დღეს ახალი თაობის ყველაზე დიდი სუპერმოდელი, Karlie Kloss 28 წლის გახდა. კარლი 1992 წლის 3 აგვისტოს, ამერიკაში დაიბადა.

კლოსი მოდელების საერთაშორისო რეიტინგში „ახალი სუპერების“ კატეგორიაშია შეყვანილი, ხოლო Forbes – ის მიერ, ახლა მსოფლიოში 3 ყველაზე მაღალანაზღაურებად ტოპ მოდელს შორისაა.

რატომ არის კარლი გასული ათწლეულის ყველაზე ნაყოფიერი სუპერმოდელი, თვალი გადავავლოთ კარლი კლოსის ბრწყინვალე კარიერიდან 10 მნიშვნელოვან მომენტს:

პოდიუმზე კარლის სადებიუტო სეზონი 2008 წელს შედგა. კლოსი მხოლოდ 16 წლის იყო. ის ნიუ-იორკში 31, მილანში 20, პარიზში 13 ბრენდის ჩვენებაზე გამოვიდა. ჯამში კლოსი თავის პირველ სეზონზე 64 ჩვენებაზე გამოვიდა, რაც დამწყები მოდელისთვის საუკეთესო შედეგი იყო.

16 წლის კარლი კლოსი კელვინ კლაინის ჩვენებაზე
ნიუ-იორკის მოდის კვირეული 2008

2009 წელს კარლი ჯონ გალიანოს მუზა ხდება და დიორის სარეკლამო კამპანიებს ამშვენებს. 2009 წელს კარლიმ დიორის ოტ კუტიურ და რესორტ ჩვენებები გახსნა. ჯამში, 2010 წელს, კარლიმ ერთ სეზონზე 10 შოუ გახსნა, ხოლო 8 დახურა, რაც ბოლო სეზონების საუკეთესო შედეგი იყო.


პოდიუმზე წარმატებული 2 წლის შემდეგ, კარლი ეტაპობრივად იხვეჭს მაღალი მოდის ახალი ფავორიტი გოგოს სახელს, რაც 2010 წელს Teen Vogue -ს გარეკანზე მოხვედრით კიდევ უფრო მყარდება. 2010 წელს Teen Vogue – მ ამერიკას ახალი თინეიჯერი სუპერმოდელი Karlie Kloss წარუდგინა.


2011 წლიდან კარლი პოდიუმზე კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. კლოსი სეზონზე 80-ზე მეტ ჩვენებაზე გამოდის, რაც აღემატება მისი თაობის რამდენიმე მოდელის დაჯამებულ შედეგს. დიზაინერები ხმამაღლა ამბობენ, რომ კლოსი შეიძლება იყოს თანამედროვეობის ჟიზელი.

კარლის გარშემო შექმნილი მღელვარება ვიქტორია სეკრეტის ყურამდეც აღწევს. კლოსს იწვევენ ქასტინგზე და პირველივე ცდაზე, ამერიკელი მოდელი დიორის პოდიუმიდან, Victoria’s Secret -ის გრანდიოზულ შოუში ხვდება.


2012 წელს კარლი ბრიტანული ვოგის სექტემბრის ნომრის ყდაზე იბეჭდება. იმავე წელს, ანა ვინტურის თხოვნით, კარლი ამერიკული ვოგისთვის იმიჯს იცვლის. როგორც მოდის ინდუსტრიაში ხშირად ამბობენ, მოდელისთვის ვარცხნილობის ცვლილება შეიძლება იყოს საუკეთესო, რაც მის კარიერაში მომხმდარა, ან პირიქით.

ახალმა იმიჯმა კარლისთვის კარგად იმუშავა, თუმცა სცენარის სხვაგვარი განვითარება ნაკლებად მოსალოდნელი იყო,მას ხომ თავად ანა ვინტურმა ურჩია თმის შეჭრა?! აღსანიშნავია, რომ ამერიკულ ვოგში დაბეჭდილი კარლის ფოტოების შემდეგ, პოპულარული სილამაზის სალონების ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ მათი კლიენტების უმრავლესობას ვარცხნილობა “Karlie” სურდა.


2013 წელს კარლი MTV – ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე ხვდება, აფორმებს კონტრაქტს შემდეგ ბრენდებთან: Elie Saab, Coach, Louis Vuitton, Lanvin, Lacoste, Donna Karan. წლის ბოლოს სახელდება ვიქტორია სეკრეტის ახალ ანგელოზად. ამასთან ზედიზედ სამჯერ სახელდება Fashion TV-ს პირველ სახედ.


სატელევიზიო დებიუტის, ვოგის სექტემბრის ნომრების და იმიჯის გახმაურებული ცვლილების შემდეგ, კარლი 2014 წლიდან გამოდის „მაღალი მოდის გოგოს“ ჩრდილიდან და ხდება საერთაშორისოდ ცნობილი. კარლის ვხედავთ პაპარაცულ ფოტოებში, ცნობილ არტისტებთან ერთად, ხოლო 2015 წელს, ტეილორ სვიფტთან ერთად, კარლი პირველად ხვდება მოდის ბიბლიის, ამერიკული ვოგის ყდაზე. ჯამში, 2010-2019 წლებში კარლი ვოგის 40 -ზე მეტ ყდაზე დაიბეჭდა, უფრო მეტზე, ვიდრე ნებისმიერი მოდელი ჟიზელ ბუნდჩენის გარდა.


2015 წელს კლოსი ხდება ლორეალის საერთაშორისო ელჩი, ლორეალს 2016 წელს მიჰყვება სვაროვსკი, ხოლო 2017 წლიდან კარლი ესტე ლაუდერის ოჯახსაც უერთდება. მულტი-მილიარდიან კომპანიებთან კონტრაქტები შედეგს იღებს და 2016 წელს კარლი პირველად ხვდება მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს შორის. 2017 წელს კარლი ფორბსის ყდაზეც იბეჭდება.


2016 – 2017 წლებიდან კლოსი პოდიუმიდან წინა რიგებში ინაცვლებს და მეტ დროს სხვა პროექტებს უთმობს. გამომუშავებული მილიონების და მოპოვებული სტატუსის დახმარებით, კლოსი გოგონებისთვის კოდირების სასკოლო პროგრამას ქმნის. Kode With Klossy კარლის პირველი ნაბიჯია ანტერპრენერობისკენ, რომლის ხანგრძლოვა გვაჩვენებს, რომ კლოსს ბიზნესშიც და ქველმოქმედებაშიც საინტერესო მომავალი აქვს.