გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კელვინ კლაინი ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას შეწყვეტს და მოდის კვირეულების კალენდარს გამოაკლდება. Calvin Klein არის ბრენდი, რომელიც ლეგენდად ჯინსების, სუნამოების, საცვლების ხაზის წარმატებით იქცა, რაც საკულტო სარეკლამო კამპანიების დამსახურებაა. რა გვახსენდება პირველად, როცა კელვინ კლაინზე ვფიქრობთ, კაბის სილუეტი,  თუ ბრუკლ შილდსი ჯინსების რეკლამაში?
კელვინ კლაინის ტანსაცმლის ხაზის გაუქმებაში არაფერი იქნებოდა მოულოდნელი, ან საკამათო, თუ სიახლე 2016 წლის დასაწყისში გავრცელდებოდა, მაგრამ ახლა ეს შესაძლოა იყოს მოდური მოვლენა, რომელიც მხოლოდ კელვინ კლაინის ისტორიაში არ დახურავს მნიშვნელოვან თავს, არამედ წერტილს დაუსვამს ჩვენი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიზაინერის კარიერას.

“You wanna know what comes between me and my Calvins? Nothing!”

ბრუკ შილდსი კელვინ კლაინის ჯინსების კამპანიაში, რიჩარდ ავედონის ობიექტივში, 1980წ.

2016 წლის ზაფხულში კელვინ კლაინის შემოქმედებით ხელმძღვანელად რაფ სიმონსი დასახელდა. ქალის მინიმალისტური და მამაკაცის ნოვატორული დიზაინით ცნობილი სიმონსი იდეალური კანდიდატი იყო ბრენდისთვის, რომელიც ცნობილია ასევე მინიმალისტური იდენტობით. მხოლოდ ერთი შეუსაბამობა აჩენდა კითხვას. თუ არსებობს რამე, რაც რაფ სიმონსის სამოსთან არ ასოცირდება, ეს პირველ რიგში არის ინტიმი და სექსი. კელვინ კლაინმა კი თავისი სარეკლამო რგოლებით 80-იანების თაობისთვის სექსუალური ფანტაზიები შექმნა. კელვინი არის დიზაინერი, რომელმაც ქეით მოსი შეყვარებულ ფოტოგრაფთან ერთად მარტო გაუშვა სარეკლამო კამპანიების გადასაღებად, რათა ფოტოები ინტიმური, რომანტიკული და სექსუალური გამოსულიყო. ეს შეუსაბამობა რაფის და კელვინ კლაინის ისტორიის საინტერესო დეტალია, თუმცა არც ისეთი დიდი მნიშვნელობის მქონე, რომ 2016 წელს ინდუსტრიის ოვაციები გადაეფარა.
ბელგიელი დიზაინერი ამერიკაში სიხარულით, სიამაყით და დიდი იმედებით მიიღეს. თანამშრომლობის დაწყებიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ, რაფ სიმონსს აქვს CFDA-ის 4 ჯილდო და ვადაზე ადრე შეწყვეტილი კონტრაქტი ბრენდთან, რომელშიც დიდი ამერიკული ოცნება უნდა აეხდინა.

ქეით მოსი და კელვინ კლაინი

რთულია კელვინ კლაინის 3 წლიანი კოშმარი მთლიანად ერთ ადამიანს დაბრალდეს, მაგრამ ცხადია, როცა ბრენდის მფლობელები ახალ კრეატიულ დირექტორს ასახელებდნენ, არ ფიქრობდნენ, რომ CK გამხდარიყო საცვლების, სუნამოების და ჯინსების ბრენდი. მათ კელვინ კლაინის გარდაქმნა და ამერიკული ბაზრის ხელახლა დაპყრობა სურდათ. სწორედ ამიტომ აირჩიეს ისეთი ცნობილი დიზაინერი, როგორიც რაფ სიმონსია. თუ დიორში რაფი მხოლოდ ქალის სამოსის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო, კელვინ კლაინში ყველა ხაზი ბელგიელის ხელში მოექცა. ბრენდის მფლობელებმა რაფს მისცეს ყველაფერი, რაც მოითხოვა: წლიური ხელფასი 18 მილიონი დოლარის ოდენობით და სრული კონტროლი კელვინ კლაინის ყველა მიმართულებაზე. ეს იყო ის, რაც რაფმა მოითხოვა და მიიღო. 3 წელში ბრენდის გარდაქმნის იდეა ჩავარდა. როგორი დადებითი გრძნობებიც არ უნდა მაკავშირებდეს სიმონსის მიმართ (დამიჯერეთ,ნამდვილად ძალიან მიყვარს და ვაფასებ) ამ ისტორიაში ყველაზე დიდი ბრალი სწორედ რაფ სიმონსის კისერზეა.

გუჩის წარმატების შემყურე კელვინ კლაინის მფლობელებს შესაძლოა გადაჭარბებული ამბიციები გაუჩნდათ, მაგრამ ისინი ბიზნესმენები არიან და ინვესტიციებს დებენ. მათ ფული ისეთ დიზაინერში ჩადეს, რომელსაც ყველა იდეალურ კანდიდატად მოიხსენიებდა, შედეგად კი მიიღიეს პოპკორნი პოდიუმზე და კარდაშიანები ბილბორდებზე. მარცხის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ კელვინ კლაინის მფლობელები ისეთი გამჭრიახები იქნებოდნენ, როგორიც ბერნარ არნოა, თუმცა არნო სწორედ იმიტომ არის მოდაში ყველაზე მდიდარი კაცი, რომ მას ყველა არ ჰგავს.

„ხშირად დიზაინერები საკუთარ თავებს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ,სურთ ინტელექტუალები გამოჩნდნენ.“

კარლ ლაგერფელდის ეს სიტყვები ზუსტად ასახავს Calvin Klein by Raf Simons ერას. სანამ ენდი უარჰოლით შეპყრობილი რაფი სარეკლამო კამპანიების ხელოვნების ნიმუშად ქცევას ცდილობდა და ჰარვარდში ლექციების წასაკითხად დადიოდა, ბრენდის გაყიდვები დაეცა. სრული კონტროლის მოთხოვნაც ძალიან პრეტენზიულად ჟღერს, თუ ტომ ფორდი არ ხარ. გავიხსენოთ ქრისტოფერ ბეილის და ბარბერის მაგალითი. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ბეილიმ საკუთარ თავზე ზედმეტი არ აიღო. ისტორია ასეთი მაგალითების სიმცირეს არ განიცდის, მაგრამ ნიჭიერი დიზაინერები მაინც ირჩევენ ამ გზას და მარცხისკენ ნებით დგამენ ნაბიჯს. არ ვფიქრობ, რომ მიზეზი სიღრმისეულად უნდა ვეძიოთ. წარმატება და ნიჭი ამბიციებს ზრდის, თანაც იმდენად, რომ პრაგმატული მიდგომის დადებითი მხარეები და მოდისთვის დამახასიათებელი ცოტა არასერიოზულობა ავიწყდებათ.

Tags : top