დიდი ხანია დაიმსხვრა წარმოდგენა,რომ ვარსკვლავები და მათი ცხოვრება ისეთია, როგორსაც პრიალა ჟურნალების ფურცლებზე და რეიტინგული არხების გადაცემებში ვუყურებთ. ყურადღების ცენტრში ყოფნა სტრესულია. ხშირად უვიცობით, ზოგჯერ მიზანმიმართულად, ვარსკვლავები გამუდმებით ვარდებიან საკამათო ვითარებებში.

2018 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა კენდალ ჯენერის ინტერვიუ. კარდაშიანების კლანის ტოპ მოდელი წევრი ამბობს: „თავიდანვე ძალიან სელექციურები ვიყავით. მე არასდროს ვყოფილვარ იმ გოგონებს შორის, რომლებიც სეზონზე 30 ჩვენებაზე გამოდიან, თუ რა ჯანდაბასაც აკეთებენ, პოდიუმის გარდა უამრავი საქმე მაქვს.“ კენდალის ინტერვიუს კამათი მოჰყვა. მალევე ჯენერი ტვიტერზე გამოეხმაურა თავის ინტერვიუს და განმარტა თავისი პოზიცია. იანვარში მირასლავა დუმა და იულიანა სერგეენკო რასიზმში დაადანაშაულეს. სკანდალიდან რამდენიმე დღეში მირასლავამ და იულიანამ ინსტაგრამზე ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და ბოდიში მოიხადეს. ნოემბერში ვოგმა ვიქტორია სეკრეტის გენერალური დირექტორის, ედ რაზეკის ინტერვიუ გაავრცელა. რაზეკმა ინტერვიუში გააჟღერა, რომ ვიქტორია სეკრეტი საოცნებო სამყაროს ქმნის და ამ სამყაროში პლუს ზომის, ან ტრანსგენდერი ქალების ადგილი არ არის. 2 დღეში ვიქტორია სეკრეტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ედ რაზეკის ბოდიში და განმარტება.

საჯარო განმარტებები ვალდებულების მოხდის ხასიათსაც ატარებს და ყოველთვის წრფელი არ არის, მეტიც, ტრენდული გახდა. აქედან გამომდინარე, როდესაც საერთაშორისო ვარსკვლავის მხრიდან მორიგ განცხადებას ვკითხულობ, რომელიც ხსნის საკამათო ქმედებას, ხშირად მეფიქრება, მაშინ როდესაც ქართული ვარსკვლავური წრე ყველა აქტუალური ტრენდის ზედმიწევნით გადმოღებას ცდილობს, ბოდიშის მოხდის კულტურა და საკამათო განაცხადზე სერიოზულად გაკეთებული განმარტება რატომ ვერ შემოდის მოდაში?

მიშელ ობამას ბალენსიაგას ყვითელ კაბაში გამოჩენის შემდეგ, ავთანდილ ცქვიტინიძემ სოციალურ ქსელში განათავსა სტატუსი, რომლითაც ირონიულად აღნიშნა, რომ დემნა გვასალია წარმოსახვის არმქონე დიზაინერია და მთელი ცხოვრებაა ხან მაღაზიების დიზაინს იპარავს, ხან – კაბებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს განაცხადი უხერხულია დიზაინერისგან, რომელიც  თავად არანაკლები სიხშირით იკვებება სხვისი შემოქმედებით, მათ შორის დემნას კოლექციებით, მის განცხადებაზე უფრო უხერხული ავთოს კომენტარი იყო იმ ადამიანების გამოხმაურებაზე, რომლებიც ხუმრობდნენ, კამათობდნენ, ბრაზობდნენ. ცქვიტინიძემ ჩვენს 238.000-ზე მეტ გამომწერს მიმართა: „აქ ბევრმა კი იპორტყიალა მაღალ მოდაზე, მაგრამ ბოლოს მაინც ვაიკიკში დარბიან საშოპინგოდ. <3“


საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ადგილობრივმა დიზაინერმა მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ქართველ დიზაინერს პლაგიატობაში ცინიზმით დასდო ბრალი, რამდენიმე შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა და იმის მაგივრად, რომ ეგრძნო პასუხისმგებლობა და საჯაროდ სერიოზული კომენტარი დაეწერა, ახალგაზრდების ჯიბეს გაუსვა ხაზი და ამით სცადა საკუთარი ეგოს და პოზიციის გამყარება. წარმოიდგინეთ, დონატელა ვერსაჩე პლაგიატში ადანაშაულებს მიუჩია პრადას. კამათი დაიწყო და დონატელა ხალხს პასუხობს: „ბოლოს მაინც მანგოში უნდა ირბინოთ საშოპინგო*დ და „გუდ ლაქ ყველას რა!)) მადლობა:*” სასაცილოა, არა? ედი სლიმანიც არ იკადრებდა. აი ის ედი სლიმანი კრიტიკაზე ყველაზე „კრეატიულად“ რომ რეაგირებს ხოლმე.

    დემნა გვასალიას ვეტმანი 2017 / ავთანდილ ცქვიტინიძის ბრენდი 2018

ნებისმიერი საერთაშორისო დიზაინერი მოიხდიდა ბოდიშს, თუ მსგავს კომენტარს საჯაროდ დაწერდა.  ნებისმიერი, ალბათ სტეფანო გაბანას გარდა, მაგრამ სტეფანო გაბანა, როგორც დოლჩე&გაბანას დიდების წლები უკვე წარსულია და თუ ავთანდილს სურს იყოს ქართული მოდის სტეფანო გაბანა, რომლის დიდების წლებიც წარსულია, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

კრიტიკაზე ცქვიტინიძის კომენტარი წარმოაჩენს ქართული ვარსკვლავური წრის მენტალიტეტს ისეთს, როგორიც არის. მათ ხშირად ავიწყდებათ, რომ ცნობადობა არ არის მხოლოდ პოპულარულ გადაცემებში სტუმრობა, ჟურნალ თბილისელების წინა ყდაზე ყოფნა, ბევრი ფული და დიდი ეგო. ცნობადობა საკუთარ თავში პასუხისმგებლობას, მეტი თმენის ვალდებულებას და რაც მთავარია შესაძლებლობებს მოიაზრებს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ცხოვრებაში მიღებული პრივილეგიები სასიკეთოდ მომართოთ და შთააგონოთ ადამიანები, რომლებიც ახლა დგამენ წარმატებისკენ მიმავალ პირველ ნაბიჯებს, გამოიყენეთ! უშეცდომო და სრულყოფილი არავინაა. ცივილურ სამყაროში მიღებულია საჯარო ბოდიში, ან განმარტება ქმედების, რომელმაც კამათი გამოიწვია. ეს მხოლოდ კულტურაზე, პასუხისმგებლობის გრძნობაზე მეტყველებს და არ ტეხავს!