ფეისბუქის გვერდზე Demna Gvasalia Daily-ზე გავრცელდა ინტერვიუ. გუშინდელიდან მოყოლებული ქართულ სოციალურ ქსელში დაატარებენ ერთ ფრაზას, „როცა ძველი თაობა მოკვდება, მაშინ ჩავალ საქართველოში.“

Demna Gvasalia Daily არის ფან-გვერდი, რომელსაც დემნა არ მართავს. ფან-გვერდზე დადებული ინტერვიუ, რომლის ორიგინალი წყარო არ უნახავთ, როგორ შეიძლება გადააზიარო და ხალხს საჯიჯგნად შეუგდო? თან, ინტერვიუ არ მიაქვთ სრულად, რომ ხალხმა კონტექსტი გაიაზროს. ჭრიან ისე, რომ ადამიანები ააყეფონ. ასეთი გვერდები საშიშები არიან და ყველაფერ ცუდს იწვევენ. ეს ხალხი, ვინც ყეფდება, ადვილი სამართავია, რადგან წყაროს არასდროს აკვირდებიან და მარტივად ყლაპავენ ყველაფერს, რასაც მიაწვდი. შემდეგ ილანძღებიან, იწყევლებიან ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვთ რა თქვა ადამიანმა, ან საერთოდ თქვა? როგორ შეიძლება ასეთი სენსიტიური ფრაზა ამოჭრა მაშინ, როცა არ გაქვს ორიგინალი წყარო ნანახი? იქნებ საერთოდ არ წერია, რასაც ფან-გვერდი დებს? ან წერია, მაგრამ ცუდად თარგმნა? მითუმეტეს ისე შეამოკლო, რომ აღქმა რთული იყოს, რა თქვა სინამდვილეში.

წაკითხული მაქვს ორიგინალი ინტერვიუ,ახალი არ არის. საქართველოზე ჩვენების შემდეგ არის ჩაწერილი, 2018 წლის ზაფხულში. ემოციური და კარგი ინტერვიუა.

ინტერვიუში ინდუსტრიის ძველ თაობასაც აკრიტიკებს და პირდაპირ უსვამს ხაზს, რომ ასაკს არ გულისხმობს, როცა ძველ თაობას ახსენებს. ამბობს, რომ თავადაც 40 წელს უახლოვდება და ძველი თაობა უფრო აზროვნებაა, ვიდრე ციფრები. იხსენებს, რომ ვეტმანიდან ახალგაზრდებიც წასულან, რადგან ისევ “ოლდ სქულ” რეჟიმით უნდოდათ მუშაობა,ამიტომ ასაკი არაფერ შუაშია*ო*.

ინტერვიუში საუბრობს ბულინგზე, დამცირებაზე, დევნილობაზე, ომზე, მითუ მომენტზე და ჰომოფობიაზე. ყველაფერზე რისი გამოვლაც მოუწია, რაც მისი ცხოვრებაა. ქართველების ახალ თაობისთვის “აიდოლი” ვარ და ჩემთვის მათთან შეხვედრა ემოციური იყო, საქართველოში ისევ ჩავალ, როცა ძველებური წარმოდგენების ხალხი აღარ იქნება*ო*. არ უთქვამს, რომ 70 წლის ლამარა და 65 წლის ციცო მოკვდეს იმიტომ რომ ძველი თაობააო. დემნასთვის ქართველი ბებია ნორა უძვირფასესი ადამიანი იყო და თავის კარიერაში ყველაზე დიდი ჯილდო სწორედ ძველი თაობის ნორას მიუძღვნა.

ინტერვიუში ემოციურად იხსენებს აფხაზეთის ომსაც. იხსენებს, რომ მამამისი და ბიძამისი ქართულ ძალებში იბრძოდნენ. როგორ არ იცოდნენ, რომ სეპარატისტებს რუსეთის მხარდაჭერა ჰქონდათ, როგორ იმალებოდა ტყეში, როგორი ბედნიერი და კარგი ბავშვობა ჰქონდა, სანამ ერთ მშვენიერ ზაფხულს ომი არ ატყდა და ა.შ. ეს ნაწილი არც ფან-გვერდს უთარგმნია.

იგივე ხდება, რაც 2016 წელს, როცა კარიერის მწვერვალზე იყო, მაგრამ ქართული გვერდები მხოლოდ მის ნიშნობაზე წერდნენ და ხალხს საჯიჯგნად უგდებდნენ. ამიტომაც გააუქმა საქართველოში ჩამოსვლა 2016 წელს. დემნა ძალიან კარგად არის ინფორმირებული, ის ყველაფერს კითხულობს.

გვასალიას დიდი გავლენა აქვს და იმაზე მეტი ეთქმის საერთაშორისო ასპარესზე, ვიდრე ქართველი ვარსკვლავების 95%-ს. დამახინჯებული ინტერვიუებით რეიტინგის წერა სხვა ქართველი ვარსკლავებითაც შეიძლება, რომელთა ქვეყნისადმი დამოკიდებულება უმნიშვნელოა. რას იტყვის დემნა გვასალია, ამას აქვს მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის სახელისთვის, რადგან დემნას დიდი აუდიტორია უსმენს, ძალიან დიდი.