ბოლო რამდენიმე თვეა ვხედავთ, რომ მოდური ჟურნალები არ ცდილობენ თავი აარიდონ ფაქტს, რომ პანდემიამ ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალა. არ გვიკვირს, როდესაც ვოგის ყდებზე თეთრ ფონს, ირვინ პენის გადაღებულ ყვავილს, პირბადეებში კოცნას თუ წინა ხაზზე მომუშავე ინდივიდების ფოტოებს ბეჭდავენ. რედაქტორები განსხვავებულ გზებს ეძებენ იმ რეალობის საჩვენებლად, რომელსაც მოდა ყოველთვის თავისებურად გამოხატავს და ცდილობენ ყოველი ახალი ნომერი გარკვეულ მესიჯს უგზავნიდეს საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს მოლოდინი, რომ მოდური ჟურნალების ახალ ნომრებს არატრადიუციული სახე ექნებათ, ივნისის თვის იტალიური ვოგი არის ყველაფერი, რასაც წარწერა VOGUE – ის ფონზე არ უნდა ველოდეთ.
ახალი ნომრის ბავშვებისთვის მიძღვნით ემანუელე ფარნეტიმ კიდევ ერთხელ გამოიწვია საკუთარი თავი, შედეგი კი ძალიან საკამათოა. თუ ბავშვების მიმართ არსებულ სენტიმენტებს საშუალებას არ მივცემთ დაგვაბრმავოს, იტალიური ვოგისთვის სრულიად შეუსაბამო, არაბუნებრივი და უხერხულად ყალბი გადაწყვეტილება უნდა დავინახოთ.
“ეს ნომერი ბავშვებისთვის სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებთან ერთად შეიქმნა. ისინი პანდემიის ყველაზე გამოუაშკარავებელი და ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი მსხვერპლები არიან; მათი საშუალებით ვიწყებთ ახალი სამყაროს წარმოდგენას,”- ფარნეტის ამ განცხადებაში სადავო თითქოს არაფერია. არც ბავშვების ნახატებშია რამე ცუდი, პირიქით, ისინი ღიმილის გვგვრიან თავიანთი უბრალოებით, სილაღითა და გულწრფელობით. თუმცა იტალიური ვოგი არ არის ბავშვებისთვის განკუთვნილი ზღაპრების წიგნი. მისი უმთავრესი დანიშნულებაა სურვილი გაგიჩინოს იყიდო ის, რასაც თავის გვერდებზე სხვადასხვა სახით წარმოგიდგენს. თეთრი ფონი თუ იტალიური ვოგის მხრიდან მადლიერების დროული, სწორი და მოსაწონი გამოხატულება იყო, ივნისის ნომერი ბავშვებს და მათ თავისუფალ წარმოდგენებს უხეშად იყენებს. ემანუელეს გადადგმული ნაბიჯები ხშირად ბადებს აზრს, რომ ნორმებისთვის გადახვევა ყოველთვის გმირად არ გაქცევს და ამას ზოგჯერ ტრადიციებით ხელმძღვანელობა ჯობს. რომ მარტივი ყოველთვის გენიალური არ არის. არც უპრეცედენტო გადაწყვეტილება ამართლებს მუდამ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვიღაცამ როგორც იქნა მიიღო.
ნომერი რვა განსხვავებული გარეკანით გამოიცა. რვავე მათგანზე ორიდან ათწლამდე ბავშვების ნახატები დაიბეჭდა. მათ შანელის 2019 წლის Métiers d’art კოლექციიდან თითო ლუქი წარმოაჩინეს თავიანთი ხედვით.
ერთ-ერთ ყდასთან და მის ავტორთან დაკავშირებით ფარნეტის ინსტაგრამზე ვკითხულობთ:
“ვიოლეტა ხუთი წლის არის და მილანში ცხოვრობს. თავდაპირველად, არ უნდოდა ნახატის შექმნა, მაგრამ, როდესაც გაიგო, რომ ის იმ ჟურნალისთვის იქნებოდა გამოყენებული, რომელსაც პრესის ჯიხურში ყიდულობ, მასში დიდი ძალისხმევა ჩადო. შემდეგ, როცა უთხრეს, რომ ნახატი გარეკანზე იქნებოდა, სიცილით მოკვდა.”
ცხადია, იტალიური ვოგის ივნისის ზღაპარი ბავშვებისთვისაც დაუჯერებელია.