ბოლო დროს ვირტუალური პროდუქტის გაყიდვები განსაკუთრებით პოპულარულია. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა აუქციონის სახლმა, Christie’s თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოაწყო ციფრული ხელოვნების აუქციონი. მხოლოდ ვირტუალურ სივრცესთან თავსებადი პროდუქტებით, როგორც ჩანს, მოდის სამყაროშიც დიანტერესდნენ. ამ მხრივ, ერთ-ერთი ნოვატორი იტალიური მოდის სახლი, Gucci აღმოჩნდა. ბრენდი ვირტუალურ სპორტულ ფეხსაცმელს 12 დოლარად ჰყიდის.

უფრო კონკრეტულად, ვირტუალური პროდუქტი სინამდვილეში ერთგვარი ფილტრია, რომელიც დამატებული რეალობის (Augmented Reality) გრაფიკულ ავატარს ზუსტად მოარგებს ბოტასის ციფრულ ანალოგს. ვირტუალური ფეხსაცმლის შეძენა გუჩის მობილური აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. მოდის სახლი მომავალში, მსგავსი ტექნოლოგიით ლიმიტირებული კოლექციის შექმნასაც გეგმავს. საინტერესოა, ვირტუალური პროდუქტის შეძენის თანამედროვე სქემაც – ასეთ შემთხვევაში, კომპანიები თუ აუქციონის სახლები, ფიზიკური ან კრიპტოვალუტის ნაცვლად, უნიკალურ ტოკენებს იყენებენ, რომელიც NFT-ის სახელით არის ცნობილი. NFT უნიკალური კოდის მატარებელი ციფრული სერთიფიკატია, რომელიც ვირტუალური პროდუქტის მფლობელს გადაეცემა და ამ გზით ადასტურებს საკუთრების უფლებას. NFT გამოყენება ბოლო დროს ხშირი ტენდენციაა. მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება უფრო და უფრო მეტი ინდუსტრიის გაციფრულების პროცესის თანმდევი მოვლენაა. რაც შეეხება მოდას, საერთაშორისო პრესაში აღმოაჩენთ არაერთ სტატიას, რომელიც ამ ინდუსტრიის მომავალზე საუბრისას, ვირტუალური ტანისამოსის ტრენდსაც განიხილავს. ქსელების გავლენის მოპოვებასთან ერთად, არ არის გამორიცხული ახლო მომავალში ბრენდებმა მართლაც შექმნან კოლექციები, რომელსაც არა მხოლოდ გრაფიკულ ავატარზე, არამედ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე, ადამიანების ტანზე მორგებულსაც ვიხილავთ.