ლონდონის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეული 14-18 თებერვალს გაიმართა. შეიძლება ლონდონში იმ დონის მოდას არ ვადევნებდით თვალს, როგორსაც მილანსა და პარიზში, მაგრამ ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ ახალი სერიოზული ტალანტი გამოჩნდებოდა სწორედ ლონდონში იყო. როგორც უკვე მოხდა, თანაც არაერთხელ. ლონდონის უპირატესობა სხვა ქალაქებთან შედარებით ის იყო, რომ ახალგაზრდა დიზაინერებს ყველაზე დიდ მოტივაციას და შანსს აძლევდა. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ წარსულ დროში ვწერ, რადგან უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, რომ ლონდონში ისტორიულ უპირატესობას სწორად იყენებენ.

ბრიტანული განათლების სისტემაში პრობლემებზე საუბარს უფრო ღრმა კვლევა, უტყუარი ფაქტების მოძიება და პროფესიონალებთან გასაუბრება ჭირდება, რაც ამ ეტაპზე ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ამიტომ პოდიუმზე ნანახით უნდა შემოვიფარგლოთ. რამდენიმე სეზონია ბრიტანეთის დედაქალაქში ახალბედა დიზაინერები გამოჩნდნენ, რომლებიც ახალი თაობის ლიდერებად გვევლინებიან. 2010-იანების დასაწყისში ბრიტანულმა მოდამ კრისტოფერ კეინი, ჯონათან ანდერსონი, ერდემ მორალიოგლუ, დავით კომახიძე და კიდევ ბევრი უნიჭიერესი დიზაინერი შექმნა.

2020-იანები ლონდონურ მოდაში რიჩარდ ქუინით, მეთი ბოვანით, მოლი გოდარდით და მაიკლ ჰალპერნით იწყება.

ქუინმა ახალ კოლექციას “House of Quinn” უწოდა და სიახლედ მამაკაცის ლუქებიც შემოგვთავაზა. უნდა შევთანხმდეთ, რომ დიზაინერი, რომელიც სულ რაღაც მეხუთე ჩვენებას მართავს, თუმცა სტილისტად კარინ როიტფელდს იყვანს, ძალიან ამბიციურია, მაგრამ რა გასაკვირია, თუ გავიხსენებთ, რომ რიჩარდის სადებიუტო შოუს ინგლისის დედოფალი ესწრებოდა.

ქუინმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკუთარი ინგლისური სახლის შექმნა სურს. ინგლისური დეტალები, ვიქტორიანული ეპოქა და ყვავილები ნათელია, თუმცა კოლექცია ფრანგი დიზაინერების, ბრენდების პატივსაცემ შოუს მოგაგონებთ. დიორის, სან ლორანის, ბალმანის, მარჯიელას, ბალენსიაგას, ჟან პოლ გოტიეს სილუეტებს, პრინტებს, თუ ნიღბებს ამ კოლექციაში რთულად გავექცევით.

რიჩარდის ახალი კოლექცია / ფრანგული მოდის ინდუსტრია

Richard Quinn შემოდგომა/ზამთარი 2020

მოლი გოდარდი თავის ახალგაზრდა კოლეგებთან შედარებით უფრო გულწრფელი და ავთენტურია, თუმცა ფაქტი, რომ ერთი ქსოვილის და პროდუქტის გადაჭარბებული დოზით გამოყენებით, კვირეულში მაინც სუფთა ჰაერივით იგრძნობა, მხოლოდ ერთ რამეს გვაჩვენებს: ლონდონის მოდის კვირეული ახალი ამაღელვებელი და საინტერესო სახეების ნაკლებობას განიცდის.

Molly Goddard შემოდგომა/ზამთარი 2020

მეთი ბოვანს რამდენიმე სეზონი დასჭირდა, რომ ბრიტანული მოდის „ახალი შესაძლო ვივიენ ვესტვუდი“ გამხდარიყო. მის მიმართ დიდი მოლოდინი არსებობდა, მათ შორის ჩემშიც. მრავალფეროვანი, ქაოსური, არეული, სარისკო და დიზაინერი, რომელიც სხვა „დავარცხნილი“ შემოქმედებისგან განსხვავდება, ერთი შეხედვით ეს სწორედ ის უნდა იყოს, რაც აგვაღელვებს და დაგვაინტრიგებს. ასეც მოხდა, თუმცა როდესაც საქმე ასეთ დიზაინს ეხება, საზღვარი ცირკის სცენას და პოდიუმს შორის ძალიან თხელია. სამწუხაროდ, მეთი ბოვანი მორიგი დიზაინერმა, რომელმაც ბალანსის შენარჩუნება ვერ შეძლო.

Matty Bovan შემოდგომა/ზამთარი 2020

მაიკლ ჰალპერნი რიჩარდ ქუინის თაობაა. როგორც ინგლისელი დიზაინერების უმრავლესობა, ჰალპერნიც Central Saint Martins -ში სწავლობდა. პირველი შესამჩნევი აღიარება 2016 წლის ბოლოს მოიპოვა, როდესაც მისი შარვალი ონლაინ მაღაზიებში პოპულარული პროდუქტი გახდა. 70-იანების დისკო-გლამური, რომელიც ერთი სეზონის ჰიტი აღმოჩნდა, წარმოუდგენელია ახალი ათწლეულის დასაწყებად კარგ არჩევნად ვაღიაროთ. და არა, ადოა აბოა, ბრიტანელი იტ გოგონა გავლენიანი ოჯახიდან, ნამდვილად არ არის ის მოდელი, რომელიც კოლექციას იხსნის.

Halpern შემოდგომა/ზამთარი 2020