საუკუნეების განმავლობაში, მოდამ უამრავი მნიშვნელობა შეიძინა, დროსთან ერთად, იცვლებოდა მისდამი დამოკიდებულებაც და ხედვაც – ეს არის ხელოვნება, ბიზნესი, ცხოვრების სტილი, გასართობი, ეპატაჟური, სახალისო და საინტერესო სფერო, რომელსაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში განაკუთრებული ადგილი უჭირავს. მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ მრავალფეროვანი შეიძლება იყოს მოდის განსაზღვრება, ინდუსტრიას ათწლეულები დასჭირდა, სანამ დეფინიციებს შორის არ გაჩნდა შემდეგი მახასიათებლები: ეთიკური, წინდახედული, ჯანსაღი და მდგრადი.

„როდესაც მოდელობა დავიწყე, ეს თემა არ იყო ესეთი აქტუალური, მაშინ იკიდებდა ფეხს. პირველად ყველაფერი უნაკლო, იდეალური და ლამაზი მეჩვენებოდა, მაგრამ ნელ-ნელა გავიზარდე ამ სფეროში და დავიწყე სწავლა, მივხვდი, რომ ყველაფერი ისეთი ლამაზი არ ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ამ ყველაფრის მიღმა ძალიან დიდი პრობლემებია, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ნაბიჯი არის გადასადგმელი უკეთესი განვითარებისთვის და მოდის ინდუსტრიის შეცდომების გამოსასწორებლად,“

– ამბობს თაკო ნაცვლიშვილი, ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი, რომელიც “ფაბერის” ამბასადორად დასახელდა.

Phubber-ის შესახებ ქართველმა მომხმარებელმა უკვე ძალიან კარგად იცის, ეს არის ციფრული მარკეტფლეისი, სადაც საშუალება გვეძლევა გავყიდოთ და ვიყიდოთ ჩვენთვის საყვარელი ბრენდების ნივთები. წამოწყებამ მოკლე დროში მოიპოვა ერთგული მომხმარებლების არმია და ქართულ რეალობაში წამყვან კომპანიად პოზიციონირდა.

„კვლევების მიხედვით, ადამიანები თავიანთი გარდერობის დაახლოებით 80%-ს არ იყენებენ. ამ 80%-ის დიდი ნაწილი კი, ხშირად ნაგავსაყრელებზე ხვდება, რომლის რაოდენობა, ყოველწლიურად, მილიონობით ტონას შეადგენს. „ფაბერი“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სწორედ ასეთი ნივთები გაყიდონ და შესძინონ მათ მეორე სიცოცხლე. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ „ფაბერი“ ნებისმიერი ნივთის ხარისხის კონტროლს აკეთებს და ადგენს ბრენდის ავთენტურობას. ფაბერის ჩაშვების პირველივე დღიდანვე აკრძალულია FAKE ნივთების გაყიდვა. ავთენტური პროდუქციაც მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რადგან ხარისხი არის განმსაზღვრელი იმისა, რომ ნივთი დიდხანს გაძლებს და იქნება გამოყენებადი დიდი ხნის განმავლობაში. მიხარია, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ არ გვჭირდება გამოვიგონოთ რამე, რაც გვათქმევინებს, რომ მდგრად მოდას ვუწყობთ ხელს. ფაბერის ყოველდღიურობა სწორედ ამას ემსახურება, ჩვენი ერთადერთი მიზანი კი, ამ მესიჯის საზოგადოებამდე მიტანაა,“- აღნიშნავს ჩვენთან ინტერვიუში, Phubber-ის თანადამფუძნებელი, ანანო დოლაბერიძე.

ანანო დოლაბერიძე

თაკო ნაცვლიშვილის საერთაშორისო კარიერა 2015 წელს დაიწყო, მას შემდეგ, ქართველი მოდელი აქტიურად ჩაერთო მაღალი მოდის ინდუსტრიაში, მეტიც, მან სწავლა განაგრძო იტალიაში, მოდის მარკეტინგის განხრით. დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, თაკოს ბევრ შემოთავაზებაზე უწევდა უარის თქმა, თუმცა „ფაბერი“ მრავალმხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა. ეს კი, მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ თანამშრომლობის საფუძველი საერთო ღირებულებები და ფასეულობებია.

„ჩემი პირველი თანამშრომლობა ფაბერთან შედგა, როდესაც, ინსტაგრამის მეშვეობით, გავაკეთეთ, ეგრედწოდებული ‘’Takeover”-ი, სადაც ჩემი დიდი სურვილი იყო მელაპარაკა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის მდგრადი მოდა. ვთვლი, რომ ფაბერის ბიზნეს მოდელი პირდაპირ კავშირშია მდგრადი და ეკო-მეგობრული მოდის განვითარებასთან, რაც ჩემ ღირებულებებს და ინტერესის სფეროს ემთხვევა. მიხარია, რომ ჩვენი ხელახალი თანამშრომლობა იქნება ხანგრძლივი, ეს მომცემს საშუალებას, ჩემს და ფაბერის აუდიტორიას, გავუზიარო გამოცდილება, განათლება და სიახლეები ამ თემის გარშემო. ვთვლი, რომ აუცილებელია საქართველოში ცნობიერების ამაღლება მდგრად განვითარებაზე და ამაში მინდა, ჩვენ ერთად, დიდი წვლილი შევიტანოთ.“

უკანასკნელ წლებში, მდგრადი მოდის მნიშვნელობამ არათუ შეაღწია მაღალი მოდის უმაღლეს წრეებში, არამედ მთავარი განხილვის საგანიც გახდა. მიზეზი მარტივია, თუ იმ შემაშფოთებელ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, რაც გლამურული ჟურნალების და ჩვენებების მიღმაა – დღესდღეისობით, ნავთობის და გაზის შემდეგ, მოდის ინდუსტრია არის გარემოს დაბინძურების მეორე ყველაზე დიდი წყარო. 2018 წელს, მხოლოდ ერთმა ბრენდმა, Burberry -მ, 38 მილიონი დოლარი ღირებულების ტანსაცმელი გაანადგურა, რომელიც არავის ცმია. ანანო დოლაბერიძეს ინდუსტრიაში მუშაობის უკვე ათწლიანი გამოცდილება აქვს, მისი თქმით, ხელახალი გაყიდვა/გადაყიდვა მოდის მომავალია და ის მალე გადაუსწრებს, როგორც სწრაფ, აგრეთვე ლუქს მოდას.


„Resale – დღევანდელობის უდიდესი ტრენდია, ძალიან სწრაფად მზარდი, რომელიც მალე 64 მილიარდ დოლარს მიაღწევს და უახლოეს წლებში, გადაუსწრებს სწრაფ მოდას და LUXURY ბიზნესს. ჭარბი წარმოება ძალიან აზიანებს გარემოს, შესაბამისად ის, რომ უკვე შექმნილ, წარმოებული პროდუქტზე მოთხოვნა გავზარდოთ და შევამციროთ – ახალზე, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ იმიტომ, რომ ფაბერის უმთავრესი მიზანია მოდის მდგრადი განვითარება, ძალიან დიდი ხანი გვინდოდა კომუნიკაციის დაწყება ამ მიმართულებით. როდესაც თაკოს ინიციატივა გაუჩნდა, რომ სწორედ ამ მიმართულებით წაეყვანა ფაბერის სთორი, შემდეგ თანამშრომლობაზე უფრო ჩავეძიეთ ამ საკითხს და აღმოვაჩინეთ სრული თანხვედრა, ძალიან გულწრფელი და გულახდილი სურვილი იმის, რომ ეს არის თემა, რომელიც მართლაც გვადარდებს, მართლაც გვაფიქრებს და გვიბიძგებს იმისაკენ, რომ გამოვიყენოთ ჩვენი მაქსიმუმი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში მდგრადი მოდის მიმართულებთ,“ -ამბობს ანანო.


მდგრადი მოდის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და ეკო-აქტივიზმის განვითარების ხელშეწყობა პრევენციული ქმედებაა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მისი მთავარი მიზანი საზოგადოებამდე სწორი მესიჯის მიტანაა – ეს არ არის ინდივიდუალური, ლოკალური პრობლემა, რომლის უარყოფითი მხარეები გავლენას ახდენენ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფზე, ან სფეროზე, საკითხი გლობალურია და ის საჭიროებს ყველას ჩართულობას.

„ცნობიერების ამაღლება მოდის მდგრადობა არ არის კონკრეტულ რამეზე ორიენტირებული, მოდის მდგრადობა მოიცავს სრულად სისტემის გაუმჯობესებას და შეცვლას, რომ თანდათან ეს ინდუსტრია ნაკლებ საზიანო გახდეს გარემოსთვის, ნაკლები ბუნებრივი რესურსი მოიხმაროს და ნაკლებად დაზიანდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თითოეული ადამიანის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. დიზაინერებმა რაც არუნდა პოპულარიზაცია გაუკეთონ მოდის მდგრადობას, თუ ადამიანებმა ეს ცხოვრების და ყოველდღიურობის ნაწილი არ გახადეს შედეგი ვერ გვექნება. მნიშვნელოვანია კომპანიებმა თაივანთ წარმოებაშივე შეიტანონ ცვლილებები, არა ერთჯერადად, არამედ მრავალჯერადად. ქმედებები უნდა იყოს გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული, მაშინ ექნება აზრი მათ აქტიურობას. მხოლოდ საუბარი და სოციალურ მედიაში სთორის გაზიარება რომ გარემოს უნდა გავურთხილდეთ არ არის საკმარისი. აუცილებელია უფრო მეტი ქმედება. ასე დაიწყო თაკომ, ასე დავიწყეთ ჩვენც, ფაბერელებმა – ეს ისეთი თემაა, ერთხელ თუ სიღრმისეულად ჩაეძიები რა ხდება, რატომ, როგორ, რა შედეგებია, უკვე რთულია დაუბრუნდე ძველ აზროვნებას. ძალიან მალე ხდები ამ ყველაფრის გამზიარებელი და თავად იწყებ ასე აზროვნებას.“ – ანანო დოლაბერიძე.

გარდა ამისა, ანანომ ჩვენთან ინტერვიუში გაამხილა, რომ მალე იგეგმება ახალი პროექტი – Green Round Table TALKS, რომელიც საინტერესო დიალოგებს და ინიციატივებს შემოგვთავაზებს მოდის მდგრადობასთან დაკავშირებით.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თაკოს და „ფაბერს“ შორის თანამშრომლობა კორონავირუსის რეალობაში დაიწყო. ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან პანდემიამ მთელი მსოფლიო გააჩერა და ახალი დღისწესრიგი შეგვიქმნა. გამოწვევებით სავსე რეალობა, რომელთან გამკლავება არც პანდემიამდე ყოფილა მარტივი, ვირუსმა კიდევ უფრო გაართულა. თუმცა ამასთან ერთად, ახლა ისე, როგორც არასდროს, შეიმჩნევა ღირებულებების გადაფასების ტენდენცია. „ახლა გლობალურმა პანდემიამ წინა პლანზე წამოსწია მდგრადობა. ჩვენი მომავალი ჯანმრთელობა და ბედნიერება ჯანმრთელ გარემოზეა დამოკიდებული. Future after Covid is “Green Recovery,” – ამატებს თაკო.

და ბოლოს, ყველა ვთანხმდებით, რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ მოდის ინდუსტრიის პასუხისმგებლობაზე, ქმედებებზე, ხელშესახები ძალაუფლება მომხმარებლის ხელშია. უნდა გვახსოვდეს, რომ პრობლემის გადაჭრაში წვლილის შეტანა თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია. რაც უფრო ცოტას და უკეთეს შენაძენს გავაკეთებთ, უფრო ნაკლები და უკეთესი შეიქმნება. მნიშვნელოვანია ვიაზრდებდეთ, რომ როდესაც მდგრად მოდაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ცირკულარულ ეკონომიაზეც ვლაპარაკობთ. მსოფლიოში ძალიან ბევრი ტანსაცმელია. ნუ დავივიწყებთ სამოსის დაფასებას, რაც არამარტო მის ხარისხში და ვიზუალურ მშვენიერებაშია, არამედ – ადამიანურ ძალისხმევაში.