პირველი კოლექციის წარგენიდან სამი წლის შემდეგ, 1991 წელს, მარტინ მარჯიელამ ჩვენება პარიზის მეტროს მიტოვებულ სადგურში გამართა. სივრცეს სამ ნაწილად გაყოფილი კიბის მოაჯირზე დამაგრებული 1600 სანთელი ანათებდა. 52 წლის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი Saint Martini-ის სადგური მოდის ახალი მეამბოხე მოთამაშის ასპარეზად იქცა.

1992 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის მარტინ მარჯიელა მასალის ხელახლა გამოყენების იდეას დაეყრდნო. მან სამოსი ვინტაჟური შარფების გამოყენებით შექმნა.

Photos: Ronald Stoops & Barbara Katz
მოდელების კანი ტექსტილის მოტივებით იყო მოხატული.

ყველა მოდელს თვალების შიდა კუთხეებში ბრილიანტის იმიტაციით შექმნილი ქვა ჰქონდა მიმაგრებული.

Photo: Ronald Stoops
ნოტიო, სუნიან და მისტიურ ანდერგრაუნდ სივრცეში კიბეებზე ამავალ და ჩამავალ მოდელებს დამსწრე საზოგადოება როკ კონცერტებზე ჩაწერილი აუდიტორიის ტაშის ხმის ფონზე ადევნდება თვალს.
„ყველაზე საშიში ჩვენება, რომელიც ოდესმე მინახავს არის ადრეულ ოთხმოცდაათიან წლებში დიზაინერ მარტინ მარჯიელას მიერ მოწყობილი შოუ. ის პარიზის მეტროს მიტოვებულ სადგურში გაიმართა. კიბეებზე უნდა ვმდგარიყავით და მოდელებს ჩვენთვის ჩაევლოთ. მთელი სივრცე სანთლებით გაენათებინათ, მოდელებს გრძელი ფრიალა კაბები ეცვათ და გრძელი თმა ჰქონდათ — თითქოს უბედურება უნდა მომხდარიყო! ბოლიდის მომენტი! შიშის განცდა მქონდა, მაგრამ რაღაც ამაღელვებელის წინაშე უძლურება გონებაში მრჩება: ერთდროულად შემარძრწუნებელი და მშვენიერი იყო…“ – ნიკ ნაითი

ეს იყო ჩვენების ჩატარების სრულიად განსხვავებული მიდგომა, რომელმაც ამ მიმართულებით ნიადაგი გაარღვია და სხვა დიზაინერები დამატებითი პერსპექტივების არსებობაზე დააფიქრა. მარჯიელას მთელი ფილოსოფია სწორედ ახალი გზების მოძებნას გულისხმობს, რაც ყველაფერში გამოიხატება, რასაც აკეთებს. მან საკუთარი თავიც კი განსხვავებულად წარუდგინა საზოგადოებას – მაშინ, როდესაც სელებრითების კულტურას საფუძველი ეყრებოდა, სუპერმოდელების ერა იწყებოდა და დიზაინერები ვარსკვლავები ხდებოდნენ, მარჯიელა ჩრდილში შევიდა, მისი პიროვნება უხილავი გახდა და მხოლოდ თავისი შემოქმედებით განაგრძო საუბარი.