„ქალების საყვარელი დიზაინერი ალბერ ელბაზი ლანვინიდან წავიდა!“ „ბოუშრა ჯარარი ლანვინის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელია,“ „ბოუშრა ჯარარმა ლანვინი დატოვა,“ „ოლივერ ლაპიდუსი ლანვინის ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა,“ „ლანვინი ფრანგული მაიკლ კორსი ხდება,“ „ოლივერ ლაპიდუსმა ლანვინი დატოვა,“ „14 წლის შემდეგ ლანვინის მამაკაცის ხაზის კრეატიული ხელმძღვანელი ლუკას ოსენდრაივერი პოსტს ტოვებს,“ „ლანვინი კრიზისშია,“  „ლანვინი იყიდება,“ „ლანვინი ჩინურმა კონგლომერატმა შეიძინა,“ „ლანვინს ისევ ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჰყავს,“ „პარიზში ბრუნო სიალელმა ლანვინისთვის თავისი სადებიუტო კოლექცია წარადგინა“ – ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ლანვინთან დაკავშირებით გავრცელებული ჰედლაინებია, რომლებიც ნათლად აჯამებს ერთ დროს ბრწყინვალე ბრენდში ასე მოკლე დროში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას.

Lanvin F/W 2019. Photos: Daniele Oberrauch

ჯერ-ჯერობით ბოლოს აღნიშნულ სათაურზე უნდა შევჩერდეთ. ბრუნო სიალელს მოდაში ფონად ბალენსიაგაში ნიკოლა გესკიერის, პაკო რაბანში ჯულიენ დოსენას და ლუევეში ჯონათან ანდერსონის დაქვემდებარების ქვეშ მუშაობის გამოცდილება აქვს. დებიუტამდე ლანვინის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ ბრუნოს ძლიერი პერსონალური ხედვა აქვს, შეუძლია აღიქვას მიმდინარე ტენდენციები და ბრენდის ისტორიის მნიშნელოვანი ელემენტების რეინტერპეტაცია მოახდინოს. დღეს სადებიუტო კოლექციაში მან მართლაც წარმოადგინა ბრენდის მახასიათებლები ხელახლა, მაგრამ არა ლანვინის, არამედ ლუევესი.

Lanvin F/W 2019. Photos: Daniele Oberrauch

დეტალები კოლექციაში მრავალფეროვანია, რაც მრავალი სახის ქსოვილის და პრინტების გამოყენებამ განაპირობა. მაგრამ ეს საკმარისი ვერ იქნება. კოლექციაში არ ჩანს ჩამოყალიბებული და ძლიერი ხედვა. გარდა ამისა, იმ ბრენდის ამოცნობა, რომლის სახელის ქვეშაც ეს კოლექციაა წარმოდგენილი მხოლოდ ლოგოსა და იარლიყზე შეიძლება და არა სამოსის დიზაინში.

Lanvin F/W 2019. Photos: Daniele Oberrauch

რამდენად შეიძლება ასეთმა კოლექციამ განადგურების პირას მისული მოდის სახლი გადაარჩინოს? დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრუნოს ამ კოლექციით ლანვინი ძველი მომხმარებლების სიყვარულს ვერ დაიბრუნებს, რადგან ალბერ ელბაზის შემოქმედებასთან მას საერთო არაფერი აქვს და ვერც ბევრ ახალ კლიენტს მოიზიდავს იმიტომ რომ ვისგანაც სიალელის დებიუტი სიმპატიას მოიპოვებს, ის უკვე ყიდულობს იმას, რასაც ჯონათან ანდერსონი ლუევეში ქმნის.