ვეტმანის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. 2015 და 2016 წლებში მიწევდა ახსნა, რომ დემნა გვასალია უბრალოდ იღბლიანი „ტროლი“ არაა, ამ ჩვენების შემდეგ, მიწევს ახსნა, რატომ არის დემნას პატრიოტიზმზე საუბარი გაზვიადებული. საქართველოში მოდური პრესა არ არსებობს და ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც ამ სფეროს სიღრმისეულად აკვირდება, იაზრებს, ამიტომ თითქმის ყველაფერი არასწორად შუქდება.

საქართველოსთვის დემნას წარმატების მნიშვნელობაზე ბევრის დაწერა შეიძლება. ის შესაძლოა იყოს მომენტის ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და წარმატებული ქართველი ვარსკვლავი, თუმცა საქართველოს და დემნას შორის ურთიერთობები მარტივი არასდროს ყოფილა. ვეტმანის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული და ქართველებთან დიალოგის ხელახლა დაწყება არის დემნას „ქამინგ აუთი“ თავის ქვეყანასთან. ის ამ ჩვენებით დაუბრუნდა თავის დიდ ტკივილს, ბრაზს, შიშებს, ცუდ მოგონებებს და გვითხრა, რომ ‘მე ახლა საკმარისად თავდაჯერებული ვარ, რომ ამაზე ვისაუბრო’. ეს ჩვენება არ ყოფილა პატრიოტიზმის მორიგი გამოვლინება, ან რუსეთზე თავდასხმა. ეს იყო დემნას განაცხადი, რომ მან შეძლო ფეხზე დადგომა, გაიზარდა, გაძლიერდა და მზადაა თქვას საიდან მოდის.

„ეს ჩემი თავის წარდგენაა, როგორც ქართველის, რადგან ყოველთვის მიჭირდა ამეხსნა, საიდან ვარ. ან საერთოდ არ იცოდნენ, რაზე ვლაპარაკობდი, ან ამერიკელი ვეგონე. აქამდე არასოდეს შემძლებია ჩემი იდენტობის წინ წამოწევა. მე მგონი, პირველად ახლა იყო, რომ ის „მაგიდაზე იდო“, ყველას დასანახად…“ დემნა გვასალია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

90-იანებში ბედნიერი და ლაღი ცხოვრება არავის ჰქონდა, მაგრამ დემნას ომთან, დევნილობასთან, ფინანსურ გაჭირვებასთან ერთად, სექსუალური ორიენტაციისგან გამოწვეული პრობლემებიც დაემატა.  სახლი ომში დაკარგა და ქართულ საზოგადოებაში ადგილი – ომის შემდეგ.  სკოლებს ბულინგის გამო იცვლიდა, გალახა ბიჭი, რომელმაც სიყვარული აუხსნა, რათა არავის ეფიქრა, რომ თვითონაც ბიჭები მოსწონს, აირჩია პროფესია, რომელიც არ აინტერესებდა, რადგან ქართული ოჯახის საამაყო უფროსი ბიჭი ყოფილიყო. მუშაობდა იქ, სადაც არ სურდა ყოფნა, რადგან საქართველოში ასე იყო საჭირო. ამასობაში ყველაფერი შეზიზღდა, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა, გახდა ასოციალური, დეპრესიული და დაიწყო ფიქრი ქვეყნიდან გაქცევაზე.

ვეტმანის ჩვენებაზე გვასალიას შავი მაისური ეცვა, რომელზეც თეთრი სამიზნე იყო დაპრინტული. მიზეზად დაასახელა ფაქტი, რომ სამიზნეში ჰყავდათ ამოღებული. გაიხსენა, რომ წლების წინ, თბილისში ესროლეს.

დემნა გვასალია და თაკო ჩხეიძე

დემნა საქართველოდან სინანულით და იმ ფიქრით არ წასულა, რომ აქ საცხოვრებლად დაბრუნდებოდა. მან საქართველოდან წასვლით „ყველაფერი ცუდი“ უკან მოიტოვა და ახალი ცხოვრება დაიწყო.

ახალ რეალობაში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. 2016 წელს საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. ახლა, უკვე, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, ვიზიტი გააუქმა. თაკო ჩხეიძემ ვიზიტის გაუქმების მიზეზად დემნას პირადი პრობლემები დაასახელა. რატომღაც ეს პირადი პრობლემები ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როცა თავის მეგობარ ბიჭს ხელი სთხოვა და ქართულ სოციალური ქსელში კომენტარების 80% შეურაცხყოფას აყენებდა.

პრობლემები ჰქონდა სანათესაოშიც, იყო მუქარაც, როგორც თავად ამბობს. კიდევ ერთი ტყვია არ უღირდა თბილისში ჩამოსვლად, მაშინ, ყველაფერი თითქოს ხელახლა დაიწყო. ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა დემნას ინტერვიუები, სადაც საქართველოს გიჟურად ჰომოფობიურ ქვეყანას უწოდებს და ამბობს, რომ ქართველებთან ურთიერთობა არ უნდა. მაშინ ყველა ეროვნების პრესას აძლევდა ინტერვიუს, ქართველების გარდა, ყველა ეროვნების მოდელი გამოჰყავდა ვეტმანის პოდიუმზე, ქართველის გარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრაზის მესმოდა, მთელი საქართველოს ერთ ქვაბში მოხარშვა და სამშობლოს ასეთი გარიყვა არასწორ საქციელად მეჩვენებოდა, თუმცა მჯეროდა, რომ მისი ქმედებები მომენტის აფეთქებიდან იყო გამოწვეული და დაწყნარდებოდა. ასეც აღმოჩნდა.. დემნამ კოლექციით თავის ავტობიოგრაფიას ჩააცვა და ქართველებთან დიალოგი ისევ დაიწყო. ინტერვიუ მისცა ქართველებს, პარიზში ქართველი მოდელები ჩაიყვანა, ჩვენებაზე ქართველი სტუმრები დაპატიჟა.

საზოგადოებამ კოლექცია რუსეთსაც დაუკავშირა. დემნამ არა ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთი თავისუფლების წინააღმდეგია და რეგიონი, სადაც დაიბადა, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, თუმცა ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებს. ოფიციალურ წყაროებში მითითებულია, რომ გვასალიას დედა რუსი ჰყავს და მის ოჯახში მთავარი საკომუნიკაციო ენა რუსულია. აღსანიშნავია, რომ დემნას ძმის, გურამ გვასალიას მეუღლეც რუსია. გვასალია კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას, ვლადიმირ პუტინს თვლის მტრად, მაგრამ მას რუსეთი და რუსები არ სძულს.

Vetements by Demna Gvasalia


სტატიის მიზანი რეალობის წარმოჩენა და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევაა. სამშობლოსთან დიალოგის დაწყება და პატრიოტიზმი ერთმანეთისგან განსხვავდება. დემნა გვასალია არ არის ეროვნული გმირი, რომელიც თავის ქვეყანაზე ფიქრში იძინებს და იღვიძებს. მან განაახლა ქართველებთან საუბარი და წარსულ წყენაზე მაღლა დადგა, მაგრამ ჯერ ახლა იწყებს.