Vogue (UK) June 2018: Cara Delevingne by Steven Meisel. Stylist: Joe McKenna.

კარა დელევინი ბრიტანული ვოგის 2018 წლის ივნისის ნომრის ყდაზე. ყველაზე შთამბეჭდავი ყდა, რომელიც ედვარდ ენინფულის პირველი წლის განმავლობაში ვიხილეთ. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი გარეკანი. ალბათ გიკვირთ, რატომ შეიძლება კარა ბრიტანული ვოგის ყდაზე ვინმესთვის მოულოდნელი ყოფილიყო? 2017 წლის აგვისტოში ედვარდმა ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ალექსანდრა შულმანი შეცვალა. შულმანი ბრიტანულ ვოგში 25 წელზე მეტი მუშაობდა. არავისთვის წარმოადგენს სიახლეს, რომ ის მიკერძოებული რედაქტორი იყო. ედვარდი ვოგში ახალი მიმართულების ჩამოსაყალიბებლად შეარჩიეს. არ ველოდი, რომ ენინფული თავის პირველ წელიწადს ალექსანდრას რომელიმე ჩვეულ სახეს შემოგვთავაზებდა. გასათვალისწინებელია ფოტოგრაფიც. კარა სტივენ მეისელის ობიექტივში, კარა სტივენ მეისელის ობიექტივში! ვცდილობ გავიხსენო, ბოლოს როდის იპოზიორა დელევინმა მეისელის კამერის წინ? 8 წლის წინ? 10 წლის წინ? იშვიათი გამონაკლისების გარდა, კარა, როგორც ქეით მოსი მეისელის ობიექტივში არ ხვდება. ეს არის კარას პირველი ვოგი სტივენთან და ედვარდთან.

Vogue (Arabia) March 2018: Imaan & Iman by Patrick Demarchelier. Stylist: Michael Philouze.

არაბული ვოგის 2018 წლის მარტის ნომერი. როცა ჩვენი თაობის იმანი შეხვდა 90-იანების იმანს, რათა პატრიკ დემარშელიეს ობიექტივში ერთად ეპოზიორათ, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ შედეგად წლის ყველაზე დასამახსოვრებელ ყდას მივიღებდით. სტილისტი მაიკლ ფილოუზი გახლავთ. მაიკლის შერჩეული სამოსი ენტონი ვაკარელოს სან ლორანია. მიუხედავად იმისა, რომ ენტონის სან ლორანს ძალიან დიდი დოზით ვხედავთ მოდური ჟურნალების ყდებზე, ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა Saint Laurent by Anthony Vaccarello ამართლებს. ნომრის გადაღება ფოგოგრაფებზე ატეხილი სექსუალური შევიწროების სკანდალამდე მოეწყო,სანამ პატრიკის ლეგენდარული კარიერა დასრულდებოდა. გამიხარდებოდა დემარშელიე სუფთა რეპუტაციით, თავაწეული რომ წასულიყო ბიზნესიდან, მაგრამ თუ გარდაუვალი იყო, რაც მოხდა, კარგია, რომ იმანი & იმანი არის პატრიკის ბოლო ვოგი.

Vogue (Brazil) August 2018 Grace Elizabeth by Luigi &Iango, stylist: Pedro Sales.

ბრაზილიური ვოგის 2018 წლის აგვისტოს ნომერი,გრეის ელიზაბეტი ლუიგი&იანგოს ობიექტივში. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო ლუიგის და იანგოს პორტრეტებით, ამ ყდის მიმართ გულგრილი ვერ დავრჩი. ჟიზელ ბუნდჩენის ყდებს თუ არ ჩავთვლი, ეს შესაძლოა იყოს ბრაზილიური ვოგის გასულ 10 წლიან ისტორიაში საუკეთესო გარეკანი, რომელიც სექტემბრის თვეს იმსახურებდა. იტალიური ვოგის ყდის შემდეგ,გრეისის გამორჩეულად ლამაზი სახე ყველამ შეამჩნია, მაგრამ თუ აქამდე მაინც არსებობდა კითხვის ნიშნები გრეის ელიზაბეტის ასეთ წარმატებასთან დაკავშირებით, ამ ნომერმა ყველას გასცა პასუხი. როგორც კარინ როიტფელდმა ერთხელ თქვა, ქალი ან არის ვოგისთვის შექმნილი, ან არა. გრეის აქვს სახე,რომელიც შექმნილია ვოგისთვის და მე მზად ვარ 2019 წელსაც ვუყურო მის გამომეტყველებას ყველა წამყვანი გამოცემის გარეკანზე.

Vogue (Paris) June/July 2018 Edie Campbell by Mikael Jansson. Stylist: Emmanuelle Alt.

თუ ვოგის ნებისმიერი სხვა გამოცემისთვის სექტემბერი არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვე, ფრანგული ვოგის სექტემბერი ივნისი/ივლისია. ყოველთვის დიდი ინტერესი გვაქვს,ვინ იქნება ყდაზე, რომელიც 2 თვეს აერთიანებს. 2018 წელს გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ემანუელ ალტმა ყდაზე ბრიტანელი ტოპ მოდელი, იდი ქამბელი წარგვიდგინა. ჩემთვის ემანუელ ალტი შესაძლოა იყოს ერთადერთი მთავარი რედაქტორი, რომლის მოდელებთან დაკავშირებული ამოჩემებები არ არის დამღლელი და მოსაბეზრებელი. ალტს ჰყავს რამდენიმე რჩეული სახე და მუდამ მათ ატრიალებს, თუმცა როგორღაც ყოველთვის ახერხებს ჩემი გულის მოგებას. ფრანკა სოზანის გარდაცვალების შემდეგ, ვოგის ძირითად ოთხეულში ემანეულ ალტის პარიზის ვოგი ჩემი ფავორიტია. იდი ქამბელი კი უდავოდ ტოპ მოდელი ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. ეს არის ზაფხულის მშვენიერი ყდა,  ყველაფერი ის, რაც ემანუელ ალტისგან მინდა და ველი.

Vogue (Korea) July 2018: Luna Bijl by Hyea W.Kang. Stylist: Mijin Kim.

2018 წლის ივლისში კორეულმა ვოგმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ემანუელ ალტი არ შემცდარა, როცა ლუნა ბაილს მისცა ხილვადობის შანსი. ლუნას კარიერა ფრანგული ვოგით დაიწყო. კარიერის ვოგით დაწყება, თანაც ფრანგული გამოცემა წელიწადში ორჯერ, ამას თამამად ვუწოდებ ჯეკპოტს. გრეისის მსგავსად, ლუნას შემთხვევაშიც, ფრანგული ვოგის პირველი ყდიდან ნათელი იყო, რომ ახალი თაობის მორიგი ვოგის გოგონა გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ კორეული ვოგის 2018 წლის ივლისის ნომერი ფრანგული გამოცემის განწყობის მატარებელია და ამან განაპირობა ჩემი მოწონება. ალტის ამოჩემებული მოდელების დომინირება ალბათ იმიტომ არ მღლის, რომ თითქმის ყველა მათგანი გასული საუკუნის სუპერმოდელს ჰგავს. იდი ქამბელი ჩემთვის დღევანდელი თაობის ტვიგია, ანა ევერსი – კლაუდია შიფერი, ლუნას და გრეისს კი დაახლოებით ისეთი სილამაზე აქვთ, როგორიც კარენ მულდერ ჰქონდა. გასული საუკუნის ნოსტალგია და ფრანგული ვოგისთვის დამახასიათებელი სტილი არის ის, რაც ამ ყდასაც თან ახლავს. სწორედ ამიტომ კორეული ვოგის 2018 წლის ივლისის ნომერი მაშინვე ამომიტივტივდა გონებაში, როცა გადავწყვიტე, რომ 2018 წლის 5 ყველაზე დასამახსოვრებელი ვოგი გამომექვეყნებინა.