ავტორებისგანდიზაინერებიკვირეულებიმსოფლიო

Men’s : შემოდგომა/ზამთარი 2019 – მიმოხილვა

5 – 20 იანვარს ევროპაში მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული გაიმართა. სეზონი: 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი.

ამ სეზონზე ბერლუტიში მორიგი დებიუტი ვიხილეთ. 2018 წელს ჰაიდერ აკერმანმა ყველასთვის მოულოდნელად ბერლუტი დატოვა. LVMH-ში აკერმანის შემცვლელად კრის ვან აშე დაასახელეს. კრისი მამაკაცის მოდაში ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სახელია. 1994 – 1998 წლებში ანტვერპენის ხელოვნების პრესტიჟულ აკადემიაში სწავლობდა. სწავლა დაასრულა და პარიზში ედი სლიმანის მთავარ ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 2007-2018 წლებში ხელმძღვანელობდა დიორის კაცის ხაზს. 2019 წლის 18 იანვარს ბელგიელის პირველი კოლექცის ვიხილეთ ბერლუტის შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში.

ბერლუტი შემოდგომა/ზამთარი 2019 (პარიზი)

ლუევეს მამაკაცის კოლექციის პირველი ჩვენება ჯონათან ანდერსონის ხელმძღვანელობით. ახალი თაობის ინგლისელ დიზაინერებში ჯონათანი პირველი იყო, რომელმაც კაცის სამოსი აქტუალური გახადა. წლების განმავლობაში ინგლისში პირდაპირ მამაკაცის ბრენდით ძალიან ცოტა ახალგაზრდა იწყებდა მოღვაწეობას. ტრადიციულად ჯერ ქმნიდნენ ქალის სამოსს, ფინანსური სიძლიერის მოპოვების შემდეგ ამატებდნენ კაცის ხაზს. ანდერსონმა საკუთარი დამოუკიდებელი პროექტი JW Anderson დაიწყო, როგორც მამაკაცის სამოსის ბრენდი.  მოდაში ხშირად აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ლონდონში ბევრი ახალბედა კარიერას მამაკაცის ბრენდით იწყებს, რაც ჯონათან ანდერსონის წარმატებას უკავშირდება. დროის საკითხი იყო როდის გადაწყვეტა ინგლისელი ლუევეში, სადაც შემოქმედებით ხელმძღვანელად უკვე 5 წელია მუშაობს, მამაკაცის შოუს მოწყობას. 2019 წლის 19 იანვარს ლუევეში კაცის პირველი შოუ ვიხილეთ.

ლუევე შემოდგომა/ზამთარი 2019 (პარიზი)

Hedi, Hedi, Hedi, Hedi, Hedi ……..

სეზონის ყველაზე განხილვადი შოუ, სადაც სინამდვილეში განსახილველი საერთოდ არაფერია. სელინის მამაკაცის პირველი ჩვენება. ერთი წლის წინ, როცა LVMH-მა სელინის შემოქმედებით ხელმძღვანელად ედი სლიმანი დაასახელა, გავიგეთ, რომ სლიმანი სელინში კუტიურის და კაცის ხაზის დამატებას აპირებდა. ჯერჯერობით ოტ კუტიურს ცალკე ჩვენება არ დაეთმო, თუმცა კაცის ხაზი შოუს სახით ვიხილეთ.

სელინი შემოდგომა/ზამთარი 2019 (პარიზი)


თუ გქონდათ იმედი, რომ ედი სლიმანი შეიძლება დაინტერესდეს კომფორტის ზონიდან გამოსვლით და სიახლე შემოგვთავაზოს, ალბათ სელინის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის შემდეგ უნდა მიმხვდარიყავით, რომ ეს არ მოხდება. სელინში მამაკაცის სამოსის პირველი ჩვენება მორიგი განაცხადია ედისგან, რომ ის არ აპირებს არაფრის შექმნას გარდა ედისა. რაც ყველაზე მთავარია, მას არც აქვს საჭიროება, რომ გამოვიდეს “Hedi doing Hedi for Hedi by Hedi” მიდგომიდან, რადგან ყიდის. თავისი პრობლემური და საკამათო ქმედებებით კი ხმაურს, მღელვარებას ქმნის. სადაც ედია, იქ დრამაც არის და მილიონებიც, ამიტომ ითხოვს და იღებს ბრენდებზე სრულ კონტროლს. მოდა ბიზნესია, ძალიან შემოსავლიანი ბიზნესი და დღის ბოლოს ყველაფერი მაინც ფულთან მიდის. არ აქვს მნიშვნელობა რას დავწერთ ჩვენ, უაშინგტონ პოსტი, თუ ვოგი, სანამ სლიმანის 5000 დოლარიანი ჯინსები (*ქანიეს უესტის აქცენტით) ტკბილეულივით იყიდება, მას არავინ შეეხება. 2018 წელს LVMH-მა გაყიდვებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. სლიმანმა სელინში ჯერ მხოლოდ მეორე კოლექცია წარადგინა და ელვიემეიჩის განცხადებაში უკვე წერია, რომ ფინანსურად Celine by Hedi Slimane ამბიციური განაცხადი და გლობალური წარმატებაა.

წლების განმავლობაში ჟივანში ქალის და კაცის კოლექციებისთვის ცალკე ჩვენებებს აწყობდა. 2017 წელს ფრანგული მოდის სახლი ქალის და კაცის შოუების გაერთიანების ტენდენციას არ ჩამორჩა. კლერ უაით კელერის ჟივანშის დებიუტი გაერთიანებული ჩვენებით ვიხილეთ, თუმცა მალევე კლერმა გადაწყვიტა, რომ კაცის ხაზი კვლავ გამოეყო და დამოუკიდებლად წარედგინა მამაკაცების მოდის კვირეულში. ყველა ლუქი და სრული კატალოგი ვოგმა გამოაქვეყნა.

LVMH-ის ტრიუმფი

4 წარმატებული დებიუტი არ ყოფილა ფრანგული კონგლომერატის დასასრული. მამაკაცი მოდელები, როგორც ქანდაკებები მოძრავ პოდიუმზე. კიმ ჯონსმა დიორში თავისი მესამე კოლექცია წარადგინა.

დიორი შემოდგომა/ზამთარი 2019 (პარიზი)

2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოდური სიახლე ვირჯილ აბლოს ლუი ვიტონის კონტრაქტი იყო. ოფ-უაითის დამფუძნებელი LVMH-ში პირველი აფრო-ამერიკელი შემოქმედებითი ხელმძღვანელია. ხმაურიანი დებიუტის, ცრემლების და ვარსკვლავების ოვაციების შემდეგ, ვიტონში ვირჯილის მეორე შოუ რა თქმა უნდა ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.

ლუი ვიტონი შემოდგომა/ზამთარი 2019 (პარიზი)

ინტერესის მაღალი დონით LVMH-ის ბრენდებს მხოლოდ ერთმა დიზაინერმა გაუწია კონკურენცია. კელვინ კლაინის აუხდენელი ამერიკული ოცნების შემდეგ, რაფ სიმონსის ახალ ჩვენებას ყველა განსაკუთრებით ელოდა. კელვინ კლაინი და რაფი უნდა ყოფილიყო თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ბრენდს და დიზაინერს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შერწყმა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

რაფ სიმონსი შემოდგომა/ზამთარი 2019 (პარიზი)

პარიზისგან განსხვავებით მილანი დებიუტებით გადატვირთული არ ყოფილა. კაპრი ჰოლდინგთან 2 მილიარდიანი გარიგების შემდეგ დონატელა ვერსაჩემ მამაკაცის კოლექცია პირველად წარადგინა. ჯანი ვერსაჩეს პრინტებით, სპორტული ელემენტებით და ქალი მოდელების სიმრავლით, ვერსაჩეში კორსაჩე ერა ჯერ არ დაწყებულა. ეს იყო ვერსაჩე ისეთი, როგორსაც დონატელამ ბოლო 6-7 სეზონია შეგვაჩვია.

ვერსაჩე შემოდგომა/ზამთარი 2019 (მილანი)



ჩინეთის გარშემო ატეხილი სკანდალიდან 2 თვის თავზე,დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ მამაკაცის ახალი კოლექციის ჩვენება გამართეს. თითქმის ნახევარ საათიანი წარმოდგენა ასზე მეტი ლუქით.

დოლჩე&გაბანა შემოდგომა/ზამთარი 2019 (მილანი)



ვეტმანის, ოფ-უაითის, გოშა რუბჩინსკის მაღალ მოდაში შეღწევიდან 5 წლის შემდეგ, მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულს პირველად ეტყობოდა, რომ მოდა მზადაა “ლაგჟერის” დაუბრუნდეს და 1000 ევროიანები ჰუდები, კედები გვერდით გადადოს. ჩემი აზრით 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ყველაზე დიდი ხიბლი სწორედ ეს იყო.

ფენდი შემოდგომა/ზამთარი 2019 (მილანი)

ერმენეჯილდო ზენია შემოდგომა/ზამთარი 2019 (მილანი)

პრადა შემოდგომა/ზამთარი 2019 (მილანი)

Kent & Curwen-ს ლონდონში ყველაზე ხმაურიანი პრეზენტაცია ჰქონდა, რაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის მფლობელის როლში დეივიდ ბექჰემი გვევლინება. 6 იანვარს ლონდონის მოდის კვირეულზე ბექჰემების ოჯახს დიორის კიმ ჯონსიც შეუერთდა.

Kent & Curwen შემოდგომა/ზამთარი 2019 (ლონდონი)

ლონდონის 3 დღიან კვირეულში აღსანიშნავი იყო ქრეიგ გრინის დაბრუნება. გასულ წელს გრინი ფლორენციაში პიტი უემოს სტუმარი იყო, ამიტომ მშობლიურ ლონდონს გამოაკლდა.

ქრეიგ გრინი შემოდგომა/ზამთარი 2019 (ლონდონი)

View this post on Instagram

Autumn Winter 19 – #craiggreen

A post shared by CRAIG GREEN (@craig__green) on

ბოლოს გთავაზობთ ჩემს 2 რჩეულს. რიკ ოუენსი და დრის ვან ნოტენი შესაძლოა ჰედლაინების და ინსტაგრამის მოწონებების რაოდენობით ზემოთხსენებულებს ვერ გაუტოლდნენ, თუმცა 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე საუკეთესო ნამუშევრები გვაჩვენეს.

დრის ვან ნოტენი შემოდგომა/ზამთარი 2019 (პარიზი)

რიკ ოუენსი შემოდგომა/ზამთარი 2019 (პარიზი)