პაკო რაბანის ნამდვილი სახელია ფრანცისკო რაბანედა კუერვო. ბასკური წარმოშობის დიზაინერი ესპანეთის ჩრდილოეთ რეგიონში, პასაიაში 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. პაკოს დედა კრისტობალ ბალენსიაგას პირველი სტუდიის მთავარი მკერავი იყო, ესპანეთში განვითარებული სამოქალაქო ომის გამო სტუდია პარიზში გადავიდა, პაკოს დედასთან ერთად მოუწია გადასვლა და სწორედ აქ დაიწყო მისი კარიერა მოდაში. პარიზის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლისას პაკო სკეტჩებს ქმნიდა ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა კრისტიან დიორი და იუბერ დე ჟივენში. საბოლოო ჯამში, პაკო ოგიუსტ პერეს მოდის სახლში აღმოჩნდა და იქ 10 წელი იმუშავა. პაკო რაბანმა საკუთარი მოდის სახლი დააარსა 1966 წელს. სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც შექმნა კოსტიუმი ჯეინ ფონდას პერსონაჟისთვის ფილმში “ბარბარელა”. ფუტურისტულმა ფაქტურებმა, უჩვეულო დიზაინებმა და ექსცენტრიულმა პერსონამ პაკოს უკვდავი სახელი მიანიჭა მოდის სამყაროში. პაკოს პოპულარულობას ხელი კიდევ ერთმა ფაქტორმა შეუწყო – მომენტის ვარსკვლავებთან მეგობრობა და საინტერესო მუზები პაკოს კარიერის განუყოფელი ნაწილი იყო. გადავავლოთ თვალი ფრანგული Space Age-ის ლეგენდარული დიზაინერის მუზებს წლების განმავლობაში.

ოდრი ჰეპბერნი

1967 წლის ფილმისთვის “ორნი გზაზე” პაკომ ოდრის პერსონაჟისთვის შექმნა კაბა, რომლის სტილიც მოგვიანებით პაკოსთვის ხელწერად იქცა.

ბრიჯიტ ბარდო

ბრიჯიტ ბარდოსა და პაკო რაბანის კარიერები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ხშირად იკვეთებოდა, მათი ერთ-ერთი პირველი კოლაბორაცია გვიან 60-იან წლებში შედგა, როდესაც ბრიჯიტმა პაკოს “Ensemble Métal” მოირგო.

ჯეინ ბირკინი

ჯეინ ბირკინის პერსონალური სტილის დიდი ნაწილის ფორმირება პაკო რაბანის დამსახურებაა. უკვე ლეგენდადაა ქცეული ჯეინისა და მისი მეუღლის სერჟის ფოტოები ერთნაირ სამოსში, რომელიც პაკომ შექმნა.

ფრანსუიზა არდი

პარიზელი მომღერლისთვის ფრანსუიზა არდისთვის შექმნილი კაბა დაახლოებით 10 კილოგრამს იწონიდა, შექმნილი იყო 1000 მდე ოქროს ფილისგან და 300 ბრილიანტისგან. იმ დროისთვის ეს ყველაზე ძვირადღირებული კაბა იყო მსოფლიოში.

ტვიგი

რა თქმა უნდა, ლეგენდარული ბრიტანელი მოდელი და თაობის ხატი ტვიგი პაკო რაბანის მუზა გახდა. ტვიგისთვის შექმნილი ლუქები პაკოსთვის ჩვეული მეტალის არ იყო, პაკომ ამ პერიოდში ტყავზე დაიწყო მუშაობა.

ჯეინ ფონდა

ჯეინ ფონდამ ფილმში “ბარბარელა” მთავარი როლი შექსრულა და პაკომ მისთვის რამდენიმე კოსტიუმი შექმნა. ფილმი ფუტურისტული ჟანრისაა, რაც პაკოს ესთეტიკას იდეალურად ერგება.

დებრა შოუ

90-იან წლებში დებრა შოუ ერთ-ერთი წამყვანი მოდელი იყო. ის პირველად პაკო რაბანის ჩვენებაზე 90-იანების დასაწყისში გამოვიდა და ათწლეულის განმავლობაში თითქმის ყველა ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

კარლა ბრუნი

კიდევ ერთი მოდელი 90-იანი წლებიდან, რომელიც ხშირად გამოდიოდა პაკო რაბანის ჩვენებებზე იტალიელი კარლა ბრუნია.