„იაპონიამ თავიდანვე დამაინტერესა, მისი აღმოჩენისთანავე მოვიხიბლე ამ ანტიკური და თანამედროვე ქვეყნით და მას შემდეგ ხშირად გამხდარა ჩემი შთაგონების წყარო,“ – განაცხადა ივ სენ ლორანმა 1990 წელს, ოთხი წლის შემდეგ კი იაპონურ კულტურას და ტრადიციებს კოლექციით კიდევ ერთხელ მიაგო პატივი.

1994 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე YSL – ის ჩვენებაზე წარმოდგენილი საღამოს ლუქები კიმონოს პირდაპირ რეფერენსს წარმოადგენდა. მაგრამ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა ამ ქვეყანასთან დაკავშირებული მოტივები ლეგენდარული დიზაინერის შემოქმედებაში გამოჩნდა.

„ივ სენ ლორანი ხშირად ესესხებოდა აზიას იდეებს და მგონია, რომ მას განსაკუთრებით იაპონია უყვარდა. ის ნამდვილად იყო ადამიანი, ვისაც კარგად ესმოდა როგორც იაპონური კულტურის იკონოგრაფია, ისე ესთეტიკა.“

– კენზო ტაკადა

ივი ჯერ კიდევ კრისტიან დიორთან მუშაობდა (1955-1957), როდესაც დიზაინში იაპონური მემკვიდრეობის გამოყენება მოუწია. დიორი თავის პროტეჟესთან ერთად ექსპორტზე გასატან კოლექციას ქმნიდა, რომლისთვისაც იაპონიიდან ოქროსფერი ძაფით მოქარგულ აბრეშუმისებრ ძვირფას ქსოვილებს იყენებდა. მისი პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში კი 1963 წელს შედგა.

Japan, Tokyo, April 8, 1963.
© Droits réservés

თითქმის ორი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც სენ ლორანმა თავისი საკუთარი ოტ კუტიურ მოდის სახლი გახსნა, როცა ის თავის პარტნიორ პიერ ბერჟესთან ერთად იაპონიაში გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის წარსადგენად ჩავიდა.

Yves Saint Laurent SS 1963 Haute Couture show, Tokyo, April 10, 1963
© Droits réservés

ტოკიოსა და კიოტოში ისინი განსაკუთრებით მოხიბლა მრავალმა აყვავილებლმა საკურამ და ბრწყინვალე კიმონოებში გამოწყობილმა კურტიზანმა ქალებმა. ქალაქ ნარაში ვიზიტისას მათზე შთაბეჭდილება მოახდინეს თავისუფლად მოსიარულე ირმებმაც.

ამ პერიოდიდან ივი და პიერი იაპონური ნივთების შეგროვებას აქტიურად იწყებენ. მათ მფლობელობაში არსებული აზიური, განსაკუთრებით კი იაპონური, ნივთების კოლექციიდან უმეტესი ნაწილი საფრანგეთში ყოფნისას აქვთ გალერიების მეპატრონეებისგან თუ ანტიკვარებით მოვაჭრეებისგან შეძენილი, რამდენიმე კი პირადად შეუკვეთეს იაპონიაში ყოფნისას.

კუნიკო ცუცუმის საშუალებით ივ სენ ლორანის მოდის სახლისთვის იაპონიაში დიზაინერის პირველი ვიზიტი ბიზნესის კუთხითაც წარმატებული გამოდგა, რადგან მის ბრენდსა და სეიბუს მაღაზიებს შორის საქმიანი შეთანხმება შედგა და კუნიკომ ოტ კუტიურ კოლექციიდან თავის მაღაზიებში გასაყიდად გარკვეული ნაწილები შეარჩია. როცა პიერი და ივი 1975 წელს იაპონიაში კვლავ დაბრუნდნენ, ჩვენებები ისევ სეიბუს მაღაზიაში მოეწყო.

1975 წელს ივი და პიერი იაპონიას შემოდგომა/ზამთრის კოლექციის წარსადგენად ესტუმრნენ. ამჯერად მათ სტუდიიდან თან ახლდათ ან-მარი მუნოსი და ლულუ დე ლა ფალეზი, სამეგობრო წრიდან ასევე ბეტი კატრუ და მარინა სკიანო, ექვსი მოდელი და ორი დამხმარე. 6-დან 18 ნოემბრის ჩათვლით ისინი მონაწილეობას იღებდნენ სატელევიზიო ინტერვიუებში, აწყობდნენ ჩვენებებს, მართავდნენ სადილებს და უკეთ ეცნობოდნენ ქვეყნის კულტურას.

Betty Catroux, Loulou de La Falaise, Anne-Marie Muñoz, Yves Saint Laurent, Pierre Bergé, Japan, Tokyo, November 1975.
© Droits réservés

ბერჟეს და სენ ლორანს განსაკუთრებით აღაფრთოვანებდათ კაბუკის წარმოდგენები, რომლებსაც იაპონიაში ყოფნისას არაერთხელ დასწრებიან. კაბუკი ეს თეატრის ტრადიციული ფორმაა, რომელიც ამ ქვეყანაში ადრეულ ედოს პერიოდში (1603-1868) ისახება. ივის ბიბლიოთეკა მდიდარი იყო ამ ქვეყნისადმი მიძღვნილი წიგნებითაც, რომლებიც არაერთხელ გამხდარა აშკარა ინსპირაცია მის შემოქმედებაში, რაც შეგვიძლია ნათლად დავინახოთ როგორც ზემოთ ნახსენებ 1994 წლის კოლექციაში, ისე 1977 წელს ნაჩვენებ YSL – ს ჩანთებში, “ოპიუმის” ბოთლში და 1978 წელს შემოთავაზებულ საღამოს ლუქში.

იაპონიით იყო შთაგონებული 1970 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან შვიდი კაბაც, რაც ამოქარგულ პატერნებში ვლინდებოდა. ბუნება, რომ იაპონური ხელოვნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ეს კარგად ჩანდა ამ ლუქებშიც.

იაპონური კულტურის ბუნებისადმი ტრფობა წარმოჩენილია ასევე 1988 წლის კოლექციაში, რომელშიც სენ ლორანის შექმნილი ქურთუკი ლესაჟის მოდის სახლმა ვან გოგის ნახატის მიხედვით მოქარგა. საუბარია 1889 წელს შესრულებულ „ზამბახებზე,“ რომელიც იაპონელი მხატვრის, ჰოკუსაის, შემოქმედებას ეხმიანება.

1983 წელს ივი გახდა პირველი მოდის დიზაინერი, რომელსაც ნიუ იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში სიცოცხლეში მოუწყეს გამოფენა. სამი თემისგან შემდგარი გამოფენა, რომელიც 1958-1990 წლებიდან ივ სენ ლორანის შემოქმედებას, თეატრისთვის შექმნილი ნახატების და მოდის ფოტოგრაფიის რეტროსპექტივას წარმოადგენდა, ნიუ-იორკის შემდეგ სხვა ქვეყნებშიც ეწყობოდა. მათ შორის იყო იაპონიაც. სწორედ მაშინ, 1990 წლის შემოდგომაზე სენ ლორანი კიდევ ერთხელ ეწვია იმ ქვეყანას, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ახდენდა მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას.