ხვალ ევროპაში მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული იწყება:

7 – 10 ივნისი : ლონდონის (კაცის სამოსის) მოდის კვირეული
11 – 14 ივნისი: პიტი უომო (ფლორენციაში)
14 – 17 ივნისი: მილანის (კაცის სამოსის) მოდის კვირეული
18 – 23 ივნისი: პარიზის (კაცის სამოსის) მოდის კვირეული

მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული წელიწადში ორჯერ ტარდება. გაზაფხული/ზაფხულის სეზონი ივნისში, შემოდგომა/ზამთარი-იანვარში. ქალის კვირეულისგან განსხვავებით, ევროპაში მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული ძირითადი 3 ქალაქის (ლონდონი, მილანი, პარიზი) გარდა კიდევ ერთ ლოკაციაზე ტარდება. პიტი უომო მსოფლიოში კაცის მოდასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.  ამ სეზონზე პიტი უომოს სტუმარი ქვეყანა ჩინეთია. ფლორენციაში წარმოდგენილი იქნება ჩინელი დიზაინერების სამოსი. გასულ წელს პიტის სტუმარი ქვეყნის სტატუსი საქართველოს ხვდა წილად. მაღალი მოდის სტუმარი ბრენდი ჟივანში იქნება. კლერ უაით კელერი პიტიზე პირველად წარადგენს ჟივანშის კოლექციას. ფლორენციაში ვიხილავთ სალვატორე ფერაგამოს შოუსაც.

ჟივანში 2019

ლონდონში ბრიტანული მოდის საბჭოს და სეულის მოდის კვირეულს შორის შეთანხმება შედგა, რაც გაცვლით პროგრამას გულისხმობს. ერთი ბრიტანელი დიზაინერი კოლექციას სეულში წარადგენს, ხოლო ერთი კორეული ბრენდი – ლონდონში. დებიუტანტი კორეული ბრენდი, რომელსაც ამ სეზონზე ლონდონის კაცის მოდის კვირეულზე ვნახავთ არის Münn. კორეელთან ერთად მნიშვნელოვანი მომენტი ექნება ბულგარელ დიზაინერ კიკო კოსტანდინოვს, რომელიც ხვალ ლონდონში კვირეულს გახსნის. რაც შეეხება ბრიტანელ დიზაინერებს, ქრეიგ გრინი 11 ივნისს მოაწყობს ჩვენებას, ხოლო ალექსანდრ მაკქუინის სარა ბარტონს პრეზენტაცია კვირა დილით ექნება.

მილანში ყველაზე დიდ სიახლეს პრადას განრიგიდან გამოთიშვა წარმოადგენს. მიუჩია პრადა კაცის სამოსის შოუს დღეს შანხაიში აკეთებს. კვირეულის გახსნის პატივი კვლავ ერმენეჯილდო ზენიას ხვდა წილად. განრიგში არიან იტალიური მოდის სხვა ცნობილი ბრენდებიც:  ვერსაჩე (15 ივნისი), ფენდი (17 ივნისი) და ჯორჯო არმანი (17 ივნისი).

ედი რედმეინი პრადას კამპანიაში

მიუხედავად იმისა, რომ ჟივანში პიტი უომოზე იღებს მონაწილეობას, ფრანგულმა მაღალი მოდის პალატამ მაინც გამორჩეულად ძლიერი შემადგენლობა გამოაქვეყნა. ამ სეზონზე პარიზში მოდის კვირეულზე ვიხილავთ ნიუ-იორკის მოდის ახალ ფავორიტ ბიჭს, სანდერ ლაკს (ბრენდი სის მარჟანი). კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ: ვალენტინო (19 ივნისი), რაფ სიმონსი (19 ივნისი), ოფ-უაითი (19 ივნისი), CFDA-ს 2019 წლის კაცის სამოსის კატეგორიაში გამარჯვებული რიკ ოუენსი (20 ივნისი), ბალმანი (21 ივნისი), დიორი (21 ივნისი). 23 ივნისს კვირეულს დახურავს ედი სლიმანის სელინი. პარიზში 20 ივნისს ჩვენებას გამართავს დემნა გვასალიაც, თუმცა უკვე რამდენიმე სეზონია ვეტმანი ოფიციალური კალენდრის მიღმა აწყობს შოუებს.

პარიზში მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ, მოდის დედაქალაქში ოტ კუტიურ მოდის კვირეული დაიწყება.

Tags :