2018 წელს არ იყო აუცილებელი მოდის უახლესი ტრენდების მიმდევარი ყოფილიყავით, გამოწერილი გქონოდათ Fashionholics Online, ან მოდის შესახებ რომელიმე სხვა უცხოური, თუ ქართული საინფორმაციო წყარო, საიმისოდ, რომ ქართულ მოდაში მიმდინარე რამდენიმე მოვლენისთვის მაინც მოგეკრათ თვალი. თუ თქვენ გასული წლის განმავლობაში იყენებდით სოციალურ ქსელებს და ინტერესდებოდით რას აშუქებდნენ საქართველოში პოპულარული მედია საშუალებები, რთული დასაჯერებელია, რომ არაფერი გსმენიათ აი იმ ბიჭზე წვრილი სათვალეები ყველას რომ მოარგო პამელა ანდერსონიდან ჯიჯი ჰადიდამდე, ან იმ გოგონაზე, რომლის მხარდაჭერისთვის ვიქტორია სეკრეტის ქასტინგებზე მთელი საქართველო რომ ერთიანდება. დავუშვათ წვრილ სათვალეებზე არაფერი გსმენიათ, მაგრამ ნუ ეცდებით დამაჯეროთ,რომ ქართულ მედია საშუალებებთან, სოციალურ ქსელებში პოპულარულ გვერდებთან წვდომა გაქვთ და არც იმ მღელვარებას მოუღწევია თქვენამდე, რომელიც დემნა გვასალიას მავთულხლართებმა გამოიწვია. თუ უახლოეს წარსულში ქართულ მოდაში მომხდარი სიახლეებით მხოლოდ ვიწრო წრე, მოდაში დასაქმებული ადამიანები, ან ისინი ინტერესდებოდნენ, ვისთვისაც ტრენდული სამოსი ცხოვრების ერთ-ერთი პრიორიტეტია, დღეს ეს სფერო საინტერესო გახდა უფრო დიდი აუდიტორიისთვის. გასული წელი ამის დასტურია. გთავაზობთ 2018 წლის მიმოხილვას და ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ქართულ მოდას და ხელს უწყობენ ქვეყნის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.

2008 წელს, როცა დავით კომახიძემ ლონდონის Central Saint Martins დაამთავრა და მოდის ბიზნესში აქტიურად დაიწყო მოღვაწეობა, ის ერთადერთი ქართული წარმომავლობის დიზაინერი იყო, რომელიც მსოფლიოში მნიშვნელოვან ადამიანებს აცმევდა. 10 წლის შემდეგ მომენტის წამყვანი სუპერმოდელები, მუსიკოსები, მსახიობები ირჩევენ: ლელა ელოშვილს, მაჭარაშვილებს, ირაკლი რუსაძეს, თამუნა ინგოროყვას, ანუკი არეშიძეს და გიორგი ქებურიას. 2018 წლის იანვარში სოლანჟი ჟურნალ SURFACE-ს ყდაზე გიორგი ქებურიას სათვალით გამოჩნდა. შემდეგ იყო ჯიჯი ჰადიდი ქებურიას სათვალით, რიანა გიორგი ქებურიას ექსკლუზიური მოდელით, კარდაშიანები ქებურიას სათვალით, ქებურიას სათვალე Ssense-ზე, ქებურია Browns-ზე, ქებურია Net-a-Porter-ზე, ქებურია პარიზის მოდის კვირეულზე, პამელა ანდერსონი ქებურიას სათვალით, ქებურია ფორბსში, ქებურია ვოგში. ასე გახდა გიორგი ქებურია ადგილობრივ დიზაინერებში პირველი ქართველი, რომლის პროდუქტმაც საერთაშორისო მღელვარება გამოიწვია.

2018 წელს გავიხსენებ, როგორც მამაკაცის მოდის გააქტიურებას ქართულ მოდის ინდუსტრიაში. ბოლო დროს ბრენდი აზნაური შემოიჭრა დიდი ხმაურით, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ აზნაურის მთავარ დიზაინერად ირაკლი რუსაძე წარგვიდგინეს. რუსაძე, რომელმაც პირველი დიდი ყურადღება ბელა ჰადიდის ლუქებით მიიქცია, დღეს ქართული მოდის ფავორიტი ბიჭია. აზნაური თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის კალენდარში მამაკაცის სამოსის ერთადერთი ბრენდი გახდა, მაგრამ სულ რაღაც 2 სეზონით. მხოლოდ 2 სეზონში აზნაურმა დატოვა თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ამის შესახებ განცხადება პრესაში არ მინახავს, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის სტატუსი, სოფო ჭყონიას კომენტარი და ამ კომენტარზე ირაკლი რუსაძის „Like“ მაფიქრებინებს, რომ თანამშრომლობის შეწყვეტა სასიამოვნო გარემოებებიდან გამომდინარე არ მომხდარა.

ცუდად დასრულებული თანამშრომლობა არ ყოფილა ქართულ მოდაში მამაკაცის სამოსზე სასაუბრო ერთადერთი თემა. გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ პიტი უემოზე საქართველო სტუმარი ქვეყანაა და 6 ქართველი დიზაინერი ფლორენციაში წარადგენს ჩვენს ქვეყანას. (“Georgian Six” like “Antwerp Six” რა კარგად ჟღერს, თუმცა ჯერ ძალიან ადრეა) ექვსეულში შეირჩნენ: სიტუაციონისტი, აზნაური, ვასკა, ტატუნა ნიკოლაიშვილი, ანუკა ქებურია და გოლა დამიანი. პიტი მამაკაცის სამოსში არსებული ყველაზე კარგად გაშუქებადი და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ტრადიციულად ფლორენციაში ტარდება. საქართველოში მამაკაცის მოდის აქტუალობის გაზრდა ავთანდილ ცქვიტინიძის კაცის ხაზმაც გაამყარა. ავთანდილმა 2018 წლის ბოლოს მამაკაცის ხაზის ჩვენება პირველად მოაწყო.

აზნაური არ ყოფილა ერთადერთი ბრენდი, რომელმაც წელს თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული დიზაინერების მიმართ მიკერძოებაში დაადანაშაულა. სექტემბერში ალექსანდრ არუთინოვმა ინსტაგრამით გაავრცელა სიახლე, რომ თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რადგან ორგანიზატორები დიზაინერებს თანაბრად არ ეპყრობიან, ზოგიერთებს უფრო უწყობენ ხელს. არუთინოვმა სიახლეს თან სოფო ჭყონიას გამოქვეყნებული ფოტო დაურთო. ფოტოზე გერმანელი სუპერმოდელი,  ჰაიდი კლუმი ოფიშალის 2018 წლის სექტემბრის ნომრისთვის პოზირებს. ჰაიდის აცვია არუთინოვის სამოსი და უკეთია გიორგი ქებურიას სათვალე, სოფო ჭყონიას მონიშნული აქვს მხოლოდ ქებურიას სათვალე. იწერებოდა, რომ ჟურნალს არ ჰქონდა მითითებული არუთინოვის ბრენდი და სწორედ ამიტომ არ აღნიშნა თბილისის მერსედეს ბენც მოდის კვირეულის ორგანიზატორმაც, თუმცა ფაქტი ერთია,არუთინოვმა კვირეული დატოვა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მისი არყოფნა თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულს რამეს დააკლებს, მაგრამ მიჩნდება კითხვა, ვინ ტოვებს საერთაშორისო პრესაში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოდის კვირეულს მხოლოდ ერთი “Tag”-ის მიზეზით? ლოგიკურად მეფიქრება, რომ კლუმის ფოტოზე აღნიშვნა უბრალოდ ბოლო წვეთი იყო არუთინოვისთვის, რომ კვირეული დაეტოვებინა. სავსებით შესაძლებელია იმიტომ რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა.

არუთინოვის და აზნაურის კვირეულიდან წასვლა არ ყოფილა ერთადერთი სიახლე. დიზაინერები კვლავ გადადიან ერთი მოდის კვირეულიდან მეორეში, შემდეგ ბრუნდებიან, ან ტოვებენ სეზონებს. ივლისში თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ფავორიტი ახალგაზრდა დიზაინერი, ანი დათუკიშვილი გადავიდა მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე. 2018 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი სახელი შეემატა თბილისის MBFW-ს. ატელიე კიკალამ შემოქმედებით ხელმძღვანელად ტატო ორაგველიძე დაასახელა,თუმცა თანამშრომლობამ დიდხანს არ გასტანა. ორაგველიძემ ატელიე კიკალა დატოვა, 2019 წლის გაზაფხულის სეზონზე კი ბრენდმა მერსედეს ბენც მოდის კვირეულზე სეზონი გამოტოვა.


ვიქტორია სეკრეტის ქასტინგზე მიმავალი თაკო ნაცვლიშვილი, 2018 წლის 29 აგვისტო, ნიუ-იორკი. @photograph_in_

სკანდალები არ აკლდა ვიქტორია სეკრეტსაც, რომელიც ყოველი წლის აგვისტოში და სექტემბერში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა. წელიწადის ამ დროს  საცვლების ლიდერი კომპანია ჩვენებისთვის მოდელებს არჩევს. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია სეკრეტის ანგელოზის კონტრაქტი მოდელის კარიერისთვის აღარ არის ისეთი გავლენიანი და პრესტიჟული, როგორიც 2000-2010 წლებში, VS ჯერ კვლავ მნიშვნელოვანი პლატფორმაა ნებისმიერი მოდელისთვის. თაკო ნაცვლიშვილი ქასტინგზე მესამედ გავიდა. თაკოს ფოტოებს გამოხმაურება არამარტო ქართულ მედიაში, არამედ პოპულარულ უცხოურ ბლოგებზეც მოჰყვა. ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ თაკო უფრო თავდაჯერებული, დახვეწილი და მომზადებული მივიდა. სწორედ ამიტომ ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვისაც გასაკვირი იყო, როდესაც ნაცვლიშვილი ფინალურ ტურში ვერ მოხვდა. თუ ვიქტორია სეკრეტის ქასტინგს არ ჩავთვლით, თაკოს კარიერაში წელს აღსანიშნი ორი რამ მოხდა: არმანის სარეკლამო რგოლი და ფოტოსესია დეივიდ ბელემერესთან.

დატვირთული წელი ჰქონდა თათია ახალაიას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოგზაურობდა და მონაწილეობას იღებდა პროექტებში. ყველაზე მნიშვნელოვანი დოლჩე&გაბანას ალტა მოდა შოუ იყო. ალტა მოდა დოლჩე&გაბანას ოტ კუტიურია. თათიამ ჩვენებაზე ლეგენდარულ სუპერმოდელებთან ერთად გაიარა, მათ შორის იყო ნაომი ქემბელიც. აღნიშვნის ღირსია რობერტო კავალის, ზუჰაირ მურადის, იზი მიაკის და სხვა არაერთი ბრენდის ჩვენება, რომელთა პოდიუმზეც ქართველი მოდელი გასული 12 თვის განმავლობაში გამოდიოდა.

მარიშა ურუშაძე მუგლერის ჩვენებაზე.

მნიშვნელოვანი თანამშრომლობა დაასრულა მარიშა ურუშაძემ. მარიშა 1 წლის განმავლობაში გუჩის ექსკლუზიური მოდელი იყო. გუჩი 2018 წლის ბრენდია და მარიშა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც 1 წლის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდის ყველა პროექტში მიიღო მონაწილეობა. გუჩის ჩვენებაზე ურუშაძის ჯერჯერობით ბოლო გამოსვლა 2019 წლის კრუიზ სეზონზე ვიხილეთ. ჩვენება სამხრეთ საფრანგეთში გაიმართა. სპეციალურად გუჩისთვის საფრანგეთში 400 საერთაშორისო სტუმარი ჩაფრინდა. სექტემბერში ურუშაძემ კიდევ ერთი ტოპ ბრენდი შემატა თავის პორტფოლიოს. 2018 წლის შემოდგომაზე მუგლერში ქეისი ქადუალედერის სადებიუტო ჩვენება შედგა პარიზის მოდის კვირეულზე. მარიშა სწორედ ამ შოუზე ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ქეისიმ მუგლერში დავით კომახიძე შეცვალა. დავითი მუგლერს 4 წლის განმვალობაში ხელმძღვანელობდა.


სტაბილურად წარმატებული წელი ჰქონდა დათო კომახიძეს, რომელმაც მუგლერიდან წასვლის შემდეგ პირველი კოლექციები წარადგინა. ვარსკვლავებში კომახიძე კვლავ ყველაზე ხშირად ჩაცმადი ქართველი დიზაინერია. კომახიძე წელსაც ეწვია საქართველოს, თუმცა გოშა რუბჩინსკის ვიზიტმა ქართულ მოდის ინდუსტრიაში ყველას სტუმრობა გადაფარა. ბოლო დროის ყველაზე განხილვადი რუსი საქართველოს გაზაფხულზე და შემოდგომაზე ეწვია. გოშა არ ყოფილა ერთადერთი წარმატებული რუსი, რომელმაც წელს საქართველოში სტუმრობა გადაწყვიტა. ოქტომბერში სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა და დიზაინერი იულიანა სერგეენკო იმყოფებოდნენ ყაზბეგში. ყაზბეგში მოეწყო ფრანგული მერი ქლეარის ყდის ფოტოსესიაც. ესტონელი კარმენ პედარუ ფრანგულმა გამოცემამ საქართველოს რამდენიმე კუთხეში გადაიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მოდაში ისეთი უცხო ხილი აღარ არის, როგორც წლების წინ და 2018 წელიც მოწმობს, რომ წინსვლა სახეზეა, ერთი სახელი და გვარი კვლავ ძალიან დომინანტურია. დემნა გვასალია წლის აქსესუარების დიზაინერია, დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით ბალენსიაგამ 4 თვეში 460 მილიონი ევრო გამოიმუშავა, დემნა გვასალიას ბოტასი წლის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, დემნა გვასალიამ მარჯიელაზე კითხვებს პასუხი გასცა, დემნა გვასალიამ 18 ქართველი მოდელი ჩაიყვანა პარიზში, დემნა გვასალია ბრიტანული ჯიქიუს მიერ მოდაში 5 ყველაზე გავლენიან ადამიანშია, დემნა გვასალია ქართველების კითხვებს პასუხობს, დემნა გვასალიას ვეტმანი ჰაისნობაეთის უპირისპირდება, ნიუ-იორკის სუვენირების კომპანია დემნა გვასალიას სასამართლოში უჩივის, დემნა გვასალიამ ბალენსიაგას სტუდია ციურიხში გადაიტანა, დემნა გვასალია პირველად საუბარობს თავის წარსულზე ღიად და თამამად. ქართულ მოდაზე სასაუბრო ყველა თემა ბოლოს მაინც დემნასთან მიდის და 2018 წელი არ ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი.

VETEMENTS S/S 2019

წელს აღნიშვნას იმსახურებს ვეტმანის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება და ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან. დემნამ 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული საქართველოს მიუძღვნა და გასულ 4 წელში პირველად დათანხმდა ქართველებს ინტერვიუზე. „ჩემი „ქამინგ აუთი“ ჩემივე ქვეყანასთან“ გვასალიამ ვეტმანის გაზაფხული 2019 ასე აღწერა. გაჩნდა ბევრი კითხვაც, დაიწყო კამათიც, რას ნიშნავდა 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში რუსული და ამერიკული პასპორტები? უკრაინის დროშის ფერებში შექმნილი მაისური? გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში თურქეთის დროშები? „უფალო შეგვიწყალენ“ და „იდი ნახუი“ ერთ კოლექციაში? რუსული ჩექმა, როგორც ოკუპაციის სიმბოლო,თუ?

„დღეს მონოპრიქსის მაისური მაცვია, უცხოს შესაძლოა მონოპრიქსის მოლარე ვეგონო. მე მიყვარს ორაზროვნება. როცა მონოპრიქსის ზედას ვიცვამ, რა მესიჯს ვიძლევი? ვამბობ,რომ მაგარია, როცა სუპერმარკეტში მუშაობ,თუ ხალხს ვაძლევ სალაპარაკოს, რატომ მაცვია მონოპრიქსის ზედა, როცა შემიძლია ბალენსიაგა მეცვას?“ – დემნა გვასალია საკუთარ სტილზე საუბრისას, 2018 წელი.

და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კაცი ოდესმე გარკვევით დახატულ სურათს მოგვცემს, რომელზეც ყველაფერს კითხვების გარეშე ამოვიკითხავთ, ცდებით, რადგან მას ძალიან უყვარს, როცა კითხვებს აჩენს.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, დიზაინერი: ჯაბა დიასამიძე.

ბოლოსთვის მოვიტოვე საქართველოში 2018 წლის ყველაზე განხილვადი თემა. 2018 წელს ქვეყანამ პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ოთხი მამაკაცის შემდეგ, საქართველოს ქალი პრეზიდენტი ჰყავს,რომლის ჩაცმულობა ინაუგურაციაზე აქტუალური იყო. სალომე ზურაბიშვილის სამოსზე ჯაბა დიასამიძემ იზრუნა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი დიზაინერია, მაგრამ საქართველოს დროშის ფერები ინაუგურაციაზე?

*Me in Miranda Prestley’s Voice:  “Groundbreaking!”