2018 წლის მაისში Next Models  -ის ინსტაგრამზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე ამერიკელი მოდელის, გრეის ელიზაბეტის შესახებ მნიშვნელოვან სიახლეს გაამხელდნენ. თუ მოდელის კარიერულ სიახლეს სააგენტო რამდენიმე დღით, ან კვირით ადრე აანონსებს, ეს ნიშნავს, რომ  საქმე რიგით სარეკლამო კამპანიასთან არ გვაქვს, არამედ – კონტრაქთან, რომელსაც შეუძლია მოდელის კარიერა, სტატუსი, ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. გრეისის სიახლეზე ანონსს სპეკულაციები მოჰყვა. „კოსმეტიკური კონტრაქტი გააფორმა, სხვა რა უნდა იყოს?“ ასეთი იყო უმრავლესობის აზრი, როდესაც ნექსთის განცხადება გავრცელდა. თუ თქვენ ახალი „ფეშენჰოლიკი“ ხართ, ალბათ გიჩნდებათ კითხვა, როდესაც მსოფლიოში ამდენი ტანსაცმლის ბრენდია, რატომ ივარაუდა ყველამ, რომ გრეისის მნიშვნელოვანი კარიერული სიახლე აუცილებლად კოსმეტიკურ ბრენდს უკავშირდებოდა? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. Beauty Contract ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება  მოდელის კარიერაში მოხდეს.

რა ხდის მას ასეთ მიმზიდველს?

-ხანგრძლივობა

-ხილვადობა

-შემოსავალი

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ტანსაცმლის ბრენდები სახეებს უფრო ხშირად ცვლიან, ვიდრე კოსმეტიკური კომპანიები. ამ ბიზნესში მუშაობენ გოგონები, რომლებსაც სეზონზე 8 ბრენდის რეკლამაში იღებენ, თუმცა არცერთ მათგანთან ბრენდთან ასოცირდებიან, რადგან ბილბორდებზე საკმარისი დროით არ რჩებიან. დოუცენ კრუსი 10 წელზე მეტია ლორეალის სახეა, კრისტი ტორლინგტონის მეიბელინის კონტრაქტი 20 წელს ითვლის, ქეროლაინ მერფი 15 წელია ესტე ლაუდერს წარადგენს. თითქმის წარმოუდგენელია ტანსაცმელს 10, 15 ან 20 წელი ყველა სეზონზე ერთი სახე ჰყავდეს. მაღალი მოდის ბრენდებში სახეები ტანსაცმელთან ერთად იცვლებიან. კოსმეტიკური კონტრაქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე ხანგრძლივი ხასიათია. თანამშრომლობის ხანგრძლივობა მოდელის კარიერას უფრო მყარს ხდის.

კოსმეტიკური კომპანიების რეკლამებში აქცენტი სახეზეა, მაღალი მოდის ბრენდებში – სხეულზე, რადგან ეს უკანასკნელი ტანსაცმლის გაყიდვას ემსახურება და ხშირად მოდელის სახე ნაკლებად აღელვებთ. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოდელი ხდება გუჩის, მუგლერის, პრადას, ან სან ლორანის წარმდგენი, თუმცა პოსტერზე ჩანთა უფრო ჩანს, ვიდრე მოდელის სახე.

სამოსის მწარმოებელი ბრენდები ახალ კამპანიებს ფოტოებით და მნიშვნელოვანი მოდური პრესის დახმარებით ავრცელებენ. კოსმეტიკური კომპანიები პროდუქციის გამოშვებას ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოფესტივალებით, დაჯილდოებებით და სხვა კარგად გაშუქებადი ღონისძიებებით აპიარებენ. მაგალითისთვის ირინა შეიკის კამპანიები განვიხილოთ. რუსი 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ვერსაჩეს ტანსაცმლის და მარკ ჯეიკობსის კოსმეტიკის რეკლამებშია. ვერსაჩეში ირინას როლი გადაღებაზე მისვლა და პოზირება იყო.  “Marc Jacobs Beauty” -ს კონტრაქტით ირინას პრესასთან ურთიერთობაც ევალება, ამიტომ შეხვდა ჟურნალისტებს და ჯეიკობსის სილამაზის და თავის მოვლის პროდუქციაზე ისაუბრა.

ლორეალი კანის კინოფესტივალის მნიშვნელოვანი პარტნიორია. თუ ნიუ-იორკიდან პარიზამდე ყველა მოდის კვირეულს და სარეკლამო კამპანიას მხოლოდ მოდით შეპყრობილი ადამიანები ათვალიერებენ, კინოფესტივალებს ისეთი ადამიანებიც ადევნებენ თვალს, რომლებსაც მოდა არ აინტერესებთ. პრესასთან ურთიერთობით, ხშირი სატელევიზიო გამოჩენებით, წითელი ხალიჩებით და სახეზე აქცენტის მქონე რეკლამებით მოდელს კოსმეტიკურ კამპანიებში უფრო დიდი ხილვადობის შანსი ეძლევა. ვინაიდან მოდელი სილამაზის და თავის მოვლის საშუალებების ბრენდთან უფრო დიდი ხნით და ბევრს მუშაობს, ანაზღაურებაც შესაბამისია. რთულია დაასახელო ტოპ მოდელი, რომელიც ფორბსის ან Models.com-ის მდიდარი მოდელების წამყვან პოზიციებზე მოხვდა და ბიუთი კონტრაქტი არ აქვს.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ კოსმეტიკური გიგანტის სახე გახდე? ამ გოგონებს ერთი საერთო აქვთ, ყველა გამორჩეულად ლამაზი სახის პატრონია.

ემილი დიდონატო მეიბელინის რეკლამაში

ბიანკა ბალტი ლორეალის რეკლამაში

გრეის ელიზაბეტი ესტე ლაუდერის რეკლამაში