სანდო წყაროზე დაყრდნობით, WWD ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაიან ვონ ფურშტენბერგი ამერიკელი დიზაინერების საბჭოს (CFDA) თავჯდომარის თანამდებობას ტოვებს და მას ტომ ფორდი შეცვლის. დაიანი 13 წელია CFDA -ის ხელმძღვანელობს. უდავოა, რომ DVF თავაწეული დატოვებს თანამდებობას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკული მოდა სახარბიელო ვითარებაშია. პოლიტიკური მოვლენები, კელვინ კლაინის მარცხი, ყველაზე სტაბილური ამერიკული ბრენდების ევროპაში გადასვლა და გადმოსვლა, კვირეულებში ცვლილებები, ოკეანის მიღმა ძალიან რთული 5 წელი ჰქონდათ. დღეს გავრცელებულ ჭორს ველოდი, რადგან ახლა ზუსტად ის დროა, როცა ამერიკაში რაღაც უნდა შეიცვალოს.
CFDA პასუხისმგებელია 450 ამერიკულ ბრენდზე, მოდაში ყველაზე მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე, ვოგის ახალბედა ტალანტების დაფინანსების სისტემაზე და საქველმოქმედო პროექტებზე. საბჭო 1500-ზე მეტი წევრისგან შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს ამერიკული მოდის საბჭო შეიკრიბება და ახალ თავჯდომარედ ტომ ფორდს განიხილავს. ტომს დასჭირდება ხმების უმრავლესობა, რომ CFDA-ის მეთერთმეტე თავჯდომარე (პრეზიდენტი) გახდეს.