2 თვის წინ ბრიტანული პრესა მოიცვა სიახლემ, რომ სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი ბრიტანული ვოგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნომრის, სექტემბრის თვის მიწვეული რედაქტორი იქნებოდა და ყდასაც დაამშვენებდა. სამეფო ქორწილის შემდეგ, მოდის ინდუსტრია მოუთმენლად ელოდა მეგანის ვოგის ყდაზე გამოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ ჭორებიც და მოლოდინიც არსებობდა, მეგანმა მაინც მოახერხა „ტრადიციის დარღვევა“ და განსხვავებული შედეგის შემოთავაზება. ის გახდა ვოგის 100 წლიან ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელმაც სექტემბრის ნომერში მიწვეულ რედაქტორად იმუშავა, თუმცა უარი თქვა გარეკანზე. მეგანმა 15 ქალი შეარჩია და ფოტოგრაფ პიტერ ლინდბერგთან თანამშრომლობით შავ-თეთრი ფოტოების სერია გადაიღო, რომელიც კოლაჟის სახით გამოიტანა ყდაზე. სამეფო ოჯახის ახალი წევრის თქმით, არ სურდა თავისი სახით ყდაზე სხვა ქალები დაეჩრდილა და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითონ რედაქტორის ამპლუაში წარმოეჩინა საკუთარი თავი, ხოლო ყდა არანაკლებ მნიშვნელოვანი და გასაოცარი ისტორიის მქონე ქალებისთვის დაეთმო.

ყდაზე: Adut Akech, Adwoa Aboah, Ramla Ali, Jacinda Ardern, Sinead Burke, Gemma Chan, Laverne Cox, Jane Fonda, Salma Hayek Pinault, Jameela Jamil, Chimamanda Ngozi Adichie, Francesca Hayward, Yara Shahidi, Greta Thunberg, Christy Turlington Burns. ფოტოგრაფი: Peter Lindbergh.

ბრიტანული ვოგის 2019 წლის სექტემბრის ნომრის 15 ქავერვარსკვლავში მოხვდნენ ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიის, გარეგნობის, ასაკის, წარმომავლობის, ისტორიის მქონე ქალბატონები. მათ აერთიანებთ ენთუზიაზმი და მონდომება მსოფლიოში პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად. კლიმატური ცვლილებების 16 წლის შვედი აქტივისტი, გრეტა თანბერგი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, ვინც ბრიტანული ვოგის ყდაზე დაიბეჭდა. ჟურნალ ვოგში პირველად გადაიღეს ახალი ზელანდიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჯაკინდა არდერნი. ყდაზე ვხედავთ 3 განსხვავებული თაობის მოდელს: ლეგენდარული კრისტი ტორლინგტონი, რომელმაც აქტიურ სამოდელო კარიერას თავი 2002 წელს დაანება და ძალისხმევა ორსული ქალების და დედების მხარდასაჭერად გამოიყენა,  ადვოა აბოა – მოდელი, რომელმაც თავი დააღწია მენტალურ კრიზისს, სუიციდის მცდელობას და ახალგაზრდა გოგონებისთვის შექმნა პლატფორმა, რომელიც მათ დეპრესიის, რთული მენტალური პრობლემების გადალახვაში ეხმარება და ადუთ აკეჩი, დევნილი სამხრეთ სუდანიდან, რომელსაც თანამედროვე კონკიას ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გარეკანზე 15 ქალია გამოსახული, ყდაზე 16 ფანჯარას ვხედავთ და ერთ-ერთი მათგანი ცარიელი სარკეა. მეგანის და ედვარდის მიზანია ქალებმა შევხედოთ ყდას და საკუთარი თავი დავინახოთ ამ ქალბატონების გვერდით, რომლებიც თავიანთი საქმიანობით მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლიან.

ნომერს მნიშვნელოვანს ექსკლუზიური ინტერვიუებიც ხდის. ორსულობის დროს მეგან მარკლი ამერიკის ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამას შეხვდა და სპეციალურად ბრიტანული ვოგის სექტემბრის ნომრისთვის ინტერვიუ ჩაწერა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ ამ ისტორიაში სამეფო ოჯახიდან ვარსკვლავი მეგანია, ვოგის მიღმა არც პრინცი ჰარი დარჩენილა. სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია პრინცი ჰარის ექსკლუზიური ინტერვიუ ლეგენდარულ ჯეინ გუდალთან.

ედვარდმა ძალიან მოინდომა, რომ სექტემბრის  ნომერი გავლენიანი გამოსულიყო, თუმცა ცხადია, რომ მან ფსონი სახელებზე დადო და არა გადაღების შემოქმედებით მხარეზე, რადგან ყდა არ არის საკმარისად მოდური ბრიტანული ვოგის სექტემბრის ნომრისთვის. რომ არა მეგან მარკლი, როგორც მიწვეული რედაქტორი, მიშელ ობამა და 15 აქტუალური ქალბატონი, ყდა იტალიური ვოგის დამატებით ბუკლეტს მაგონებს. ვისურვებდი ფოტოები ფერადი ყოფილიყო, ედვარდისგან უფრო გაბედული ნაბიჯი იქნებოდა. ტრადიციაა, რომ მოდის ყველა რედაქტორი, როდესაც ნომერს სიღრმისეულ თემაზე აკეთებს, შავ-თეთრს ირჩევს, თითქოს ჟურნალს ასე უფრო სერიოზულს და დამაფიქრებელს ხდიან. სახალისო და სტერეოტიპულია, თუმცა ენინფულმა თავისი სათქმელი თქვა, ახლა ჯერი ანა ვინტურზეა.