არსებობენ მოდის ფოტოგრაფები და არსებობს სტივენ მეიზელი. მისი გავლენა უსაზღვროა. ხშირად ამბობენ, რომ სტივენი ყველა სხვა დანარჩენისთვის ნიადაგს ამზადებს. როგორც ლინდა ევანჯელისტამ წლების წინ განაცხადა, ის იმდენად შთამაგონებელია, რომ “რასაც იტალიურ ვოგში ვხედავთ, ორი თვის შემდეგ პოდიუმზეა წარმოდგენილი.”
მიუხედავად იმისა, რომ მეიზელის ფოტოები არაერთ მნიშვნელოვან გამოცემაში დაბეჭდილა, ამერიკელ ფოტოგრაფს სწორედ იტალიურ ვოგთან აქვს უპრეცედენტო თანამშრომლობის ისტორია. ფრანკა სოცანის მთავარი რედაქტორობის პერიოდში, 2015 წლამდე, ორი ათწლეულის განმავლობაში ‘მოდის ბიბლიის’ იტალიური გამოცემის ყველა გარეკანი სტივენის გადაღებულია. ეს ჟურნალი მისთვის ასევე იყო პლატფორმა, რომლის საშუალებითაც თავის ობიექტივში შეეძლო მოაქცია თემები, რომლებიც მანამდე მსგავსი ფორმით პრიალა ფურცლებზე არავის ეხილა.
“ჩემი ფავორიტი ედითორიალები ისინია, რომელთა საშალებითაც რაღაცის თქმის შესაძლებლობა მომეცა,” – ამბობს სტივენი 032c-სთვის მიცემულ თავის ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში. “შავი ნომერი, სელებრითების დამცინავი ედითორიალი, პაპარაცის სტილის, ფსიქიატრიული კლინიკის ფოტოსესიები, ისინი, რომლებიც ფიქრს მოითხოვენ; უნდა ითქვას, რომ ყველა მათგანი წინააღმდეგობრივობით გამოირჩევა. ეს არ არის იმის მიზეზი თუ რატომ მომწონს ისინი, არამედ ის ფაქტი, რომ იმაზე მეტს გვთავაზობს, ვიდრე ლამაზ ქალს თვალისმომჭრელ კაბაში. მე ესეც მომწონს, მაგრამ რაღაცის თქმის მცდელობაც ჩემს მიზანს წარმოადგენს.”
პანდემიის პერიოდში უამრავი მაგალითი ვიხილეთ, როცა მოდური ჟურნალების საშუალებით სერიოზულ თემებზე საუბარი აქტიურად დაიწყეს. თუ ამ ნომრებს კიდევ ერთხელ გადავხედავთ, შეუძლებელი იქნება მეიზელის გენიალურობაში კიდევ ერთხელ არ დავწმუნდეთ. უახლოეს წარსულში მოწმეები გავხდით, რომ რედაქტორებს, ფოტოგრაფებსა თუ სტილისტებს თითქოს დაავიწყდათ თავიანთი სამოღვაწეო სფერო და მწვავე საკითხები მოდისთვის გვერდის ავლით დაგვანახეს. სტივენს შეეძლო პრობლემა ისე წარმოეჩინა, რომ მოდელის სხეულზე ტანსაცმლის საუცხოო დიზაინიც შესამჩნევი ყოფილიყო.
მისი სითამამე ხშირად გამხდარა კამათის საგანი. მეიზელი არ ერიდებოდა სოციალური თუ პოლიტიკური ხასიათის მქონე სენსიტიური თემების ჩვენებას, შერჩეულ ფორმას კი არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყოლია.
განსაკუთრებით მწვავე გამოხმაურება ჰქონდა იტალიური ვოგის 2007 წლის ფოტოსესიას, სახელწოდებით “Make Love Not War,” რომელიც The Guardian-მა ასე დაახასიათა: “ყველაზე გულისამრევად უგემოვნო მოდური ფოტოები.”
ერაყის ომით შთაგონებული ედითორიალი, ბრძოლის მოედანზე სიბინძურესა და ტალახში ამოსვრილი სამხედრო პირებისა და მოდელების ინტერაქციას ასახავს. კრიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ამ პროვოკაციული ფოტოებით მეიზელმა ომის მიმზიდველად ქცევა, განდიდება და შელამაზება სცადა, რასაც თავად ასე უპასუხა:
“მძულს ომი. მისი შელამაზება არ მიცდია. ვერ ვიტან ძალადობას. ვგმობ ძალადობას ქალების მისამართით. მის წინააღმდეგ განცახდების გაკეთებას ვცდილობდი, მაგრამ მაინც ყველა ამბობს, რომ ჩემთვის ეს მისაღებია? თუ ხალხს რაღაცას წინ დაუდებ, შეიძლება შეამჩნიოს. ამ შემთხვევაში მოწოდება უნდა გაეგოთ: “ნუ აკეთებთ ამას! შეწყვიტეთ!” ყველა თავისებურად ახდენს რაღაცების ინტერპრეტირებას. მისთვის სხვა მნიშვნელობა მქონდა მინიჭებული. მე უბრალოდ სარკე მაღლა აღვმართე.”
Vogue Italia სექტემბერი 2007
“Make Love Not War”