ისტორიულად მოდის ინდუსტრია განსხვავებული სექსუალური იდენტობის და ორიენტაციის ადამიანების მიმართ ტოლერანტული იყო, თუმცა წარმატებული ტრანსგენდერი მოდელები გასული ათწლეულის აღმოჩენაა, განსაკუთრებით ტრანსგენდერი კაცები, რომლებიც კიდევ უფრო იშვიათები იყვნენ, ვიდრე ქალები.

თვალი გადავავლოთ 5 მოქმედ წარმატებულ ტრანსგენდერ მოდელს.

Teddy Quinlivan

მოდელების საერთაშორისო რეიტინგში ტოპ 50 მოდელში მოხსენიებული ტედი ქუინლივანი პოდიუმზე მომენტის ყველაზე წარმატებული ტრანსგენდერი სახეა. ტედი 2015 წელს აღმოაჩინეს. ის ლუი ვიტონის ექსკლუზიური მოდელი გახდა. მაშინ მისი სექსუალური იდენტობა ცნობილი არ იყო. ქუინლივანის დიდი აღიარება 2017 წელს შედგა. გასულ წელს ტედი ისტორიაში შევიდა, როგორც შანელის კოსმეტიკის ხაზის პირველი ტრანსგენდერი სახე.


Valentina Sampaio

ვალენტინა სამპაიო ბრაზილიაში დაიბადა. ვალენტინამ სამოდელო კარიერა 2014 წელს დაიწყო. 2017 წლის თებერვალში ბრაზილიელი გახდა პირველი ტრანსგენდერი მოდელი, რომელიც პარიზის ვოგმა გარეკანზე დაბეჭდა. 2019 წელს სამპაიო კიდევ ერთხელ შევიდა ისტორიაში, ის ვიქტორია სეკრეტის პირველი ტრანსგენდერი მოდელი გახდა. გარდა ვოგის და ვიქტორია სეკრეტისა, ვალენტინას კონტრაქტი აქვს კოსმეტიკის გიგანტთან, ლორეალთან.


Hunter Schafer

ჰანტერ შაფერის შესახებ საზოგადოების უმრავლესობამ სერიალ ეიფორიადან გაიგო. სერიალში ჯულსი, რეალურ ცხოვრებაში მარჯიელას, დიორის და მიუ მიუს ტოპ მოდელია.


Nathan Westling

ნეითან უესტლინგი ამერიკაში 1996 წელს დაიბადა, როგორც ნატალი უესტლინგი. მისი სამოდელო კარიერა 2014 წელს დაიწყო. 5 წლის განმავლობაში, ნეითანმა, როგორც ნატალიმ, ცნობილი ბრენდების დიდ ნაწილთან ითანამშრომლა. ის იყო პრადას, შანელის, მარკ ჯეიკობსის სახე და ჟან პოლ გოტიეს ექსკლუზიური მოდელი. 2019 წელს უესტლინგმა სქესი შეიცვალა. ამერიკელმა მოდაში მუშაობა კვლავ გააგრძელა, თუმცა 2019 წლიდან ის მონაწილეობას იღებს მამაკაცის კოლექციების ჩვენებებში და მოღვაწეობს, როგორც მამაკაცი მოდელი.


Krow Kian

ტედი ქუინლივანის ისტორიის მსგავსად, ქროუ კიანის კარიერაშიც დიდი აღიარება ლუი ვიტონის შემდეგ დადგა. 23 წლის მოდელმა ლუი ვიტონის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება გახსნა. ის იყო პირველი ტრანსგენდერი კაცი, რომელმაც ასეთი მაღალი დონის შოუ გახსნა.