ენტონი ვაკარელო ჯერ კვლავ არ არის საკმარისად თავდაჯერებული, რომ სან ლორანში საკუთარი ხედვა გვაჩვენოს, თუმცა დრო გადის და ბელგიელი უფრო კომფორტულად ერგება საკუთარ როლს.
80-იანების ძლიერი მხრები, აბრეშუმი, ედი სლიმანის როკ’ნ’როლი და ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად ასოცირდებიან სან ლორანთან: Betty Catroux, Catherine Deneuve, Bianca Jagger. სიახლე არაფერია, მაგრამ სამოსი სასურველი, სექსუალური და თავდაჯერებულია.

„არ მინდა დიდი ზომის სამოსზე ვისაუბრო, რადგან ყველა ამაზე საუბრობს. ეს უფრო სტრუქტურული სილუეტია, რომლითაც მინდა ქალებს ძალაუფლება მივცე. ის არ არის მებრძოლი, არც ბოროტი, უბრალოდ თავდაჯერებულია.“  – ენტონი ვაკარელო.

ჩვენება ბრაზილიელმა მოდელმა გახსნა. ანა ჰერერა 3 წელია მოდის ინდუსტრიაში წარმატების მიღწევას ცდილობს. ეს შესაძლოა პირველი დიდი მომენტი გახდეს, რომელიც შექმნის ანას წარმატებულ კარიერას.

103 ლუქში 18 მამაკაცებს დაეთმოთ. მიუხედავად იმისა, რომ ედი სლიმანი მოდის თამაშში ჩაერთო, ვაკარელო არ აპირებს შეწყვიტოს ედის მემკვიდრეობის გამოყენება. შესაძლებელია იმიტომ რომ თვლის, რაც ედიმ სან ლორანში გააკეთა, ეს მხოლოდ მისი საკუთრება არ არის, არამედ ბრენდის. თვალშისაცემი იყო აბრეშუმი, რომელიც გვინდა თუ არა ტომ ფორდის ერას გვახსენებს. ამბიციური ცდაა, ენტონი!

2000-იანი წლები YSL by Tom Ford. (Livingly)

Saint Laurent F/W 2019 by Anthony Vaccarello (Vogue)

ვაკარელოს კოლექციები ხშირად იწვევს კრიტიკას, მაგრამ გარემო თითქმის ყოველთვის მოწონებას იმსახურებს. გაიხსენეთ ჩვენება ეიფელთან და წყალზე მოსიარულე მოდელები. 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის პოდიუმი სარკეებს შორის გაკეთდა. შოუს ფინალური ნაწილი ნეონის განათების ეფექტით მიმდინარეობდა.

სრულად ვიდეო