ირაკლი რუსაძემ სიტუაციონისტის ახალი კოლექციის ჩვენება საქართველოს მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა. შოუს ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა აფორმებდა. 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებას ვერ დავესწარი, რადგან სამუშაო დღეს პირველ საათზე იყო, თუმცა მახსოვს ირაკლის პირველი ჩვენებები თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის სადებიუტო სეზონებზე. კოლექციები დიდი ზომის სამოსით, აქცენტი კონსტრუქციაზე, უცნაური გარეგნობის მოდელები და თავად ირაკლი შავი კეპით. დემნა გვასალიას გავლენა უდავო იყო, თუმცა ირაკლი მარტო არ ყოფილა. მე ახლა 2016 წელზე ვწერ, მაშინ ნიუ-იორკიდან თბილისამდე ყველას ვეტმანის ფაქტორი ეტყობოდა.

ლუქი ირაკლი რუსაძის სიტუაციონისტის ჩვენებიდან

2016 წელს ჩვენ მოდის ყველაზე ამაღელვებელი ქვეყანა გავხდით. ყველას ყურადღება საქართველოსკენ იყო მომართული და ეს ერთმა კაცმა გააკეთა, თუმცა ეს კაცი მაშინ ძალიან განსხვავდებოდა იმისგან,ვინც დღესაა. დემნა გვასალიას კარიერაში 2016 წელი საუკეთესო იყო, პირად ცხოვრებაში პირიქით. ის ჩვენებებს გეი კლუბიდან ეკლესიაში მართავდა, ცდილობდა ბრაზს გამკლავებოდა, ეპოვა სიყვარული და საამაყო შვილი ყოფილიყო. 2016 წელს დემნა გვასალიას სამოსზე შოთა და ვაჟა არ ეწერა, არც საქართველოს დროშა იყო დაპრინტული. დემნას დრო და ენერგია დასჭირდა იქამდე მისასვლელად, რომ თავი ქართველად წარედგინა. თბილისიც მისდევდა იმას, რაც საერთაშორისო მოდაში ხდებოდა. ტრენდული იყო პოსტ-საბჭოთა ქვეყნიდან ყოფნა და ქართულ პოდიუმზეც ჩანდა წარწერები: Born in USSR, Made in USSR. სწორედ მაშინ ირაკლი რუსაძემ გამოიჩინა გონიერება და საქართველოზე კონცეტრირდა. მას უნდოდა თავის კოლექციებში საქართველო დამოუკიდებელი საქართველო ყოფილიყო და არა საბჭოთა საქართველო.

ლუქი ირაკლი რუსაძის სიტუაცინისტის ჩვენებიდან

საბჭოთა სიგიჟემ მოდაში ჩაიარა. გვასალიამ ახალი თავი საქართველოსთვის მიძღვნილი ჩვენებით დაიწყო და 2018 წლის ივლისში მოაწყო ჩვენება, რომელზეც საქართველოში ყველაზე ბევრს საუბრობდნენ. დღეს ქართული ანბანი მოდაში ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ახალ სეზონზე წარმოდგენილი იყო ქართული დროშა კაბის სახით, ქეთო და კოტეს პრინტები, ქართული დამწერლობა საყელოებიდან სნიკერებამდე. დღეს რუსაძე ნამდვილად აღარ არის ერთადერთი ქართველი დიზაინერი, ვინც MBFW-ზე ქართულ მოტივებს იყენებს, თუმცა ის როგორღაც პირველი აღმოჩნდა, რომელმაც საბჭოთა მოდის სიგიჟის დროს ქართულის წინ წამოწევა სცადა.