იმ დღეს, როდესაც უკრაინის ქალაქ ბუჩადან მსოფლიომ რუსი დამპყრობლების მიერ მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებული სისასტიკის ამსახველი გამაოგნებელი და შემაძრწუნებელი კადრები იხილა, ლას ვეგასში გრემის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვა იყო, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა: „რა არის მუსიკის საპირისპირო? დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების დუმილი.“ ზელენსკის გზავნილი, რომელმაც ერთი კვირით ადრე ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე ვერ გაიჟღერა, ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების ღონისძიების საშუალებით დიდი სცენიდან მილიონობით ადამიანამდე მაინც მივიდა.

რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი გრემის 64-ე დაჯილდოების ცერემონიაზე

საღამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა ჯაზისა და R&B-ის შემსრულებელი ჯონ ბატისტისთვის, რომელმაც 5 გრემი მოიპოვა. ასევე Silk Sonic-ისთვის, რომელმაც 4 ნომინაციაში გაიმარჯვა და ოლივია როდრიგოსთვის, რომელმაც პრესტიჟული ჯილდოს მიღება სამ ნომინაციაში შეძლო, მათ შორის როგორც წლის საუკეთესო ახალმა შემსრულებლმა.

Jon Batiste © Billboard/Rich Fury/Getty Images

ღონისძიებაზე პატივი მიაგეს ვირჯილ აბლოს ხსოვნას

გასული წლის ნოემბერში Louis Vuitton-ის კაცის ხაზისა და Off-White-ს დიზაინერი ვირჯილ აბლო 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვირჯილის გავლენა სცდებოდა მოდის საზღვრებს და სხვადასხვა სფეროებში აღწევდა, მათ შორის მუსიკალურ ინდუსტრიაშიც. გრემის 2022 წლის დაჯილდოებაზე პატივი მიაგეს მის ხსოვნასაც და ვირჯილი „ჰიპ ჰოპ მოდის დიზაინერად“ მოიხსენიეს. 

© Dazed/The Grammys

აღსანიშნავია, რომ „ჰიპ ჰოპ მოდის დიზაინერის“ წოდება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა. აღნიშნული კრიტიკის საგანი გახდა და ბევრმა „უპატივცემულობად“ თუ „რასისტულად“ ჩათვალა.

დუა ლიპას და მეგან თი სტალიონის გაცოცხლებული უიტნი ჰისტონის და მერაია ქერის მომენტი – დონატელას დახმარებით

MTV-ის 1998 წლის მუსიკალური ვიდეობის დაჯილდოებაზე უიტნი ჰისტონი და მერაია ქერი მამაკაცი შემსრულებლის წლის საუკეთესო ვიდეოს გამოსავლენად სცენაზე ერთმანეთს Vera Wang-ის ერთნაირი კაბებით შეეგებნენ. ერთნაირი, სანამ კაბის ნაწილებს ერთმანეთის მიყოლებით ჩამოხევდნენ. 

დაჯილდოებების ისტორიიდან სწორედ ამ საკულტო მოდურ მომენტს ეხმიანებოდა დუა ლიპას და მეგან თი სტალიონის წარმოდგენა გრემის გუშინდელ ცერემონიაზე. წლის საუკეთესო არტისტის დასასახელებლად შეკრებილი აუდიტორიის წინაშე ისინი Versace-ს ერთნაირი სამოსით გამოჩნდნენ. „ნუ იპარავ ჩემს ლუქს,“ – უთხრა მეგანმა დუას, რომელმაც უპასუხა: „მეგონა, ის ექსკლუზიურად მე უნდა მცმოდა. დონატელას უნდა დაველაპარაკო.“ მალევე სცენაზე დიზაინერი დონატელა ვერსაჩეც გამოჩნდა და წლების წინ უიტნისა და მირაიას მიერ გათამაშებული ნაცნობი სცენარით მათი „პრობლემაც“ მოაგვარა.

ზელენსკის მიმართვა და სიმღერა თავისუფლებაზე

როგორც უკვე ითქვა, ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიის მაყურებელმა უკრაინის პრეზიდენტის ვიდეო მიმართვა მოისმინა. „ჩვენს მუსიკოსებს სმოკინგის ნაცვლად, ჯავშანჟილეტები აცვიათ. ისინი დაჭრილებს უმღერიან საავადმყოფოებში, მათთაც კი, ვისაც მათი მოსმენა არ შეუძლია,“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ემოციურ ჩანაწერში. პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, რომ ნებისმიერი გზით გამოხატოს უკრაინის მხარდაჭერა, გარდა დუმილისა. 

„შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით. შეავსეთ ის დღეს, რათა ჩვენი ისტორია მოყვეთ. მოყევით სიმართლე ომის შესახებ თქვენს სოციალურ არხებში, ტელევიზიაში. დაგვეხმარეთ რითაც შეგიძლიათ, ოღონდ ნუ იქნებით ჩუმად. შემდეგ კი მშვიდობა დაისადგურებს. ეს ჩვენს ყველა იმ ქალაქში მოხდება, რომელსაც ომი ანადგურებს – ჩერნიგოვში, ხარკოვში, ვოლნოვახაში, მარიუპოლსა და სხვებში – ეს ქალაქები უკვე ლეგენდად იქცა. მაგრამ მე ვოცნებობ მათ გამოცოცხლებასა და თავისუფლებაზე. ისეთივე თავისუფლებაზე, როგორიც თქვენ გაქვთ გრემის სცენაზე.“

ზელენსკის სიტყვას ჯოლ ლეჯენდის შესრულებული „თავისუფლება“ მოჰყვა. მომღერალს სცენაზე უკრაინელი არტისტებიც შეუერთდნენ.