მოდაში სექსზე საუბარი არასდროს ყოფილა იმდენად რთული და „სახიფათო,“ როგორც ახლა, #MeToo მოძრაობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ. სექსუალობაზე აშენებული ბრენდების დიდი ნაწილი ჩვენს თვალწინ იშლება. ინდუსტრიაში დრამატული ცვლილებების ფონზე, ტომ ფორდი ერთადერთი აღიარებული ფიგურაა, რომელიც ძლიერ არის დაკავშირებული ქალების სექს ობიექტებად წარმოჩენასთან, თუმცა #MeToo ერას „გადაურჩა.“ ფორდი ის დიზაინერია, რომელმაც გუჩის ლოგო მოდელის ინტიმური ადგილის თმისგან თავისი ხელით დახატა, სუნამოს ბოთლი კი პირდაპირ მოდელის ვაგინაში მოათავსა. რთული დასავიწყებელია სან ლორანის სუნამო “OPIUM”-ის კამპანიაც, რომელშიც ფორდმა სოფი დალი, 23 წლის ჟღალთმიანი მოდელი შიშველი გადაიღო. 948 საჩივარი დიდი ბრიტანეთის რეკლამების ზედამხედველთა კომისიაში სამი კვირის განმავლობაში საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ თამამი ფოტოს განთავსება ქვეყნის ქუჩებში აეკრძალათ. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ რაც უფრო თამამი და სკანდალურია ტომ ფორდი, როგორც შემოქმედებითი ხელმძღვანელი, იმდენად კარგი რეპუტაციის მქონეა ტომ ფორდი, როგორც პიროვნება.

ტომის ესთეტიკაში ვულგარულობა გამაღიზიანებლად დიდი დოზით არასდროს ყოფილა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფორდის წარმოჩენილი ქალი არასდროს ყოფილა ვულგარული. დიახ, კრიტიკოსები ხშირად მართლები იყვნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ ფორდი პოდიუმზე „მდიდარ მეძავებს“ აცმევდა, მაგრამ ტომის გარშემო ყოველთვის ძალიან კარგი რეპუტაციის ქალები და ოჯახები იდგნენ. მას ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ჯულიენ მურთან, ბიონსესთან და ჯეი ზისთან, ტომ ჰენქსთან და რიტა უოლსონთან, სტელა მაკარტნისთან. მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმზე თამამი და საკამათო ცხოვრების სტილის მქონე ქალების იმიჯს ხშირად გვთავაზობდა, ტომის ოჯახის გვერდით არასდროს გვინახავს სკანდალური სელებრითები, რომლებსაც მყარი და საზოგადოების უმრავლესიბისთვის დასაფასებელი ოჯახები არ აქვთ.

წლების განმავლობაში ფორდი თავად იყო საკუთარი თავის მუზა. შავგრემანი, კარგი აღნაგობით და სიმპატიური სახით, ფორდი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის თანაბრად სასურველი სექს ობიექტია. ნიჭთან ერთად თავისი გამორჩეული გარეგნობაც გაყიდა. ის შესაძლოა იყოს პირველი დიზაინერი, რომელიც „სელებრითი“ გახდა. ხალხს მხოლოდ მისი ფეხსაცმელი არ აინტერესებდა, არამედ – რას ჭამს დილით, ვის ხვდება, როგორ ატარებს შაბათ-კვირას. ჩვენ ვერ ვნახავთ ინტერვიუს, სადაც ნიკოლა ჟესქიერი, ან ედი სლიმანი თავის პირველ სექსუალურ გამოცდილებაზე ყვებიან, მაგრამ ვიცით რა ერქვა ტომ ფორდის პირველ მამაკაცს, ისიც ვიცით სად და როდის ჰქონდა კაცთან და ქალთან პირველი სექსი. ვიცით, რადგან ამის შესახებ თავად საუბრობდა. ის კამერების წინაშე თავადაც დგებოდა შიშველი და პრესას სალაპარაკოს არ აკლებდა, მაგრამ რამდენადაც ღია და პროვოკაციული იყო საჯაროდ, იმდენად ერთფეროვანი პირადი ცხოვრება ჰქონდა. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ რაც საზოგადოებაში სექს სიმბოლოდ ჩამოყალიბდა, მისი სექსუალური ცხოვრება უფრო „მოსაწყენი“ გახდა. 35 წელია ტომის გვერდით არავინ გვინახავს რიჩარდ ბაქლის გარდა. ბაქლი, რომელიც 24 წლის ასაკში გაიცნო და როგორც ამბობს, ერთი ნახვით შეუყვარდა.

ხშირად ფილმის პერსონაჟს გვაგონებს, რომლის თავდაჯერებულობაც ბრენდში დასაქმებულ 300 კაცს ჰყოფნის, თუმცა მასთან მუშაობა ადვილი არ არის. პერფექციონისტია, ქედმაღალი, პატივმოყვარე, მაგრამ თავის ნიჭიერ კოლეგებს ყოველთვის  დიდ ტრამპლინს აძლევდა. მაშინ როდესაც ნიკოლა ჟესქიერი დემნა გვასალიას სალანძღავი პოსტების მოწონებით არის დაკავებული, ტომი ალესანდრო მიკელეს საჯაროდ უცხადებს მხარდაჭერას. დიახ, მან 2000-იან წლებში თავის ყველაზე დიდ კონკურენტებს შემოქმედებითი თავისუფლება და ფინანსური მხარდაჭერა მისცა. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ რამდენადაც ქედმაღალი და პატივმოყვარეა, იმდენად მხარს უჭერს ნიჭიერ კოლეგებს.

წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი ტომის საქმიანობას, ცხოვრებას და ყოველთვის მაოცებდა პარადოქსები, რომლებიც ტომ ფორდის გარშემო არსებობდა. 2019 წელს ტომი ნამდვილად არ არის ის, ვინც 1994 წელს იყო. ახლა 58 წლის კაცია, რომელსაც შვილი და მეუღლე ჰყავს, მაგრამ ტომ ფორდის პერსონა სექსს და კლასს კვლავ არაჩვეულებრივი ბალანსით ინარჩუნებს.

Tags :