სამოციან წლებში გაჩენილმა თავისუფლების დაუძლეველმა წყურვილმა განაპირობა ცვლილებები, რომლებსაც ხალხის სურვილი უნდა დაეკმაყოფილებინა. ჩნდებიან ჰიპები, იმართება ვუდსტოკის სიყვარულის და მშვიდობისადმი მიძღვნილი ფესტივალი, როკ მუსიკა საზოგადოების რელიგია ხდება, ყალიბდება ახალი ჰოლივუდი, ახალი ტალღა.. განწყობის შესაბამისად კულტურაც განსხვავებული მიმართულებით ვითარდება და ჩნდება მოთხოვნა, რომ ეს ჩაცმულობაშიც გამოვლინდეს. ივ სან ლორანი ‘მონდრიანის კაბას’ ქმნის, ემილიო პუჩი ფსიქოდელურ პრინტს, პაკო რაბანი მეტალის კაბებს, მერი ქუანთი კი მოკლე ქვედაბოლოს და მიუხედავად იმისა, რომ ‘მინი კაბის’ ორიგინალი დიზაინერი მერი არ არის, რევოლუციური დატვირთვა სწორედ მისმა ქმნილებებმა იქონია. სილუეტები შეიცვალა, კაბები დამოკლდა, ფერების ნამდვილი ბუმი დაიწყო. თავისუფლების განცდამ მოდის ინდუსტრიაც შეარყია. მოდური ჟურნალების ფურცლებზე თუ დიზაინერების ქმნილებებში – ყველგან ჩანდა ადამიანების ლტოლვის ახალი საგანი. კულტურული რევოლუციის მძვინვარების დროს სამოდელო სფეროდან ჩნდება ლესლი ჰორნბი, იგივე ტვიგი, რომელმაც იმაზე მეტი მოახერხა, ვიდრე თავის სფეროში წარმატებული კარიერის შექმნაა, ის იმ პერიოდის კულტურულ ხატად იქცა. 40 კილოგრამი და 1.69 სმ სიმაღლის ანდროგენული შესახედაობის მქონე გოგონა ინგლისის და მსოფლიოს სუბკულტურის გამოვლინება გახდა, რომელმაც სილამაზესთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია. ინგლისელების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ბრიტანეთს უილიამ შექსპირის შემდეგ ასეთი დიდი ფიგურა არ ჰყოლია. ტვიგი თავისმა ინდივიდუალიზმა, სტილმა, განსხვავებულმა ვიზუალმა და მისი ყველა მახასიათებლის დროსთან შესაბამისობამ იმ ერთეულებს მიაკუთვნა, რომლებიც ეპოქას გამოხატავენ. V&A-ში მერი ქუანთის შემოქმედების რეტროსპექტივასთან დაკავშირებით ტვიგი იხსენებს სამოციან წლებს, პერიოდს, რომლის სიმბოლოდაც თავად ითვლება;
„1966 წელს, იმ დროისთვის, როდესაც აღმომაჩინეს მერი ქუანთს მოდაში თავისი კვალი უკვე დატოვებული ჰქონდა. მის ნამუშევრებამდე თინეიჯერებისთვის შესაბამისი სამოსი არ არსებობდა. ორმოცდაათიანი წლების გოგოებს თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ თავიანთი დედების მსგავსად აცვიათ. მან ეს შეცვალა – გზა გაუკვალა Biba-ს, რომელიც ჩემთვის უდიდესი მოდური შთაგონების წყარო იყო. 14 წლის ასაკში შაბათობით სალონში ვმუშაობდი, ჩემს ჯიბის ფულს ვინახავდი და კენსინგტონში, აბინგდონის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში მივდიოდი. ისევ დეტალურად მახსოვს ის ტანსაცმელი, რომელსაც ვყიდულობდი. ჩემი პირველი კაბა
A-ს ფორმის იყო, გაფართოებული მკლავები ჰქონდა და მუხლებამდე რამდენიმე ინჩით მაღლა მოკლდებოდა – მართლაც საკმაო დრო დასჭირდა მინი კაბებს, რომ ნამვილად ‘მინი’ გამხდარიყო – და ფუქსიის ქსოვილით იყო შექმნილი, რომელსაც ყვითელი ზიგ-ზაგები მიჰყვებოდა და საყელოზე სამი პატარა მარგალიტის ღილი ჰქონდა მიმაგრებული. ვფიქრობდი, რომ ყველაზე მშვენიერი რამ იყო მათ შორის, რაც ოდესმე მენახა.
მაშინ ჩვეულებრივი გოგო ვიყავი ნისდენში. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ერთი და იგივე უნიფორმა მეცვა ადგილობრივ გრამატიკულ სკოლაში სასიარულოდ: თეთრი მაისური, წითელი ჰალსტუხი და მუქი ლურჯი ნაკეცებიანი კაბა, რომლის გამოც ყოველთვის პრობლემა მექმნებოდა, რადგან წელამდე ვიწევდი, რათა უფრო დამემოკლებინა. ქუდიც უნდა მხურებოდა, მაგრამ, როგორც კი სკოლის სკოლის ჭიშკარს გავცდებოდი, მას ჩემს ზურგჩანთაში ვტენიდი – სანამ რომელიმე მასწავლებელი აუცილებლად უკან ამომაღებინებდა საცოდავ ძველ დაჭმუჭნილ ქუდს და ისევ მომიწევდა დაფარება. ჩემი კერპი ჯინ შრიმპტონი იყო; მისი ფოტოები ჩემი საძინებლის მთელ კედელზე მქონდა გაკრული. ვოგის ყიდვის შესაძლებლობა არასდროს მქონდა, მაგრამ ახალი ამბების სააგენტოში ვჩერდებოდი და იქამდე ვკითხულობდი მოდურ ჟურნალებს, სანამ ვინმე წასვლას არ მთხოვდა.
რაც შეეხება შაბათ-კვირას, ჩემი მშობლები ჰაროუში mod-ების კლუბში წასვლის ნებას მრთავდნენ. მხოლოდ 14 წლის ვიყავი, მაგრამ ვაკვირდებოდი რა ეცვათ უფროს გოგოებს, შემდეგ ვცდილობდი და ვაკოპირებდი. მაშინ ყველა უნივერსალურ მაღაზიას ჰქონდა გალანტერეის სექცია, მაგრამ საუკეთესოები დასავლეთის ბოლოს იყო. მივდიოდი ქსოვილის რულონების საყიდლად და შემდეგ საკუთარ სამოსს ვქმნიდი. განსაკუთრებით ერთი ღამე მახსოვს შაბათს, როდესაც ყველა გოგოს ტვიდისგან შექმნილი გრძელი კაბა ეცვა. ჩემთვის და ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის იდენტურები შევქმენი, მაგრამ როდესაც მან დედამისს აჩვენა, უთხრა, „ამას გარეთ არ ჩაიცვამ! რას იფიქრებენ მეზობლები?“ საბოლოოდ, ჩემი ქურთუკი მოვიშველიე, რომელშიც მას შეეძლო ავტობუსში გამოეცვალა. გარდა ამისა, სახლში მუდმივად ვერთობოდი მაკიაჟის კეთებით. ერთი ნაჭრის თოჯინა მქონდა, რომელსაც განცალკევებული წამწამები ჰქონდა, ამიტომ ყალბი წამწამები ვიყიდე ჩემთვის და შევქმენი ის, რაც შემდეგში ერთგვარ ‘ლუქად’ გახდა ცნობილი.
მერე მეგობარმა შემომთავაზა, რომ მოდელობისთვის რამდენიმე სატესტო ფოტო გადამეღო და მოსამზადებლად სალონში ჩავეწერე. Leonard’s-ში ვიჯექი – მეიფერის პრესტიჟულ სალონში – როდესაც თავად ლეონარდმა შემომთავაზა თმის დამოკლება, შემდეგ ბერი ლეითგანი გადამიღებდა და ფოტო სალონის კედელზე განთავსდებოდა. მაშინ ჩემი თმა ჩემს მხრებზე ეშვებოდა და შუაზე მქონდა გაყოფილი, ასე მომწონდა – მიუხედავად იმისა, რომ გაღიავებული მქონდა და სპეციფიური ფერი ჰქონდა მიღებული. ცოტა ვიყოყმანე, მაგრამ დავთანხმდი და ჩემი კარიერაც თითქმის ერთ ღამეში წარიმართა. ჩემი ფოტოს ნახვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჟურნალისტი დეიდრი მაკშერი შემხვდა და The Daily Express-ში გამოაქყვეყნა სთორი, რომელიც მახასიათებდა, როგორც ‘The Face Of ’66.’ მალევე, დიანა ვრილენდმა ამერიკული ვოგიდან გადაწყვიტა, რომ ‘წამყვანი’ ვიყავი და ჩემი ცხოვრება ქაოსმა მოიცვა.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დიდებული ფოტოგრაფები მიღებდნენ – დაწყებული რიჩარდ ავედონიდან დევიდ ბეილით და ბერტ სტერნით დამთავრებული – მეცვა ტოპ დიზაინერები, სან ლორანით დაწყებული პიერ კარდენით დამთავრებული. გულწრფელად რომ ვთქვა, ის სამოსი ნაკლებად მახსოვს, რომელიც, როგორც მოდელს მეცვა, ვიდრე თვითონ გადაღებები. განსაკუთრებით ერთი დღე მახსენდება, როდესაც ავედონთან ვმუშაობდი, მან შუბლზე მესამე თვალის მსგავსად მარგალიტის ფორმის 69 კარატიანი ჰარი უინსტონის ბრილიანტი მიმაწება. როცა ტუალეტში გასვლა ვითხოვე, მითხრეს, რომ დაცვა უნდა გამომყოლოდა. ის ახალგაზრდა გოგო გამოდგა, რომელიც უკან იჯდა და თავის პატარა ჩანთაში რევოლვერი ჰქონდა. მან კარიც კი ნახევრად ღია დამატოვებინა იმ შემთხვევისთვის თუ გაქცევას დავაპირებდი. ამან მართლა გამაცინა.
მას შემდეგაც კი, რაც საკუთარი ფულის გამომუშავება დავიწყე, გემოვნება თითქმის არ შემცვლია. ვაღმერთებდი ბილ გიბსს, რომელმაც ყველაზე ფანტასტიკური სამოსი შექმნა. ის ტანსაცმელი ისევ მაქვს, რომელიც მან ‘The Boy Friend-ის’ პრემიერისთვის გამომიგზავნა, ეს ჩემი პირველი ფილმი იყო კენ რასელთან. შესანიშნავი ნაზი შალით შეექმნა – მაღალწელიანი და მოცულობითი იყო, როგორც კოსტუმი სხვა პერიოდის ფილმში. მასზე ხელით ლურჯი ჩიტები ჰქონდა ამოქარგული და მწვანეში გადასული ლურჯი ფერის ხავერდის მოსასხამი მოჰყვებოდა, რომლის შიდა ზედაპირიც ღია ლურჯი აბრეშუმით იყო დაფარული. სიმართლე რომ ვთქვა, მთელი ჩემი გული ყოველთვის Biba-ს ეკუთვნოდა. იმ დროისთვის მის შემქნელ ბარბარა ჰულანიკისთან დავმეგობრდი, რომელიც დღემდე ჩემი სტილის ხატია. ყოველთვის, როდესაც კოლექციას ქმნიდა, ერთ რამეს ტაქსით გზავნიდა. სამოთხე. მისი ქმნილებები იმ ტანსაცმელთან ერთად მეცვა, რომელსაც კენსინგტონის ბაზარში ვპოულობდი – ღია ხავერდის შარვლებთან და ავღანურ ქურთუკებთან, რომლებსაც მართლა საშინელი სუნი ასდიოდა, როდესაც გაწვიმდებოდა. რას არ გავაკეთებთ მოდის გამო. ეს დამოკიდებულება არასდროს შეიცვლება.”