ერთი კვირის წინ, კაპრი ჰოლდინგმა 2019 წლის ბოლო მეოთხედი შეაჯამა. პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ მაიკლ კორსის გაყიდვები 5.1% შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ კორსს სანერვიულო ჯერ არაფერი აქვს, რადგან ბრენდი კაპრის ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესის სტატუსს ინარჩუნებს, ახალი კოლექციით ცხადია, რომ ამერიკელმა დიზაინერმა 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ჩვეულებრივზე მეტი იფიქრა. შედეგად ძალიან სასურველი და კომერციულად მომგებიანი 70 ლუქი წარმოგვიდგინა.

Michael Kors შემოდგომა/ზამთარი 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული – 2020 წლის თებერვალი.

კომფორტული, ეს ერთ-ერთი პირველი სიტყვაა, რომელიც ამერიკული მოდის ხსენებისას გვახსენდება და ტრადიციულად, სპორტულ სამოსთან ვაიგივებთ, მაგრამ მაიკლ კორსის ახალი კოლექცია ევროპული გაგებით კომფორტულია, რაც მას მიმზიდველს ხდის. ნაცრისფერი, შავი, ყავისფერი  გრძელი და თბილი ქურთუკები, პლედები, ჩექმები, ბზინავი კაბები, ბეწვი, ტყავი წარმოდგენილი ხის მყუდრო ლოკაციაზე, ქანთრი მომღერლის მუსიკის ფონზე. ეს ზუსტად ისაა, რაც ნებისმიერი ადამიანის შემოდგომის გარდერობში სასურველი და საჭიროა.

დეტალები

ვიდეო


2 წლიანი პაუზის შემდეგ, ქეით და ლორა მულევები ნიუ-იორკის მოდის კვირეულში დაბრუნდნენ. იმის ფონზე,თუ რამდენად ხშირად დგება ამერიკაში ნიუ-იორკის ცენტრალურ მოდის კვირეულად შენარჩუნების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს არ არის სიახლე, რომელსაც დღესდღეობით მოდურ პრესაში ბევრჯერ წაიკითხავთ. როგორც წესი, დიზაინერები ტოვებენ ნიუ-იორკის მოდის კვირეულს კვირეულს და არა პირიქით. რატომ დაბრუნდნენ დები ახლა? ეს კითხვა არაერთხელ დაისვა, თუმცა დამაინტრიგებელ პასუხს ნუ დაელოდებით. მიზეზი ქეითის და ლორას კოლექციისადმი ხედვაა. ისინი დაბრუნდნენ, რადგან გრძნობდნენ, რომ 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის ნიუ-იორკი ყველაზე სწორი ადგილი იყო.

Rodarte შემოდგომა/ზამთარი 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული – 2020 წლის თებერვალი.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიკამათოთ, რამდენად სწორია ნიუ-იორკში კოლექციით დაბრუნება მაშინ, როდესაც CFDA-ს პრეზიდენტიც კი ჩვენების გასამართად სხვაგან მიდის, უდავოა, რომ წმინდა ბართოლომეს ტაძარი როდარტეს ახალი კოლექციისთვის იდეალურად შერჩეული ადგილი იყო.

როდესაც ბელა ჰადიდი პოდიუმზე კოპლებიანი თეთრი კაბით გამოჩნდა, გაგიჭირდებოდათ დაჯერება, რომ ჩვენება 2020 წლის ამერიკაში ტარდებოდა. კოლექცია იყო კლასიკური როდარტე რომანტიკით და ბევრი ყვავილით, თუმცა ტრადიციულზე დრამატული, თეატრალური და მუქი.

მაკიაჟი

ვიდეო


მინიმალიზმის მახასიათებლებიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ის შეიძლება უინტერესო იყოს და ეს სწორედ ისაა, რასაც ყველაზე ხშირად მოისმენთ მათი მხრიდან, ვინც ოლსენების ბრენდს პესიმისტურად უყურებს, თუმცა მინიმალიზმის წარმოჩენა ისეც შეიძლება, რომ მნახველს აოცებდეს, სასიამოვნო განცდას და მეტის ნახვის მოლოდინს ბადებდეს. ექსტრავაგანტულობა არ არის აღტაცების გამოწვევის აუცილებელი პირობა. მინიმალიზმსაც შეუძლია აღგვაფრთოვანოს. მოდის ისტორიას არაერთი ასეთი კოლექცია ახსოვს.

The Row ჩემს აღტაცებას არ იწვევს, თუმცა 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია სიამოვნების განცდას მანიჭებს.

The Row შემოდგომა/ზამთარი 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული – 2020 წლის თებერვალი.