დიზაინერებიკვირეულებიმსოფლიო

Haute Couture: 2019 წლის გაზაფხული / ზაფხული – მიმოხილვა

Valentino Couture. Photo by Ambra Vernuccio for W Magazine.
Fashionholics Online

პარიზში ოტ კუტიურის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი დამთავრდა. დღეს კუტიურიეების ერა არ არის, ინფლუენსერები იპრყობენ მსოფლიოს, თუმცა კვირეული კვლავ ტარდება. თვალი გადავავლოთ ახალ სეზონს, რომელიც 21-24 იანვარს პარიზში გაიმართა.

პირველი დღის ტოპ ბრენდი – DIOR. ძალიან რთულია ცირკის თემაზე ამხელა რესურსებით შექმნა შოუ, რომელიც მოსაწყენი იქნება, თუმცა მარია გრაცია ქიურიმ ამ დალავებას თავი კარგად გაართვა. ქიურის ხელმძღვანელობით დიორის ათზე მეტი კოლექცია ვიხილეთ და ყველაზე დასამახსოვრებელი პროდუქტი კვლავ თეთრ მაისურზე დაპრინტული ფემინისტური სიტყვებია. ეს ფაქტიც კარგად აჩვენებს დიორის მდგომარეობას.

დიორი 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული ოტ კუტიური

კვირეულის პირველ დღეს ვიხილეთ სკიაპარელის და ირის ვან ჰერპენის კოლექციებიც. ირისის კოლექციები გულგრილს არავის ტოვებს, არც 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული ყოფილა გამონაკლისი. ჩემთვის ირისის პრობლემა მისი პროგნოზირებადი ხედვა და ხელწერაა. სკიაპარელი ტრადიციულზე დატვირთული იყო,ალესანდრო მიკელეს გუჩის კუტიური ასეთი იქნებოდა, თუმცა სულის გარეშე.

სკიაპარელი 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული ოტ კუტიური

ირის ვან ჰერპენი 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული ოტ კუტიური

მეორე დღე დაიწყო შანელით, გაგრძელდა არმანით და დასრულდა ჟივანშით. 1982 წლის შემდეგ შანელის პირველი ჩვენება კარლ ლაგერფელდის გარეშე. ფრანგული მოდის სახლის განცხადებიდან გავიგეთ, რომ ლეგენდარული გერმანელი დიზაინერი თავს სუსტად გრძნობს. რა არის გასაკვირი იმაში, რომ 85 წლის კაცი თავს სუსტად გრძნობს? უკვდავი არავინაა და არც კარლია ახალგაზრდა, მაგრამ ჩემს წარმოდგენაში ნებისმიერი დიზაინერი შეიძლება წავიდეს მოდიდან კარლის გარდა. უახლოეს წარსულში პირველად დავფიქრდი, მოდა ლაგერფელდის გარეშე, ნუთუ ეს დღე მართლა დგება?

შანელი 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული ოტ კუტიური

84 წლის ჯორჯო არმანი კარლთან ერთად ყველაზე ასაკოვანი კუტიურიეა კვირეულში. არმანის ახალი კოლექცია ფერებით გამოირჩეოდა.  ყველაზე შესამჩნევი წითლის და ლურჯის კომბინაცია იყო. ჩვენებას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. წინა რიგი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც კოლექცია. უმა თურმანი, სელინ დიონი, ქალები, რომლებსაც არმანი აცმევს და წარადგენს საკუთარი ბრენდის ელჩებად. დაჯილდოებების სეზონია, თავისუფლად შემიძლია წარმოვიდგინო ჯორჯოს ახალი კოლექცია წითელ ხალიჩებზე.

Armani Privé S/S 2019 HC

არმანი პრაივი 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული ოტ კუტიური

გაურკვეველი გრძნობები მაქვს კლერ უაით კელერის ჟივანშის მიმართ. 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის არაჩვეულებრივი იყო. ამ სეზონზე უფრო მეტის მოლოდინი მქონდა დიზაინერისგან, რომელიც შარშან ბრიტანეთში საუკეთესოდ დაასახელეს. კლერის პირველი კოლექციის შემდეგ პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მეორე, მესამე, მეოთხე ჩვენებებით გვანახა, რომ ჟივანშიში უფრო გაუმართლათ, ვიდრე დიორში. ახალ კოლექციაში ბევრი ლამაზი დეტალია, ძვირფასი ხარისხი, მაგრამ ამაღელვებელს ვერაფერს ვხედავ ადუთ აკეჩის აღნაგობის გარდა.

ჟივანში 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული ოტ კუტიური

23 იანვარს კვირეული მარჯიელას ჩვენებით განახლდა. დასანანია, რომ ჯონ გალიანოს ნიჭი მარჯიელას სახელით ასე იფლანგება. ამ სეზონზე ყველაფერს გარემოც დაემატა. მარჯიელა არის ის, რაც ჯონს გადარჩენაში და თავისი საქმისადმი სიყვარულის შენარჩუნებაში ეხმარება, ამ თანამშრომლობაში მხოლოდ ეს მახარებს. დაახლოებით იგივე ითქმის ჟან პოლ გოტიეზეც. გოტიეც თავისი კარიერის იმ ეტაპზე იმყოფება, როცა აქვს უფლება აკეთოს ის, რაც ახარებს. თუნდაც ეს იყოს მორიგი პროგნოზირებადი თეატრალური წარმოდგენა კოკო როშათი და ანა კლივლენდით.

მარჯიელა 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული “ართისანალი”

https://www.youtube.com/watch?v=IUwEvnUR6LU

ჟან პოლ გოტიე 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული ოტ კუტიური

ვიქტორ & როლფის ახალი კოლექცია არის კუტიური ინსტაგრამის ერაში. კოლექცია, რომელსაც ერთი შეხედვით შეატყობთ,რომ ინტერნეტის კულტურისთვის არის განკუთვნილი. კაბები რამდენიმე საათში იქცა მიმების წყაროდ, მათ შორის ყველაზე სახალისო და საინტერესო Saint Hoax – მა შემოგვთავაზა.

View this post on Instagram

It’s called fashion sweetie!

A post shared by Saint Hoax (@sainthoax) on

2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სიახლეს წარმოადგენს ოლივერ რუსტანის პირველი ოტ კუტიურ ჩვენება ბალმანისთვის. თითქოს ბიონსეს ბალმანის საკონცერტო კოსტუმები არ კმაროდა, ოლივერმა გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფერს ცალკე ჩვენება სჭირდება. (Thank you, next!)

Balmain S/S 2019 HC

ბალმანი 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული ოტ კუტიური

პიერპაოლო პიჩოლის ვალენტინო შესაძლოა იყოს მთელ კვირეულში ერთადერთი შოუ, რომელიც ნამდვილ აღელვებას იწვევს. იტალიელი პიერპაოლო ვალენტინოს შემოქმედებით ხელმძღვანელად 2008 წელს დაინიშნა მარია გრაცია ქიურისთან ერთად. 2016 წელს,როცა მარია გრაცია დიორის პირველ ქალ შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშნეს, პიჩოლი თანამდებობაზე მარტო დარჩა და ბრენდზე შემოქმედებითი კონტროლი მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. პიერპაოლომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „არ გიწევს მიზეზების დასახელება საკუთარი ნაბიჯის ასახსნელად. არის მომენტები, როცა მიზეზებს ვერ ხსნი, მაგრამ გრძნობ, რომ ასე უნდა მოიქცე. როცა გადაწყვეტილებებს მარტო იღებ, თავს უფლებას აძლევ უფრო სიღრმეებში წახვიდე.“ მართლაც,მარიას დიორში გადასვლის შემდეგ  სიღრმეებში წავიდა, ზედმეტი განმარტებების გარეშე ენდო საკუთარ გრძნობებს და შედეგად მივიღეთ ოტ კუტიურ კვირეულის ერთადერთი რელევანტური ბრენდი.

Valentino S/S 2019 HC

ვალენტინო 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული ოტ კუტიური

ტრადიციულად მაღალი მოდის კვირეულში ახალი კოლექციები წარადგინეს ისეთმა დიზაინერებმა, როგორებიც არიან: ზუჰაირ მურადი, ალექსანდრ ვოტიე, ელი სააბი, ჯამპატისტა ვალი. ამ დიზაინერებს ერთი საერთო აქვთ. ახალ განაცხადს თითქმის არ აკეთებენ, მათი ხედვა საღამოს კაბების ესთეტიკაზე დგას და სტაბილურად მისაღებია. ამ სეზონზე სააბი და ვოტიე კვლავ გამორჩეულები იყვნენ.

ელი სააბი 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიური

ალექსანდრ ვოტიე 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული ოტ კუტიური

Tags : featured