VETEMENTS – მა 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან პირველი ნაწილის გაყიდვაში გამოსვლა დააანონსა. კოლექციის სახელწოდება არის ანტისოციალური. ჩვენება 2019 წლის იანვარში პარიზში მოეწყო. 5 დღის წინ ონლაინ გიგანტის, ნეტაპორტერის ოფიციალურ საიტზე კოლექციიდან ერთ-ერთი მაისური სიურპრიზის სახით გაყიდვაში ნაადრევად გამოჩნდა და ერთ დღეში პირველი „დროფი“ მთლიანად გაიყიდა. ამ სიახლეში არაფერია გასაკვირი, თუმცა გამორჩეული პროდუქტის მნიშვნელობის კარგი მაგალითია.

დაახლოებით ერთი კვირის წინ შემოგთავაზეთ სტატია, სადაც ვწერდი, რომ თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ქართველი დიზაინერების კოლექციებში გამორჩეული პროდუქტის ნაკლებობა იყო.პროდუქტი,რომელიც:
1. ბრენდში დიზაინერის ხედვას წარმოადგენს. 
2. გამოირჩევა კოლექციაში წარმოდგენილი სხვა პროდუქტებისგან. 
3. არის სწორ დროს სწორ წარმდგენზე მორგებული.

დარწმუნებით შემიძლია დავწერო, რომ ვეტმანის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ჩემთვის დემნა გვასალიას ყველაზე ცუდი ნამუშევარია. მიუხედავად ამისა, “Overpriced” მაისურის წარმატებაში ეჭვი არ შემპარვია, რადგან თავიდანვე ნათელი იყო, რომ სწორედ ეს მაისურია კოლექციის გამორჩეული პროდუქტი.

ვეტმანის დაარსების დღიდან კრიტიკის საფუძველი ბრენდის ერთი შეხედვით ჩვეულებრივ პროდუქტზე ზედმეტად მაღალი ფასები იყო. „რატომ ღირს თქვენი ჯინსი 1000 დოლარი და ჰუდი 800 ფუნტი?“ ამ კითხვას დემნა და გურამ გვასალიებს ყველა ინტერვიუში ეკითხებოდნენ. მიუხედავად თავდაჯერებული პასუხებისა, ვეტმანის პროდუქტის ფასი გადაჭარბებულად მაღალი იყო და არის. ბლოგებზე, ფორუმებზე, ვოგში, თუ ფორბსში ვეტმანის დახასიათებისას “Overpriced” (ნამდვილ ღირებულებაზე უფრო ძვირი, გაზვიადებული, გადაჭარბებულად მაღალი ფასი) ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა იყო. 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე თეთრი მაისურის ხილვამ ხალხის სახეზე ღიმილი გამოიწვია. შეუძლებელი იყო თვალში არ მოგხვედროდა წარწერა, რომელიც ვეტმანის ჰუდის ირონიულად ძვირს უწოდებდა. ინტერნეტს უმალვე ჰქონდა რეაქცია, ხალხი იცინოდა და ვეტმანს თვითირონიას უწონებდა. ირონია კი ის არის რითიც დემნა გვასალია და ბრენდი ვეტმანი ცნობილია. ირონიულობა ვეტმანისთვის ისეთი ავთენტურია, როგორც შანელისთვის-ტვიდი.



ბრენდთან ავთენტური და კოლექციის სხვა დეტალებისგან გამორჩეული პროდუქტი სახეზე იყო. მომდევნო და საბოლოო ნაბიჯი სწორი წარმდგენია. მარტში რიანამ თავის დაბადების დღეზე გამოაქვეყნა ფოტო. მომღერალს “Overpriced” ჰუდის შავი ვერსია ექსკლუზიურად ეცვა. მაისურზე წარწერა ცისარტყელას ფერებში იყო დაწერილი და გადაჭარბებულად ძვირი დიდი ზომით იყო შეცვლილი. მაისურზე დატანილი დაბადების დღის მესიჯი, ირონია, ფაქტი, რომ რიანას დაბადების დღე ჰქონდა ზუსტად ასახავდა სწორ მომენტს. მხოლოდ ინსტაგრამზე ფოტოს 4 მილიონზე მეტი მოწონება ჰქონდა.

5 დღის წინ ვეტმანის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ მაისურს 37,000-ზე მეტი მოწონება და 400-ზე მეტი კომენტარი აქვს, უფრო მეტი, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენ პოსტს, რომელიც გასულ თვეში გამოუქვეყნებიათ.