მოდის ინდუსტრიის ახალი მოწყობა, გაჯანსაღება, შენელება, გასულ კვირებში, როგორც საერთაშორისო პრესაში, აგრეთვე ჩვენს სოციალურ ქსელებში და საიტზე, სწორედ ამ სიტყვებს ამოიკითხავდით ყველაზე ხშირად. თუ თქვენ ჩვენი ერთგული მკითხველი ხართ, ალბათ, ახსნას ნაკლებად საჭიროებთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს აუდიტორიაშიც ეს თემა ბევრისთვის შესაძლოა ბუნდოვანი იყოს. დასაწყისში ზოგადად მიმოვიხილოთ მოდის ინდუსტრიის სისტემა, ხოლო დასკვნაში შევაფასოთ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ამ თემის წინ წამოწევა.

2 ძირითადი კოლექცია: Ready To Wear გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთარი

ქალის სამოსის გაზაფხული/ზაფხული პოდიუმზე გამოდის ყოველი წლის სექტემბერში და ოქტომბერში, ხოლო შემოდგომა/ზამთარი – თებერვალში და მარტში. კაცის სამოსის გაზაფხული/ზაფხული პოდიუმზე გამოდის ივნისში, შემოდგომა/ზამთარი -იანვარში და თებერვალში.

დამატებითი კოლექციების სეგმენტი: Pre-fall,Resort,Cruise,Holiday

ორ სეზონს შორის არსებული დიდი შუალედის შესავსებად შექმნილია კიდევ ერთი სეგმენტი,  რომელსაც მოდაში Pre-fall და Resort/Cruise/Holiday კოლექციებს ვუწოდებთ. Pre-fall გაყიდვაში, ტრადიციულად, მაისში ეშვება, ხოლო Resort/Cruise – ნოემბერში. Resort და Cruise-ს შორის არსებითი განსხვავება არ არის, ამასთან, ეს იგივეა რაც Holiday კოლექცია. დიზაინერები თავად ირჩევენ სახელს, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ რეზორტი და კრუიზი გათვლილია იმ ხალხისთვის, ვინც ზამთრის შვებულებას თბილ ქვეყნებში ატარებს.

Haute Couture კვირეული

2 ძირითადი (ე.წ Ready To Wear) და დამატებითი 2 სეზონს შორის არსებული შუალედის შესავსებად შექმნილი სეგმენტის (Pre Fall, Resort, Cruise, Holiday) მაღალი მოდის ბრენდების ნაწილი კიდევ ერთი კატეგორიის სამოსს აწარმოებს – ოტ კუტიური. ამ სამოსისთვის გათვალისწინებულია ცალკე მოდის კვირეული.



შედეგად დიდი მოდის სახლი, მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ Dior, წელიწადში მართავს : 2 ძირითად შოუს ქალისთვის, 2 – კაცისთვის, 2 კრუიზ შოუს ქალისთვის, 2 – კაცისთვის და კიდევ 2 ოტ კუტიურ შოუს ქალისთვის. ამას ემატება 2 Pre Fall/Resort კოლექცია, რომელიც კატალოგის სახით გამოდის. ერთი კოლექცია მინიმუმ 35, მაქსიმუმ 105 ლუქს აერთიანებს. თითო კოლექციაში წარმოდგენილი ლუქი მრავალი ვარიაციით იქმნება. თუ ჩვენ პოდიუმზე ერთ კოლექციაში ვხედავთ 70 ლუქს, დიორის იგივე კოლექციის შოურუმში სამჯერ მეტი პროდუქცია იყიდება.

აქედან გამომდინარე დიზაინერები არიან უდიდესი წნეხის ქვეშ,მათ არ აქვთ ფიქრის და დასვენების დრო, მუშაობენ, როგორც დაპროგრამებული მანქანები. მყიდველები, ჟურნალისტები, რედაქტორები, ფოტოგრაფები, მოდელები და შემოქმედებით, თუ ბიზნეს პროცესში ჩართული ადამიანები, დროის უმეტეს ნაწილს აეროპორტებში ატარებენ, რადგან მოდის ინდუსტრიის სისტემა გაწერილია ისე, რომ სადღაც ყოველთვის მოდის კვირეულია.

რაც მთავარია, არავის აქვს ილუზია, რომ ამდენი ტანსაცმელი იყიდება. მხოლოდ ბარბერიმ, 2018 წელს, 37 მილიონი დოლარის სამოსი გაანადგურა, რაც არ გაიყიდა. ყველაფერი კი იქამდე მიდის, რომ მოდის / სილამაზის ინდუსტრია ნავთობის და გაზის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი დაბინძურების წყაროა.



კოლექციების წარმოება, მიწოდება და გაყიდვა

ყველაფერი გაცილებით კომპლექსურია, როდესაც საქმე ამდენი კოლექციის წარმოებას, მიწოდებას და გაყიდვას ეხება. ყველა ტიპის კოლექციას განსხვავებული მიწოდების ციკლი აქვს, მაგალითად, Ready To Wear , ე.წ. ძირითადი კოლექციები პოდიუმზე 1 სეზონით (6 თვით) ადრე გამოდის, გაყიდვაში კი წარდგენიდან 6 თვის შემდეგ ეშვება. Pre-fall გაყიდვაში, ტრადიციულად, მაისში ეშვება, ხოლო Resort/Cruise – ნოემბერში. 

შესაბამისად, მოდური ჩვენებები ბევრად უსწრებს პროდუქტის მიწოდებას, რაც მის მიმართ სურვილს ამცირებს, როდესაც ის საბოლოოდ მაღაზიაში განთავსდება. სხვა ბრენდები სწრაფად აკოპირებენ პოდიუმზე წარმოდგენილ ტანსაცმელს და ბაზარზე უფრო იაფად გამოაქვთ. მიწოდების თარიღები შეუთავსებელია რეალურ სეზონებთან. ფასდაკლებების სიხშირის გამო სრულ ფასში გაყიდვის პერიოდები ძალიან მოკლეა. მყიდველები (ე.წ. ბაიერები) და პრესა ძალიან დიდ დროს, ფულს და ენერგიას ხარჯავენ მოგზაურობაში.

დასვკნის სახით შეგვიძლია დავწეროთ, რომ მოდის სისტემა, რომელიც ნახევარი საუკუნეა არავის გადაუხედავს, აღარ მუშაობს. ის ზიანს აყენებს, როგორც შემოქმედებს, ასევე შემოქმედებით პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემურ სისტემაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, კორონავირუსის პანდემიამდე რეალური ცვლილებებისკენ მიმავალი ნაბიჯები არ გადადგმულა.



პანდემიიდან გამოწვეულმა კრიზისმა ყველა სფეროს დაარტყა და არც მოდა არის გამონაკლისი. ინდუსტრიის გავლენიანი ორგანიზაციები, ჟურნალები და ბრენდები პირველად ალაპარაკდნენ სისტემის შენელებაზე და ხელახალ მოწყობაზე. ეს უკანასკნელი ზემოთ დახასიათებული კომპლექსური მოდის სისტემის უფრო გაჯანსაღებას გულისხმობს, რათა აღარ იყოს დაუსრულებელი მოდის კვირეულები და გასაყიდად დარჩენილი პროდუქცია, რომელიც შემდეგ მსოფლიოს დაბინძურების წყარო ხდება. კოლექციების წარდგენა, მიწოდება და გაყიდვაში გამოსვლა დაბალანსდეს იმგვარად, რომ პროდუქტს ჰქონდეს დრო, სანამ ფასდაკლება დაიწყება, დიზაინერებს მიეცეთ ფიქრის და დასვენების შესაძლებლობა, რათა კვლავ იგრძნონ სიამოვნება იმ საქმისგან, რომელსაც ემსახურებიან, ხოლო მყიდველებმა მივიღოთ კარგად გააზრებული, ახალი იდეებით დატვირთული, მაღალი ხარისხის შედეგი და არა მორიგი “textile waste”, რომლის შესაქმნელად გადაღლილ დიზაინერს მხოლოდ 3 კვირა ჰქონდა.