კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ… ჰოლივუდში“ 2019 წლის ზაფხულში კინო ინდუსტრიის ყველაზე გახმაურებული მოვლენაა. მსახიობების ვარსკვლავური შემადგენლობა და ტარანტინოს რეპუტაცია ფილმის წარმატების გარანტი გახდა. გთავაზობთ პატარა ინტერვიუს ფილმის კოსტუმების დიზაინერთან, არიანა ფილიპსთან, რომელიც ოსკარზე ორჯერ გახლავთ ნომინირებული კოსტუმების საუკეთესო დიზაინერის კატეგორიაში.
კვენტინ ტარანტინოს კინოში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სტილი აქვს. რა იყო საწყისი და როგორი იყო მასთან მუშაობა?
ტარანტინოსთან პირველად ვიმუშავე და ეს ძალიან გამორჩეული იყო. მისნაირი რეჟისორი არ არსებობს. ისეთი გამოცდილებაა, რომელიც ვიცი, რომ აღარ განმეორდება, თუ მის უკანასკნელ ფილმზე არ ვიმუშავებ. საწყისი და ყველაფრის ცენტრი სცენარი იყო. რადგან ფილმი ჰოლივუდზეა, შესაძლებლობა გეძლევა, რომ ისტორია ეკრანზეც და მის მიღმაც მოყვე. ისტორია 1969 წელს ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესთეტიკურად წარმოაჩინო რა ხდებოდა მაშინ ჰოლივუდში.
რა არის შენი ფავორიტი 60-იანების სტილში?
ფაქტი, რომ 2019 წელს ჰგავს, ცვლილებების დროა. შეგიძლია სამყაროში არსებული მიკროსამყაროები დაინახო. ჩვენი ჩაცმულობით იდენტობას გამოვხატავთ, ვაჩვენებთ როგორ გვინდა მსოფლიო აღგვიქვამდეს, ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ადამიანების არჩევანის ხილვა. 50-იანებში ხალხი ერთნაირად გამოიყურებოდა, მაგრამ 69 გამოწვევებით სავსე იყო, რადგან ჩვენს ისტორიაში ცვლილებების დრო დადგა. ახლაც იგივე გრძნობა მაქვს. როგორც მაშინ, ახლაც შეგიძლია შექმნა იმ ტომისთვის, რომელსაც თავს მიაკუთვნებ.
1969 წელს ქვეყნის გარშემო ბევრი რამ ხდებოდა
იმიტომ რომ ჰოლივუდი და კულტურა იცვლებოდა. „ჰიპების ჰოლივუდი“ როგორც ტარანტინო უწოდებს. ახალგაზრდულმა მოძრაობამ წინ წამოიწია. აუცილებელი აღარ იყო ახალი ტანსაცმელი გცმოდა, მთავარი თვითგამოხატულება იყო, მიქსი განსხვავებული ადამიანების, ისინი, ვინც დიზაინერების ძვირადღირებულ სამოსს ატარებდნენ და ბავშვები, რომლებსაც უბრალოდ ჯინსები და თეთრი მაისურები ეცვათ. ლოს-ანჯელესს საკუთარი სტილი ჰქონდა. თუ 60-იანების ლონდონის და ნიუ-იორკის ფოტოებს ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ კალიფორნიისგან ძალიან განსხვავდება. ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რამ, რაც ფოტოების დათვალიერებისას შევამჩნიე, ისაა, რომ უმრავლესობა შიშველი ფეხებით მოძრაობდა. შერონ ტეიტი (რომლის როლსაც ფილმში მარგო რობი ასრულებს) ცნობილი იყო თავისი ფეხშიშველი სტილით.
კოსტუმის ძირითადი შთაგონების წყარო ვინტაჟური სამოსი იყო?
მთავარი კოსტუმები ძირითადად ჩვენით შევქმენით. ვინტაჟური სამოსის მაღაზიებთან ერთად, გამოვიყენეთ ორი არაჩვეულებრივი საწყობი: Western Costume და Palace Costume, სადაც ფილმების კოსტუმების არქივები ინახება.
რა გამოწვევების წინაშე იდექით ფილმის გადაღების დროს?
ვიტყოდი, რომ ერთადერთი ნამდვილი გამოწვევა ლოჯისტიკური მხარე იყო. ძალიან ბევრი ადგილი და დიდი შემადგენლობა, ასობით მსახიობი. ჩემდა საბედნიეროდ დიდებულ გუნდთან ვმუშაობ, შესაძლებლობა მქონდა ამ ბიზნესში საუკეთესო ხალხი ამეყვანა.
და მაინც, ფილმის კოსტუმების მთავარი შთაგონების წყარო რა არის?
სცენარი და უამრავი რეფერენსი, რომელიც კვენტინ (ტარანტინომ) გადასახედად მომცა. სცენარი არაჩვეულებრივი იყო. ყველაფრისგან გამორჩეული იყო, რაც წამიკითხავს.