მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 1 საათია სიახლესთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სტატიას ვკითხულობ და ზუსტად მაინც ვერ ვხვდები რასთან გვაქვს საქმე, ეს ის სიტყვებია, რომლის დაწერაც უკვე 3 წელია მინდა: ალბერ ელბაზი მოდაში ახალი წამოწყებით ბრუნდება!

2015 წელს ლანვინის მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ შეეძლოთ ბრენდიდან ის დიზაინერი გაეშვათ, რომელმაც ლანვინი პრესტიჟულ ბრენდად ხელახლა შექმნა, დიზაინერი, რომელსაც ძალიან ერთგული გულშემატკივრების არმია ჰყავს. ალბერისთვის “Every Woman’s Darling” არაფრისთვის არ შეურქმევიათ, თუმცა როგორც გამოჩნდა, ლანვინის მფლობელების გარდა, ამას ყველა ვხვდებოდით. ბრენდი გაკოტრდა და 4 წელში 4 დიზაინერი გამოიცვალა, თუმცა უშედეგოდ.

ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების თანადგომამ და ფანების ერთგულებამ ელბაზს ლანვინთან განშორების შედეგად გამოწვეული დეპრესია გადაატანინა და 4 წლის შემდეგ მზად არის, რომ ახალ წამოწყებას უხელმძღვანელოს.

ალბერ ელბაზი ლანვინისთვის

დღეს გავრცელდა სიახლე, რომ ალბერი Richemont -თან თანამშრომლობით ქმნის კომპანიას, რომლის სახელია AZFashion, Alber Elbaz Fashion. Richemont შვეიცარიაში დაფუძნებული კონგლომერატია, რომელიც რამდენიმე ცნობილ ბრენდს ფლობს, მათ შორის: Azzedine Alaïa -ს, Cartier – ს და Chloé – ს. ალბერმა ახალ კომპანიას თავისი „ოცნების ქარხანა“ უწოდა. კომპანიის ოფიციალურ განაცხადში AZFashion-ზე საუბარია, როგორც სტარტაპზე, რომელიც ოცნებებს რეალობად აქცევს. ჯერ დეტალები უცნობია, არ ვიცით როდის ვიხილავთ სადებიუტო კოლექციას, როგორი სახით, ან რომელ მოდის კვირეულზე, მაგრამ სახელიც, პრეს-რელიზი და ზოგადად ანონსი არ ჰგავს ახალი მოდური ბრენდის ტიპურ წარდგენას.

ლანვინიდან წამოსვლის შემდეგ ელბაზი თავის რთულ დეპრესიაზე საუბარს არ ერიდებოდა. ვფიქრობ, მისი მიზანი აღარ არის რომელიმე დიდ კუტიურ ბრენდში შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა.  როგორც ჯონ გალიანო წლების წინ, ახლა ალბერიც კარიერის იმ ეტაპზეა, როდესაც დიორი, ან შანელი აღარ არის მისი მიზანი, უბრალოდ სურს კვლავ იპოვოს ბედნიერება და სინათლე იმ საქმეში, რომელიც ძალიან უყვარს და ბრწყინვალედ გამოსდის.