დიზაინერებიმსოფლიო

რამდენს გამოიმუშავებენ ცნობილი დიზაინერები?

მარცხნიდან ვერა ვენგი, კელვინ კლაინი, მეოთხე დონა კარანი, მეხუთე მაიკლ კორსი, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, 2018 წელი.
Fashionholics Online

გასულ 20 წელში დიზაინერობა ძალიან პოპულარული პროფესია გახდა. მეოცე საუკუნეში ამ საქმიანობით მეტწილად ის ხალხი კავდებოდა, ვინც მოწოდებული იყო, რომ ყოფილიყო კუტიურიე. დღეს არ არის აუცილებელი იყო კუტიურიე, ან წმინდა გაგებით დიზაინერი, საიმისოდ, რომ გახდე მაღალი მოდის ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი. სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ კუტიურიები შეცვალეს დიზაინერებმა. დიზაინერები შეცვალეს შემოქმედებითმა ხელმძღვანელებმა. დღეს წარმატებული დიზაინერები არიან შემოქმედებითი ხელმძღვანელები და მათ მხოლოდ კაბის კერვა აღარ ევალებათ. დიდ კონკურენციაში ძალიან ცოტა აღწევს მიზანს.
2019 წლის მონაცემებით, მიუჩია პრადას პირადი ქონება 3 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო ბრენდის ღირებულება 10 მილიარდ დოლარამდეა. მილიარდერების რიგებს მიეკუთვნებიან: ჯორჯო არმანი, დონატელა ვერსაჩე, ვალენტინო გარავანი, კელვინ კლაინი, მაიკლ კორსი, დაიან ვონ ფურშტენბერგი. მილიარდერები იყვნენ დოლჩე და გაბანაც. ბრენდის ღირებულება კვლავ რამდენიმე მილიარდია, თუმცა წელს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ბაზრის დატოვების შემდეგ, სტეფანო გაბანას და დომენიკო დოლჩეს პირადმა ქონებამ იკლო.

მიუჩია პრადა და ჯორჯო არმანი

მარტში ტომ ფორდმა ნიუ-იორკში ბინა 25 მილიონ დოლარად შეიძინა. ტომის პირადი ქონება 500 მილიონს უტოლდება, თუმცა ფორდის ბრენდის ბრუნვა წელიწადში 2 მილიარდს აჭარბებს. ტორი ბარჩი, ვერა ვენგი და დონა კარანი ამერიკაში ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგში არიან. დიზაინერები 470 მილიონიდან 800 მილიონ დოლარამდე ქონებას ფლობენ.
ნაკლებად გახმაურებულია იმ დიზაინერების შემოსავლები, რომლებსაც საკუთარი ბრენდები არ აქვთ,თუმცა დიდ მოდის სახლებში მუშაობენ. მათი შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე ზემოთხსენებულების, თუმცა საწუწუნოდ საქმე არც დიდი ბრენდების შემოქმედებით ხელმძღვანელებს აქვთ. კელვინ კლაინში რაფ სიმონსის წლიური ხელფასი 18 მილიონი დოლარი იყო.

მაღალანაზღაურებადი დიზაინერები, რომლებსაც საკუთარი ბრენდები არ აქვთ და დიდ მოდის სახლებს ხელმძღვანელობენ: ალბერ ელბაზი, ედი სლიმანი, ნიკოლა ჟესქიერი, ფიბი ფაილო.

რაც უფრო ცნობილია დიზაინერი, უფრო ძვირად ფასობს. ედი სლიმანი და ნიკოლა ჟესქიერი ყველაზე ძვირადღირებული შემოქმედებითი ხელმძღვანელი დიზაინერები არიან. ნიკოლამ ბალენსიაგასგან 50 მილიონი დოლარი მიიღო. როგორც ცნობილია, ჟესქიერი LVMH – ის გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიზაინერია. სან ლორანის ყოფილმა დიზაინერმა, ედი სლიმანმა ქერინგისგან სასამართლოს გზით 1 წელში 25 მილიონი დოლარი მიიღო.

ბალენსიაგას გენერალური დირექტორი სედრიქ შაღბი, შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია და ფაინენშალ ტაიმსის ჟურნალისტი ჯო ელისონი.

დემნა გვასალია ყველაზე მდიდარი ქართველი დიზაინერია. წლიურად გვასალიები 10 მილიონი ევროდან 100 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებენ. ვეტმანის ღირებულება 500 მილიონს აჭარბებს. როგორც გურამ გვასალიამ ვოგთან ინტერვიუში აღნიშნა, ერთ სეზონზე (6 თვეში) 8 ციფრიან თანხას გამოიმუშავებენ. დემნას ანაზღაურებას ემატება ბალენსიაგას კონტრაქტიც. უცნობია რამდენ მილიონს იღებს ბალენსიაგადან ხელფასის სახით,თუმცა სავარაუდოა, რომ ბრენდის გაყიდვების ზრდასთან ერთად, დემნას ანაზღაურებაც იზრდება.