პრაიდის თვესთან დაკავშირებით, ტანისამოსის, კოსმეტიკის და თავის მოვლის ცნობილი კომპანიები ახალ კოლექციებს გვთავაზობენ. პრაიდის თვეს, სხვადასხვა ქვეყანაში, განსხვავებულ დროს აღნიშნავენ, თუმცა მას შემდეგ, რაც 2000 წლის 2 ივნისს, ბილ კლინტონმა ოფიციალურად სცნო ივნისი ლგბტ+ პარადის თვედ, ივნისი არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ გლობალურად, მოიაზრება, როგორც წელიწადის ის დრო, როდესაც ადამიანები დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ღიად ერთიანდებიან. თვალი გადავავლოთ რამდენიმე ბრენდს, რომლებიც 2021 წლის პრაიდის თვეს აღნიშნავენ.

Savage x Fenty

რიანას თეთრეულის ბრენდმა პრაიდთან დაკავშირებული კოლექცია პირველად წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ კოლექცია რიანას საქველმოქმედო ფონდთან, Clara Lionel Foundation-თან თანამშრომლობით შეიქმნა. გაყიდვებისგან მიღებული თანხის ნახევარს, ფონდი ლგბტ + ადამიანების უფლებების დასაცავად და გასაუმჯობესებლად გამოიყენებს. კოლექცია ხელმისაწვდომია ბრენდის ოფიციალურ საიტზე – savagex.com

Calvin Klein

ახალი სარეკლამო კამპანიისთვის ბრენდმა არტისტების და მოდელების მრავალფეროვანი შემადგენლობა შეარჩია. ლგბტ + აქტივისტები და თემის წევრები #proudinmycalvins ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდნენ. კოლექცია უკვე იყიდება კელვინ კლაინის მაღაზიებში და ვებ-გვერდზე. ამასთან, ბრენდმა 2 წლიანი თანამშრომლობა დააანონსა ლგბტ+ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: The Trevor Project, BlaQ Aboriginal Corporation და Transgender Legal Defense & Education Fund.

Michael Kors

ამერიკულმა ბრენდმა ივნისის დადგომა Paper-თან თანამშრომლობით აღნიშნა. შედეგად, შეიქმნა უნისექს კოლექცია, რომელიც მაისურებს, შორტებს და სხვადასხვა ფერად აქსესუარებს აერთიანებს. კოლექციის გაყიდვებიდან მიღებულ თანხას მაიკლ კორსი ორგანიზაცია OutRight Action International -ს გადაურიცხავს, რომელიც ლგბტ+ ადამიანების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

Adidas

სპორტული ტანისამოსის და ფეხსაცმლის სახელგანთქმულმა კომპანიამ 30 ნივთისგან შემდგარი კაპსულა კოლექცია წარადგინა. ახალ კამპანიას ადიდასმა Love Unites (სიყვარული აერთიანებს) უწოდა.

Morphe

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოსმეტიკური მწარმოებელი Todrick Hall -თან და Trevor Project-თან გაერთიანდა, რათა 2021 წლის პრაიდის კოსმეტიკური კოლექცია შეექმნა. უნდა ითქვას, რომ მორფის ყოველწლიურმა კოლექციებმა, წარსულში, $895,000 დოლარის მხარდაჭერა შეაგროვა ლგბტ+ თემისთვის. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, წელსაც, გაყიდვებისგან გამომუშავებულ თანხას ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც ლგბტ+ ადამიანების უფლებების დაცვაზე და კეთილდღეობაზე მუშაობენ.

Vault by Vans

პრემიუმ ხარისხის სნიკერები, პრაიდის თვეში, ცისარტყელას ფერებში იქნება წარმოდგენილი. გარდა კოლექციის გაყიდვებისგან მიღებული თანხისა, კომპანია GLSEN, Casa 1, Where Love is Illegal და Tokyo Rainbow Pride ორგანიზაციებს 200,000 დოლარის მხარდაჭერას გამოუყოფს.

Puma

ფერად ზეიმს შეუერთდა პუმაც, რომელმაც ახალი კოლექცია კარა დელევინთან კოლაბორაციით წარადგინა. დელევინი კომპანიის გლობალურ ელჩად 2016 წელს დასახელდა. Forever Free კაპსულა კოლექცია პუმას ახალ და კარგად ნაცნობ მოდელებს ცისარტყელას პრინტებით და ფერებით წარმოგვიდგენს.

შეგახსენებთ, რომ ახალი კოლექციები გამოუშვეს ვერსაჩემ და ბალენსიაგაც. ლედი გაგას ცნობილი ჰიტის, Born This Way-ის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ, დონატელა ვერსაჩე და ლედი გაგა კაფსულა კოლექციის შესაქმნელად გაერთიანდნენ. ინიციატივა გაგას Born This Way Foundation-ის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. საქველმოქმედო ფონდი ხელს უწყობს LGBTQIA ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის გაჯანსაღებას.

რაც შეეხება ბალენსიაგას, კოლექცია მოიცავს: ჰუდებს, მაისურებს, საცვლებსა და ბეისბოლის კეპებს. კოლექციის ნაწილი უკვე ვიხილეთ მოდის სახლის 2021 წლის ზამთრის კატალოგში – ერთ-ერთი იყო ვარდისფერი ჰუდი, წარწერით Gay.