2011 წლის 17 აპრილს, ტელეარხ HBO-ზე, ჯორჯ მარტინის რომანის – “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” მიხედვით გადაღებული სერიალის პირველი ეპიზოდი გავიდა. სატელევიზიო შოუმ, პრემიერიდან მალევე, მაყურებლის უდიდესი აუდიტორია მოიპოვა. თავდაპირველად, სერიალს მხოლოდ ეპიკური ჟანრის მოყვარულები ელოდნენ, თუმცა მალევე, GOT სატელევიზიო შოუების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და მღელვარების გამომწვევი პროექტი გახდა. მას უყურებდა განსხვავებული გემოვნებისა და ასაკის მაყურებელი, მასზე წერდა ყველა – დაწყებული კინო მიმომხილველებიდან, დასრულებული პოლიტიკაზე ორიენტირებული ონლაინ გამოცემებით.
მრავალი ჯილდოს მფლობელმა სერიალმა, რვა წლის განმავლობაში, რვა სეზონი წარმოადგინა და ფენომენალურ მოვლენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მსახიობი სატელევიზიო აუდიტორიამ პირველად სწორედ ამ სერიალში იხილა, მათი სახელი მალე მთელმა მსოფლიომ იცოდა. GOT-მა, სატელევიზიო სერიალების ისტორიაში, იმაზე მეტი რამ შეცვალა, ვიდრე, ჯერ კიდევ ათი წლის წინ, მაყურებლები, მედია ან შესაძლებელია, თავად შემქმნელები ელოდნენ. პროექტმა სერიალების ყურების ახალი კულტურაც კი დაამკვიდრა.
“სამეფო კარის თამაშების” სიუჟეტური ხაზის განვითარებაზე, პესონაჟების ტრანსფორმაციასა და გადაღების მასშტაბებზე უკვე არაერთხელ დაიწერა. GOT არის სერიალი, რომელმაც ერთი ეპიზოდის გადაღებაზე დახარჯული ბიუჯეტით სატელევიზიო ინდუსტრიის რეკორდიც კი მოხსნა. Game Of Thrones-ის ესთეტიკის შექმნაში, ისევე როგორც სხვა სერიალების გადაღებებისას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს კოსტიუმებს. თუმცა, ეპიკური ფენტეზის შემთხვევაში, დიზაინერები კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. აღსანიშნავია, რომ “სამეფო კარის თამაშებში” ასახული პერიოდი კაცობრიობის ისტორიის არც ერთ მონაკვეთს არ მიეკუთვნება, შესაბამისად, კოსტიუმების დიზაინი რომელიმე ეპოქის მიხედვითაც ვერ შეიქმნებოდა. ამას ემატებოდა სიმბოლური მნიშვნელობები – ყოველი სეზონის, ყოველი ეპიზოდის და სცენის განმავლობაში, გმირების ჩაცმულობა იცვლებოდა და მათი იმიჯი პიროვნულ ტრანსოფრმაციას გამოხატავდა. თვალსაჩინოებისათვის, საკმარისია გავიხსენოთ დეინერის ტარგარიანის, სერსეი ლანისტერისა და სანსა სტარკის იმიჯის მკვეთრი ცვლილება, რომელიც სრულ კონტრასტს ქმნის მათ პირველსა და უკანასკნელ გამოჩენას შორის. ასევე უნდა აღინიშნოს მკვეთრად გამოხატული ესთეტიკური ხაზი, რომელსაც სერიალის გეოგრაფიული რუკის მიხედვით, სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლების ჩაცმულობაში ვხვდებით. აღსანიშნავია საგვარეულო სიმბოლოებიც – სამოსის, აქსესუარების, საბრძოლო აღჭურვილობის პატარა დეტალები, რომლებიც წარსულის საინტერესო ამბებს გვიყვება და რაც ყველაზე საინტერესოა, თითოეული პერსონაჟი, ისტორიის სიუჟეტური განვითარების მიხედვით, ორიგინალურად იცვლება.
დეინერის ტარგარიანი
დეინერისი ერთ-ერთი ის პერსონაჟია, რომელიც სერიალის მსვლელობისას საკუთარ პოზიციას, გამარჯვებებსა თუ დამარცხებებს, სამოსითა და თმის ვარცხნილობით გამოხატავდა. როცა იზრდებოდა მისი სტატუსი, იცვლებოდა სიმბოლოები მის ჩაცმულობაშიც. დეინერის ტარგარიანის იმიჯის ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ ცვლილებას ვხედავთ მაშინ, როცა ის პირველად მიდის კედლის მიღმა. თეთრი ბეწვის ქურქი წითელი დეტალებით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კოსტიუმი იყო, რომლითაც დრაკონების დედა ეკრანზე გამოჩნდა. თეთრისა და წითელის ეს სინთეზი მოსალოდნელი ბრძოლის ველის სიმბოლიკადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ შემთხვევაშიც, დეინერისის სამოსი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს როგორც თავის გვართან, ასევე დრაკონებთან. თუმცა, ის ესთეტიკურად ნამდვილი ჩრდოლოეთის ბუნებას, მკაცრ კლიმატსა და ლანდშაპტსაც ეხმიანება. სიმბოლურია ისიც, რომ ეს არის იგივე სამოსი, რომლითაც დეინერისი ვინტერფელში შედის.
სერსეი ლანისტერი
სერსეი ლანისტერი ძალაუფლების სიყვარულითა და დაუნდობლობით პირველი სეზონიდანვე გამორჩეული პერსონაჟი იყო. მიუხედავად ამისა, პირველი ხუთი სეზონის განმავლობაში, ფორმალურად, ამ ძალაუფლების მიღმა იდგა – საკუთარი ინტერესების გატარება უწევდა, როგორც მეფის ცოლს, მეფის დედას, მეფის მრჩევლის შვილს… მე-6 სეზონის ბოლოს კი, ვესტეროსის ტახტზე ავიდა. ამ მოვლენას მისი დაუნდობელი შურისძიება უძღვოდა წინ. მეფედ კურთხევისას, სერსეი სრულიად ახალი იმიჯით იხილა მაყურებელმა. ეს არის მომენტი, როცა მას აღარ გააჩნია სისუსტეები, შესაბამისად, თავისუფალია ემოციური კავშირისაგან. დამცირების შემდეგ, ტახტზე ასვლისა და ძალაუფლების ერთპიროვნული მოპოვებისას, მისი საინაუგურაციო სამოსი ყველა დეტალში საბრძოლო მზადყოფნას გამოხატავს. გენდერულად სინთეზური კოსტიუმის დემონსტრირებით, სერსეი ხაზს უსვამს თავის მიზანს – ის აპირებს იყოს მეფე და არა – დედოფალი.
ჯონ სნოუ
ჯონ სნოუ GOT-ის მაყურებელთა უმრავლესობის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია. შესაძლოა, მისი პოლიტიკური სტრატეგია აუდიტორიის უკმაყოფილებას ხშირად იწვევდა, მაგრამ სნოუს გმირს გამოკვეთილად დადებითი შეგვიძლია ვუწოდოთ, რაც სერიალის სხვა პერსონაჟების შეფასებისას, საკმაოდ იშვიათია. ჯონი მორალურ ღირებულებებს მიჰყვება სერიალის პირველი ეპიზოდიდან ბოლომდე, პარალელურად კი, მისი ხასიათის სიმტკიცე იმატებს. ერთგული მებრძოლიდან ლიდერი ხდება, რომლის მნიშვნელობა, სასწაულებრივად გაცოცხლების შემდეგ, კიდევ უფრო იმატებს. ვერ ვიტყვით, რომ სნოუ GOT-ის ყველაზე მოდური პერსონაჟია, თუმცა, მას თავისი სტილი მაინც აქვს, რომელიც მე-7 სეზონიდან კიდევ უფრო თვალაჩინო ხდება. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ნედ სტარკის ბასტარდი პირველად ჩადის მეფის სავანეში და დეინერისთან ერთად, სერსეი ლანისტერს პირისპირ ხვდება. ჯონ სნოუ, როგორც პერსონაჟი, თავისუფალია ეგოსგან, ის არ ცდილობს ძალაუფლების დემონსტრირებას, თუმცა, სერსეისთან შეხვედრისას, სამოსით მაინც ახმოვანებს მესიჯს – მისი ვიზუალი არის ნათელი გზავნილი იმისა, რომ ნედ სტარკის შვილია. შესაძლოა არაკანონიერი, თუმცა, მასში მამის ხასიათი ჭარბობს და ამით ამაყობს. ჯონის კოსტიუმი ნედ სტარკის გამოჩენას გვახსენებს, თუმცა, დეტალებით, სნოუ კედლის გუშაგების დამახასიათებელ ელემენტებსაც ატარებს.
სანსა სტარკი
სანსა სტარკი იმ პერსონაჟებს შორისაა, რომლებმაც ყველაზე დიდი პიროვნული ტრანსფორმაცია განიცადეს. შეიძლება ითქვას, რომ პირველ სეზონში, მისი სახით პრეტენზიული და ახირებული ბავშვი წარმოგვიდგა, რომელიც ყველაზე შორს იყო ჩრდილოელი ხალხის ბუნებისაგან. თუმცა, სერიალის დასრულების შემდეგ თუ შევაფასებთ სრულ სურათს, რთულია გავიხსენოთ გმირი, რომელიც საკუთარი ხალხის და ვინტერფელის ისეთი ერთგული აღმოჩნდა, როგორიც – სანსა. ყველაზე დიდი განსაცდელის დროს, სანსა სტარკი ფრაგმენტულად ამჟღავნებდა გონიერებას. შეიძლება ითქვას, რომ ის სტარკებს შორის, ყველაზე კარგი მოსწავლე აღმოჩნდა, რომელმაც ყველა პერსონაჟისაგან მნიშვნელოვანი ღირებულებითი ცოდნა მიიღო და საბოლოოდ, პოლიტიკურად მოაზროვნე მმართველადაც იქცა. მართალია, სანსა, დღემდე, სერიალის ბევრი მაყურებლისათვის არც იმდენად საყვარელი პერსონაჟია, თუმცა მისი, როგორც გმირის ტრანსოფორმაცია, ისტორიის შემქმნელების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარია. მიუხედავად დეინერისთან დიდი დაპირისპირებისა, ამ ორ გმირს შორის გარკვეული სახის მსგავსებები არსებობს – მაგალითად, ორივე მათგანის შემთხვევაში ბედისწერა, განვლილი ცხოვრება და გამოცდილება კოსტიუმების სიმბოლოებით ვლინდება. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მომენტი სანსა სტარკის გამოჩენაა ვინტერფელის ლედის ამპლუაში. მისი სამოსი, თმის ვარცხნილობა გარკვეულ ასოციაციურ კავშირს ქმნის კეტლინ სტარკთან – ადამიანთან, რომლის ღირებულებები და ცხოვრების სტილი სანსასთვის პირველ სეზონში თითქოს არც იმდენად მისაბაძია, თუმცა, საბოლოოდ, ყველაზე დიდ მაგალითად და ინსპირაციად ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სეზონებში, გმირი აღარ გლოვობს მშობლებს, დედასთან მისი ურთიერთობა კი თავიდანვე ძალიან ზედაპირულია, სერიალის ფინალურ ეპიზოდებში, მის ყოველ გამოჩენაში იგრძნობა კეტლინ სტარკის აჩრდილი, რომელსაც თავად სანსა ატარებს საკუთარი მეხსიერებით. ეს ყველაფერი კი, კოსტიუმების სიმბოლოებით საინტერესო ფორმით არის გადმოცემული, რაც დიზაინერების სრულყოფილი მუშაობის შედეგია.
ეურონ გრეიჯოი
ეურონ გრეიჯოი არ გამოირჩევა ღირსებითა და სწორ მხარეზე ბრძოლის გადაწყვეტილებებით – ის დაუნდობელია. ნარცისული ბუნება გრეიჯოის ყველა გადაწყვეტილებაში კარგად ჩანს. თუმცა, რაც ამ პერსონაჟს ნამდვილად აქვს, თავისუფალი, დაუმორჩილებელი ბუნება და გაბედულებაა. გრეიჯოის არ ეშინია სიკვდილის და მარტივად შეუძლია საკუთარი უპირატესობის დამტკიცების გამო, იმ მიზანზე თქვას უარი, რომლის გამოც ერთი შეხედვით ბევრი რამ დათმო. ეურონის ნარცისული ბუნება კარგად ჩანს მის სტილში – შეიძლება ითქვას, რომ ეურონ გრეიჯოი ეპიკური ისტორიის ერთადერთი როკსტარია, რაც კოსტიუმების დიზაინის თითოეულ დეტალით არის ხაზგასმული.
მისანდეი
მისანდეი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პერსონაჟია. მან ცხოვრების უმეტესობა მონობაში გაატარა, თუმცა, შინაგანი თავისუფლება და ადამიანის უფლებების აღქმა ძალიან დიდი დოზით აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მისანდეი GOT-ის ყველაზე დიდი ფემინისტია. მის და დეინერისის ცხოვრებას შორის დიდი მსგავსებაა – თავდაპირევლად, ორივე მათგანი კაცების მსახურებისათვის გაწირეს. მიუხედავად ამისა, მისანდეი მეტად გაწონასწორებული და ცნობიერი ადამიანია – არ ადარდებს დიდი პოლიტიკური თამაშები, თუმცა, დეინერისის ერთგულების გამო, ბოლომდე მის გვერდით დგას. მისანდეი სწორედ ამ ერთგულ სამსახურს შეეწირა და შეიძლება ითქვას, რომ მისი სიკვდილი აღმოჩნდა ის მომენტი, რომელმაც პეპლის ეფექტით გამოიწვია სერიალის ისეთი დასასრული, როგორიც ვიხილეთ. მისანდეის ჩაცმის სტილი კარგად გამოხატავს მის თავისუფლებას. თუკი სერიალში პირველად გამოჩენისას, პერსონაჟის ყელზე მონის სტატუსის აღმნიშვნელი ჯაჭვი ვიხილეთ, განთავისუფლების შემდეგ, მისი ყოვედლღიური ჩაცმულობა ლაღი და მინიმალისტურია. ამ იმიჯით, თითქოს, მუდმივად ინარჩუნებს კავშირს თავის მშობლიურ სახლთან – ზაფხულის კუნძულებთან, რომელიც მაყურებელს არასდროს უნახავს, თუმცა, მისანდეის მაგალითით კარგად იცის, თუ როგორი თავისუფლების მოყვარული ხალხი ცხოვრობს იქ.
ბრიანა ტართელი
ჯონ სნოუს და მისანდეის მსგავსად, ბრიანა ტართელიც ერთგულებით გამოირჩევა. ის საკუთარ ღირსებას ყველაფერზე მაღლა აყენებს და სჯერა იმ მორალური ფასეულობების, რომელიც ვესტეროსში ასეთი იშვიათია. ამის ნათელი მაგალითია მისი დამოკიდებულება ფიცის მიმართ, რომელიც გარდაცვლილ კეტლინ სტარკთან აკავშირებს. ბრიანა ვიზუალურად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟია. ის პირველად მეორე სეზონში ვიხილეთ – ანდროგენული გარეგნობის მეომარი ქალი აბჯარში. ამ სცენიდანვე კარგად ჩანდა მისი ფიზიკური სიძლიერე და მორალური სიმტკიცე, რომელიც ბრიანამ სერიალის ბოლომდე შეინარჩუნა.
მარჯერი ტაირელი
მარჯერი ტაირელი, მრავალი სეზონის განმავლობაში, მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევდა თავისი გონიერებით, ცბიერი ხასიათითა და დიპლომატიით. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი დედოფლობა და ამისათვის მზად იყო ჯოფრი ბარათეონს გაჰყოლოდა ცოლად. მიუხედავად იმისა, რომ მარჯერიმ ყოველთვის კარგად იცოდა ჯოფრის სისასტიკის შესახებ, განზრახული ჰქონდა თავისი გამჭრიახობით ემართა ის, თუმცა, ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მარჯერის სტრატეგიას კარგად გამოხატავს მისი ჩაცმულობა მეფის სავანეში ჩასვლის შემდეგ. თამამი ხასიათით, მარჯერი ცდილობს ჯოფრის და სერსეის თავი მსხვერპლად არ წარმოუდგინოს და მაქსიმალურად ლაღი განწყობა შეინარჩუნოს, რაც ურთიერთობაში სიმსუბუქეს შეიტანს. მან კარგად იცის, რომ ჯოფრისთან თანაცხოვრებისას, გადარჩენის ერთ-ერთი იარაღი მომავალი ქმრის მოხიბვლაა, ამიტომ საკუთარ სექსუალურობას და სამეფოს ეტიკეტისადმი დაუმორჩილებლობას ვიზუალური სტილით ორაზროვნად გამოხატავს. უნდა აღინიშნოს, რომ მარჯერის კოსტიუმები თავისი საგვარეულოს სიმბოლოებსაც გამოკვეთს და ეს არ არის შემთხვევითი – ერთი შეხედვით ბუნებრივი და უწყინარი დემონსტრაციული ხასიათით, მარჯერი ტაირელი მდიდარი ოჯახის შთამომავლის სტატუსს უსვამს ხაზს. ამ გზით, სამეფო კარის წევრებს ყოველდღე ახსენებს თავის მემკვიდრეობას, რაც ასე ძალიან სჭირდებათ ლანისტერებს ვესტეროსის მართვისათვის.