Fashionholics Online

ბარბარა პალვინი ვიქტორია სეკრეტის ახალი ანგელოზია. ტოპ მოდელმა და ბრენდმა ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს. ადრიანა ლიმას წასვლით VS – ში ახალი ანგელოზისთვის ადგილი გაჩნდა. პალვინი 1993 წლის 8 ოქტომბერს უნგრეთში დაიბადა. 2010 წელს ჰქონდა დებიუტი მაღალი მოდის პოდიუმზე, როდესაც პრადას ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. 2011 წელს შანელის შოუ გახსნა,თუმცა ყველაზე დიდი წარმატება მაინც ლორეალის კონტრაქტმა მოუტანა. ვიქტორია სეკრეტის პოდიუმზე პირველად 2012 წელს ვიხილეთ.


პალვინი VS-ის სარეკლამო რგოლშიც გადაიღეს და მომდევნო წელს შოუზე კასტინგის გარეშეც მიიწვიეს,თუმცა უარი თქვა. მაშინ ბარბარა კინო ინდუსტრიით დაინტერესდა და გადაწყვიტა,რომ აქტიური მოდელობა შეეწყვიტა. მალევე მიხვდა, რომ სისულელე ჩაიდინა და მოდაში დაბრუნდა. დაბრუნება ადვილი არ ყოფილა, მას 5 წელი დასჭირდა, რომ ვიქტორია სეკრეტში შანსი ისევ მიეცათ.
ვიქტორია სეკრეტისთვის წელიწადში დაახლოებით 150 გოგონა მუშაობს, მაგრამ მხოლოდ 13 მათგანი არის ანგელოზი. ყოველ წელს ჩვენებაში მონაწილეობას იღებს 63 მოდელი, მათ შორის ანგელოზები (კონტრაქტიანი ტოპ მოდელები) არიან: ქენდის სვანეფული, ბეატი პრინსლო, ლილი ოლდრიჯი, ელსა ჰოსკი, სარა სამპაიო, ტეილორ ჰილი, რომი სთრიდი, მართა ჰანტი, ლაის რიბეირო, ჯასმინ ტუქსი, ჯოზეფინ სკრივერი, სტელა მაქსველი და ახლა უკვე ბარბარა პალვინიც.

რატომ ბარბარა?
ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა VS-ის გენერალური დირექტორის განცხადებას, რომელიც პლუს ზომის მოდელებს ეხებოდათ. იფიქრეს VS-ში და გადაწყვიტეს, რომ ბრენდს სჭირდება ახალი ანგელოზი, რომელიც ცნობილია, ტოპ მოდელია, თუმცა არ ზის მოდელის სტანდარტებში და წარმოადგენს მრავალფეროვან გადაწყვეტილებას. თუ ასე დავფიქრდებით, ბარბარა პალვინი საუკეთესო არჩევანია. ის ნამდვილად არის ტოპ მოდელი, რომელსაც აქვს (ჰქონდა) წარმატებული კარიერა, ინსტაგრამზე 10 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალს, არ არის გამხდარი და მაღალი, თუმცა ძალიან ლამაზია.

ბარბარა პალვინი ვიქტორია სეკრეტის 2018 წლის ჩვენებაზე,
(Photo by Dimitrios Kambouris/Getty Images)

კონტრაქტის პირობები ჯერ უცნობია,თუმცა შემიძლია დავწერო, რომ პალვინი ამ თანამშრომლობით წელიწადში დაახლოებით 100.000 დოლარს მიიღებს.