დიდი ინტერესით, მსოფლიოში ძვირადღირებული საათების ყველაზე ცნობილი მწარმოებელია.
შვეიცარიულმა საათებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს ხარისხისა და ფუფუნების სინონიმად ითვლება. ქვეყნის მცირე მასშტაბის (2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 10 მილიონსაც არ აღემატება) გათვალისწინებით, შვეიცარიული საათების ინდუსტრიის გლობალური დომინაცია შთამბეჭდავი ფენომენია, რომელიც ერთდროულად იწვევს, როგორც აღფრთოვანებას, ასევე ინტერესს.
თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ყოველდღიური ტარებისთვის განკუთვნილი პატარა ზომის საათების წარმოებას საფუძველი არა შვეიცარიაში, არამედ გერმანიაში, 1510 – 1530-იან წლებში ჩაეყარა. თავდაპირველად, მინიატურული ზომის გერმანული საათები არ გამოდგებოდა მაჯაზე მოსარგებად, ისინი გამოიყენებოდა, როგორც სატარებელი სამკაული, რომელსაც ხშირად, ჯიბით ატარებდნენ. მათ შემქმნელად გერმანელი საათების მწარმოებელი პიტერ ჰენლაინი სახელდება, რომელიც გერმანიის ქალაქ ნიურნბერგი ცხოვრობდა. გერმანელებთან ერთად, საათების ინდუსტრიის პიონერებად გვევლინებოდნენ ფრანგები და ჰოლანდიელები, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღესდღეისობით, სწორედ შვეიცარია არის ქვეყანა, რომელსაც ძვირფასი საათების მოყვარულები ყველაზე მეტად ენდობიან.
შვეიცარიაში საათების ინდუსტრიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შუასაუკუნეების საფრანგეთსა და გერმანიაში მიმდინარე რელიგიურმა ომებმა და ზოგადად არასტაბილური ვითარებამ. მე-16 საუკუნეში,ფრანგ პროტესტანტებს, ე.წ. ჰუგენოტებსა და კათოლიკეებს შორის დაპირისპირებამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ მხოლოდ საფრანგეთიდან, რელიგიური კუთვნილების გამო, განდევნილ იქნა 200,000-ზე მეტი ჰუგენოტი. მათი დიდი ნაწილი მეზობელ შვეიცარიაში, ქალაქ ჟენავაში დასახლდა. განდევნილებს შორის მოხვდნენ საათების ოსტატებიც, რომლებმაც საქმიანობა შვეიცარიაში განაგრძეს. ინდუსტრიის განვითარების კიდევ ერთი კატალიზატორი პროტესტანტი რეფორმატორის და კალვინიზმის დამაარსებლის, ჟან კალვინის გადაწყვეტილება გახდა, ოქროს სამკაულების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით. სამკაულების აკრძალვამ შვეიცარიელ ოქრომჭედლებს საათების წარმოებისაკენ უბიძგა. ამგვარად, ადგილობრივმა შვეიცარიელებმა, დევნილი ფრანგებისა და გერმანელი ოსტატების ცოდნის დახმარებით, საათების ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.
მე-17 საუკუნეში, კონკურენტი სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, შვეიცარიაში საათის დამზადების ახლებური სისტემა დანერგეს, რომლის მიზანიც მასობრივი წარმოების მიღწევა იყო. სისტემა, რომელიც établissage-ის სახელითაა ცნობილი, შვეიცარიელებს შესაძლებლობას აძლევდათ საათის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ადგილას დაემზადებინათ, რამაც საათის შექმნის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ სისტემის გამოყენებით შვეიცარიის საათების ინდუსტრიამ უდიდესი ნახტომი გააკეთა. მე-18 საუკუნის დასაწყისში, ჟენავა წელიწადში 60,000 საათის ექსპორტს ახდენდა, მე-19 საუკუნეში კი, ექსპორტმა 2 მილიონს გადააჭარბა.
მე-20 საუკუნეში ევროპის კონტინენტზე ორმა მსოფლიო ომმა, რომელშიც შვეიცარია, როგორც ნეიტრალური მხარე, არ მონაწილეობდა, ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ტრამპლინი მისცა. ომებისაგან გამოფიტულმა საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ვეღარ მოახერხეს შვეიცარიულ ინდუსტრიასთან კონკურენციის გაწევა. სწორედ მე-20 საუკუნიდან შვეიცარია პოზიციონირდა, როგორც მსოფლიოში ძვირადღირებული საათების ლიდერი მწარმოებელი.
დღესდღეობით, შვეიცარიის საათების მრეწველობა არის სიდიდით მესამე ექსპორტიორი ქვეყანაში, რომელიც ასაქმებს დაახლოებით 59,000 ადამიანს. ქვეყანაში ფუნქციონირებს 700-ზე მეტი საათების მწარმოებელი, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც ქალაქ ჟენევაშია დაფუძნებული.