2017 წლის შემოდგომაზე ინგლისელმა დიზაინერმა, კლერ უაით კელერმა ჟივანშიში თავისი პირველი ჩვენება გამართა. კლერის დებიუტს მონუმენტურს ვერ ვუწოდებდით, თუმცა არც წარუმატებლობა, ან ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო სიტყვები, რომლებსაც თამამად გამოვიყენებდით. Givenchy by CWK ჰიტებისგან და ჩავარდნებისგან შედგებოდა, რაც ვერდიქტის გამოტანას ართულებდა. 2 წელი, თითქმის 10 ჩვენება, 200 -ზე მეტი ლუქი დამჭირდა ამის სათქმელად, თუმცა დიახ, 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კლერ უაით კელერი და ჟივანშის მოდის სახლი კარგი გაერთიანება არ არის.

დასაწყისში, კლერი მიმართულებას ჟივანშის ოტ კუტიურ მემკვიდრეობის გაცოცხლებაში ხედავდა, რაც მილენიალებზე მორგებული სტილით შეიცვალა. ახლა ამერიკაში გატარებული წლების გახსენება მოისურვა და 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული 80-90-იანების ნიუ-იორკს მიუძღვნა. რა ხდებოდა მაშინ ნიუ-იორკში? კელვინ კლაინის ჯინსები, საკამათო სარეკლამო კამპანიები და მინიმალიზმი. მოდაში მინიმალიზმი ფართოდაა გავრცელებული და არაპროფესიონალის თვალით ყველას მიდგომა იდენტურია, თუმცა ამ მხრივ აღიარებულ დიზაინერებს ძალიან გამორჩეული ხელწერა აქვთ. ჟივანშის ახალ კოლექციაში მხოლოდ კელვინ კალინი, ან რალფ ლორენი არ იჩენს თავს, სახეზე ფილი ფაილოს სელინის ესთეტიკაცაა, რაც ყველაფერს კიდევ უფრო გაურკვეველს და აბსურდულს ხდის.

ერთია გქონდეს მრავალფეროვანი შთაგონების წყარო იმიტომ რომ საკუთარ ხედვას მოარგო და მეორეა, როცა ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ ყოველ 6 თვეში ახალი კოლექცია გაქვს შესაკერი და არ იცი რა მიმართულებით გსურს სიარული. არაფერი მეტყველებს დიზაინერის სისუსტეზე ისე, როგორც ჩამოუყალიბებელი ხედვა.

Vogue
Vogue
Vogue
Vogue

კოლექცია სრულად – Givenchy S/S 2020