In Vogue: The 1990s’ – პოდკასტების სერიაა, რომელიც ამერიკული ვოგის ორგანიზებით სექტემბრიდან მოდაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ დეკადას გვახსენებს. პარალელურად, Vogue Runway – ზე ამ ათწლეულში გამართული იმ მნიშვნელოვანი ჩვენებების ფოტოები ქვეყნდება, რომელთა სრულად ხილვაც აქამდე ციფრულად შესაძლებელი არ ყოფილა. ერთ-ერთი ასეთი Ann Demeulemeester – ის 1998 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაა, რომლის ჩვენებაც 1997 წლის ოქტომბერში პარიზში გაიმართა.

ენი ანტვერპენის ლეგენდარული ექვსეულის ერთ-ერთი წევრია. მისი შემოქმედება პოეტურობით, სიღრმით, ემოციურობით და, ამავდროულად, პრაქტიკულობით ხასიათდება. პოდკასტში მან თავისი ერთ-ერთი გამორჩეული კოლექცია „Corps Humain“ (ადამიანის სხეული) გაიხსენა და აღნიშნა, რომ მასზე მუშაობა დადაიზმზე, მარსელ დიუშანზე ფიქრით დაიწყო. შემდეგ მისი გონება ალენ გინსბერგის პოემა Footnote to Howl – ზე გადაერთო, რომლის გამოყენებითაც პატი სმიტს სიმღერა – „Spell” ჰქონდა შექმნილი.

„მისი მოსმენა ერთგვარი მაგიური მომენტი იყო,“ – ამბობს დიზაინერი. „ეს პოემა ყველაფერს ეხება — მართლა ყველაფერს — რასაც holy გულისხმობს. სხეულის დადაისტურ იდეაზე უკვე ვმუშაობდი, შემდეგ ამ სიტყვის უეცარმა გამოჩენამ და ყველაფერმა, რაც მას ეხება, მთელი ჩემი სამუშაო მოიცვა.

ამ ჯაჭვმა მომხიბლა: ალენ გინსბერგი პოემას ქმნის, 20 წლის შემდეგ კი მას მსოფლიოს პატი სმიტი სთავაზობს. ვიფიქრე, მშვენიერი იქნებოდა თუ ამ ბმას გავაგრძელებდი და იმ მესიჯს წარვუდგენდი ჩემს აუდიტორიას, რომელმაც ასე გამიტაცა. შეყვარებული ვიყავი ამ პოემაზე.“

ჩვენება კირსტენ ოუენმა ენის შვილთან ერთად დახურა, რომლის მაისურზეც კოლექციის მთავარი იდეა, სიტყვა იკითებოდა – holy.

Ann Demeulemeester გაზაფხული/ზაფხული 1998 – „Corps Humain“