მას შემდეგ, რაც საფრანგეთის სილამაზის და პარფიუმერიის ასოციაციის ოფიციალური განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის მრავალმილიარდიანი სილამაზის ინდუსტრიისთვის მთავარი პარტნიორი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად, ჩინეთი გახდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მოდის ინდუსტრიის მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აზიაზე, კერძოდ კი, ჩინეთზე.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მსოფლიოში, ერთადერთი რეგიონი, სადაც ძვირადღირებული ტანისამოსის სეგმენტის ზრდა შეიმჩნევა, ჩინეთია. სწორედ ამით შეგვიძლია ავხსნათ მასშტაბური ღონისძიებები, რომლებიც კოვიდ 19-ის პარალელურად, ჩინეთში დაიგეგმა. საკმარისია გავიხსენოთ Louis Vuitton -ის და Dior -ის კოლექციების ჩვენებებიც, რომლებიც ფიზიკურად წარმოდგენილი აუდიტორიის წინაშე მოეწყო, მაშინ, როდესაც ევროპაში, გამოცხადებული ლოქდაუნების გამო, მოდის კვირეულების ზედიზედ 2 სეზონი ციფრულად ჩატარდა.
ნათელია, რომ ბრძოლა ჩინეთის ბაზარზე ლიდერობისთვის აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა როგორც უახლესი კვლევიდან ვიგებთ, ჩინელი მყიდველისთვის ყველაზე სასურველი კვლავ ისტორიული ფრანგული ბრენდებია.
Agility Luxury Brand Affinity -მა ჩინეთის 40-მდე ქალაქში ჩატარებული კვლევის შედეგზე დაყრდნობით, ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.
გაყიდვების რაოდენობით, მომხმარებელში არსებული ნდობით და მასზე გავლენით, პირველ ადგილზე, საკმაოდ დამაჯერებლად, Chanel -ის მოდის სახლი პოზიციონირდა. შანელს 12 ქულით ჩამორჩა Dior, ათეული ასე გამოიყურება : Chanel, Dior, Hermès, Lancôme, Gucci, Estée Lauder, Rolex, Cartier, Louis Vuitton, Armani.
გარდა ამისა, გასულ პარასკევს, ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ბრენდი Coach, პანდემიის შემდგომ, პირველ ფიზიკურ შოუს ჩინეთში, შანხაიში მოაწყობს. ჩვენება დაგეგმილია 3 ივნისს.