Fashionholics Online

„ჩვენ უკვე გვყავს ერთი ფერადკანიანი მოდელი“ – პასუხი, რომელიც ყველაზე ხშირად ჟღერდებოდა წლების განმავლობაში დიზაინერების და ქასთინგ დირექტორების მხრიდან, ფერადკანიანი მოდელების უარყოფის ერთადერთი არგუმენტი იყო.  დავიწყოთ თავიდან,მაღალი მოდის სამშობლო ევროპაშია. დღემდე თანამედროვე მოდას ძირითადად კვლავ ევროპა განსაზღვრავს. შესაბამისად ტენდენციებიც ყოველთვის ლონდონში, მილანსა და პარიზში დგინდებოდა. მათი კლიენტებიც ძველად, მდიდარი, გავლენიანი, თეთრკანიანი ქალები იყვნენ. შესაბამისად, რა კონტიგენტზეც იყო გათვლილი კოლექციები, პოდიუმზე და კამპანიებშიც მსგავს მოდელებს წარმოადგენდნენ. ყველაფერთან ერთად, ალბათ აღმოჩენა არ იქნება, თუ დავწერ, რომ მოდა ყოველთვის ორიენტირებული იყო წარმოეჩინა და გაეყიდა იდეალიზებული ქალის იმიჯი, რომელიც ყველასთვის საოცნებოა და არა რეალურის. ამგვარად ჩამოყალიბდა მოდელის სტანდარტები (თეთრკანიანი, მაღალი, თხელი, ღია ფერის თმით და თვალებით) და შეიქმნა ევროპული გარეგნობის ქალის კულტი.

დოუცენ კრუსი, ევა ჰერციგოვა, ანია რუბიკი, ნატალია ვოდიანოვა, ლილი დონალდსონი, ამბერ ვალეტა, ქეროლაინ მერფი, კონსტანს იაბლონსკი.

მსგავსი ვიზუალის მოდელების საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არავის არაფერი ჰქონია, თუმცა როდესაც წლების მანძილზე დიზაინერების მყიდველთა არეალი თანდათანობით იზრდებოდა და მხოლოდ გავლენიან ევროპელ ხალხს აღარ მოიცავდა, არამედ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდა, საზოგადოებაში გაჩნდა და გაღვივდა პროტესტის გრძნობა. რატომ ხედავდნენ ყველგან ერთი და იგივე ტიპაჟის მოდელებს? პოდიუმზე, მოდური ჟურნალების ყდებზე, სარეკლამო კამპანიებში. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ეთნიკური წარმომავლობა გადამწყვეტ კრიტერიუმს წარმოადგენდა მოდელების შერჩევისას. საუკეთესო შემთხვევაში, მოვალეობის მოხდის მიზნით იყვანდნენ ერთ ფერადკანიან მოდელს და დანარჩენებს შანსსაც არ უტოვებდნენ თავიანთი შესაძლებლობების ან პროფესიონალიზმის დემონისტრირება მოეხდინათ.

„მილანში ფერადკანიან მოდელებზე კვოტები არსებობს. მე მილანის მოდის კვირეულზე აღარ ჩავდივარ, რაც მითხრეს, რომ ვერ ამიყვანდნენ, რადგან უკვე ჰყავდათ ფერადკანიანი მოდელი და მეტი აღარ სჭირდებოდათ.“ -ლაის რიბეირო.

„ჩვენების კულისებში მაკიაჟის სპეციალისტმა ჩემთან მუშაობაზე უარი თქვა. თავის კოლეგას გადაუჩურჩულა, ‘აფრო-ამერიკელია და მაგათ კანზე მე არ ვარ მიჩვეული, ვერ გავუკეთებ,’ ხშირად ჩემი აგენტი სიხარულით მირეკავს და მეუბნება: ‘ჯორდან, ერთადერთი ფერადკანიანი ხარ, ვინც შოუში დაამტკიცეს!’ უნდა მიხაროდეს?“ -ჯორდან დანი.

მოდაში განვითარებულ მიმდინარე სიტუაციას თუ გადავავლებთ თვალს, პროგრესი უდავოდ შესამჩნევია. სხვადასხვა სტატისტიკებიც ცხადყოფს თუ რაოდენ დიდი ნაბიჯია წინ გადადგმული ეთნიკური მრავალფეროვნების თვალსაზრისით. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მოდელების მრავალფეროვნების პრობლემა არათუ შეიჭრა მოდის უმაღლეს წრეში, არამედ მთავარი განსჯის საგანი გახდა. თითოეული დიდი ბრენდის, გამოცემის, კოსმეტიკური კომპანიის ერთერთი მთავარი საზომი სწორედ მათი მხრიდან წარმოდგენილი მოდელების მრავალფეროვნებაა.
რამ მოახდინა მსგავსი გარდატეხა და თვალშისაცემი ცვლილება? პასუხი არის ცალსახა: დღევანდელი რეალობა და სოციუმი. ნუ დავივიწყებთ, რომ მოდა არის ბიზნესი. ახლა კი ისე, როგორც არასდროს საზოგადოების ჩართულობა და აქტივობა არის მაქსიმალურ დონეზე აყვანილი. ნებისმიერი სახის ინფორმაცია ვრცელდება საოცარი სისწრაფით, რასაც თან სდევს ხალხის მხრიდან მასობრივი შეფასებები და რეაქციები. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილმა შედეგად მოიმკო ის, რომ თითოეული ნეგატიური, დისკრიმინაციული ხასიათის ფაქტი საჯაროვდება და არ რჩება ყურადღების მიღმა. მოდელები გვიზიარებენ თავიანთ ისტორიებს, გამოცდილებას და საჯაროდ საუბრობენ არსებულ პრობლემებზე. ოციოდე წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოდელების გულახდილი საუბრის, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯის, სარეკლამო კამპანიის ან ორაზროვნად ნათქვამი ფრაზის გამო ზიანი მიადგებოდათ გავლენიან ფოტოგრაფებს, დიზაინერებს, მოდის სახლებს. საზოგადოება, განსაკუთრებით პრესა დღეს სენსიტიური და ძალიან მტკიცეა. სწორედ აქედან გამომდინარე, არავის სურს სკანდალში გახვევა. არავის სურს მათი სახელი ასოცირდებოდეს დისკრიმინაციასთან. არავის სურს წლების განმავლობაში მოხვეჭილი რეპუტაციის შელახვა, გაყიდვების ვარდნა.  

Kaia, Adut, Anok for Fendi S/S 2019 by Karl Lagerfeld


მეტწილად, სწორედ პრესის ასეთმა რადიკალურმა დამოკიდებულებამ მრავალფეროვნებას ტრენდული და იძულებითი ხასიათიც მისცა. თუ ადრე, როცა დიზაინერს სხვა არაფერი ჰქონდა სათქმელი, ამბობდა, რომ კოლექციას ძლიერი, დამოუკიდებელი ქალისთვის ქმნიდა, დღეს ძლიერი დამოუკიდებელი ქალი შეიცვალა მრავალფეროვანი ქალით.  ელეგენატური, დამოუკიდებელი ქალის საწინააღმდეგო არავის არაფერი ჰქონია და არც მრავალფეროვანი ქალის სილამაზის წარმოჩენა უნდა იყოს პრობლემური საკითხი, მთავარი კითხვები: იყენებენ თუ არა აზიელ, აფრო-ამერიკელ, პლუს ზომის, ლგბტ თემის წევრებს მხოლოდ იმიტომ რომ გავლენიან პრესაში ჰედლაინები მიიღონ და საზოგადოებაში ქულები დაიწერონ? არის თუ არა მრავალფეროვნებაზე ამდენი საუბარი ხელოვნური და ჰედლაინებზე-დამშეული პიარი?

„ყოველთვის, როცა გადაღებაზე მივდივარ, უკვე იციან რას ჩავიცვამ, რა იქნება ჩემთვის მისაღები. თუ კანი ცოტათი მიჩანს, სამოსის შეცვლას ვითხოვ. მთავარია ვინ ხარ და შესაბამისად მოიქცე.“ -ჰალიმა ადენი (ვოგის პირველი ჰიჯაბიანი მოდელი)

ჰალიმას სიტყვებს რედაქტორების, დიზაინერების, პრესის მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ იგივეს ამბობს არა ჰიჯაბიანი გოგო, არამედ სხვა რელიგიური კუთვნილების გოგონა, რომელიც კასტინგზეა მისული. იქნება თუ არა თეთრკანიანი, არამუსლიმი მოდელისგან არაპროფესიონალიზმი,თუ იტყვის რომ მხოლოდ იმ სამოსს ჩაიცვამს, რომელიც თვითონ მოუნდება? რა თქმა უნდა, რადგან მოდელის პროფესია იმ ტანისამოსის საუკეთესოდ წარმოჩენას გულისხმობს, რომელსაც დიზაინერები ქმნიან, აწვდიან და არა რომლის ჩაცმაც მოდელს თავად სურს.
ჩვენ ჯერ კვლავ ასობით ისტორიას ვკითხულობთ გოგონებზე, რომლებსაც ჩვენებებიდან ხსნიან, გადაღებებიდან აგდებენ, რადგან 17 წლის ასაკში გაშიშვლება არ უნდათ. ამ გოგონებმაც იციან ვინ არიან და როგორ მოიქცნენ, მაგრამ არავინ უსმენთ, რადგან მათი მოსმენისთვის ქასტინგ დირექტორებს და რედაქტორებს ნიუ-იორკ ტაიმსი ჰედლაინს არ მიუძღვნით. პარალელურად ვუყურებთ ჰალიმას, რომელიც მოდას თმის და კანის გამოჩენის გარეშეც იპყრობს. და მე არ მჯერა 2, ან 3 ინდუსტრიის. ინდუსტრია არის ერთი და ის ხშირად ძალიან ყალბი, ხელოვნურია.