რთული დასაჯერებელია, რომ თითქმის 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფიბი ფაილომ სელინი დატოვა. დიზაინერს და ბრენდს შორის თანამშრომლობის დასრულება იმდენად მტკივნეული და ხმაურიანი იყო, რომ მოდის მოყვარულებში ამ სიახლით გამოწვეული გრძნობები დღემდე არ განელებულა. 3 წლის შემდეგ, მოდური პრესა პირველად ჩაეჭიდა სანდო წყაროებს, რომლებიც იუწყებიან, რომ ფაილო მოდაში დასაბრუნებლად ემზადება.

რამდენიმე ვერსია ვრცელდება, რომელთაგან რეალობასთან ყველაზე ახლოს მდგომად ფიბის მიერ საკუთარი ბრენდის შექმნა მეჩვენება. როგორც ამბობენ, ინგლისელი თავის გუნდისთვის ახალგაზრდა დიზაინერებს არჩევს და ახლა გასაუბრებების ეტაპი მიმდინარეობს. წყაროების თქმით, ფიბი ეკოლოგიურად მდგრადი ბრენდის შექმნაზეა ორიენტირებული, რაც გვინდა, თუ არა, მის ცნობილ ჯგუფელს, სტელა მაკარტნის გვახსენებს.

მაკარტნი და ფაილო ლონდონის CSM-ში მოდის დიზაინს ერთად სწავლობდნენ. ფაილო სტელას ასისტენტად მუშაობდა, როდესაც სტელა ქლოეს შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. მოგვიანებით სტელამ საკუთარ ბრენდზე კონცენტრირება გადაწყვიტა და ქლოე დატოვა. ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ფიბი ფაილო გახდა.

სტელა მაკარტნი თანამედროვე მსოფლიოში ეკო-მოდის პიონერი დიზაინერია. შესაძლოა, თუ არა ისტორია განმეორდეს და ფაილო მეორედ დადგეს იმ გზაზე, რომელიც სტელამ გაიარა: უარი თქვას ისტორიული მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობაზე, შექმნას საკუთარი ბრენდი და კონცენტრირდეს ეკოლოგიაზე. თუ წყაროებს ვენდობით, სავსებით შესაძლებელია.

მეორე ვერსიის თანახმად, ფაილოს და აზადინ ალაიას მოდის სახლს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ინგლისელი დიზაინერი ალაიას მემკვიდრეობის ღირსეულად გაგრძელებისთვის ემზადება. ლეგენდარული ალაია 2017 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ბრენდს შემოქმედებითი ხელმძღვანელი არ დაუსახელებია.