ერთი წლის წინ, იუთუბზე, ცნობილმა ბიუთი გურუმ, თათი ვესტბრუკმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელმაც სილამაზის ინდუსტრიაში 2019 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალი გამოიწვია. თითქმის 40 წუთიან ვიდეოში, თათი ხსნიდა, თუ რატომ შეწყვიტა ურთიერთობა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მაღალშემოსავლიან ბიუთი ინფლუენსერთან, ჯეიმს ჩარლზთან.

ჯეიმს ჩარლზის კარიერის აღმავლობა სამი წლის წინ დაიწყო. მაშინ, თათი ვესტბრუკმა თავის იუთუბ არხზე რამდენჯერმე მიიწვია 17 წლის მაკიაჟის დამწყები არტისტი. ორ წელში ჯეიმსს 16 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, ჰქონდა კოლაბორაცია MORPHE-სთან და YouTube-მ მეტ გალაზეც კი მიიწვია. ეს ყველაფერი 19 წლის ასაკში. თათიმ ჯეიმსის კარიერის საწყისს ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან ის აღფრთოვანებული იყო თინეიჯერი ჯეიმსის უნარებით. მეტიც, საკუთარ ქორწილში მაკიაჟის გაკეთება სწორედ 18 წლის ჩარლზს ანდო.

თათის და ჯეიმსს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვესტბრუკმა დააარსა კომპანია Halo Beauty, რომლის პირველი პროდუქტი საკვები დანამატები/ვიტამინები იყო. მანამდე, მსგავს პროდუქტს დიდი კომპანიებიდან აწარმოებდა მხოლოდ Sugar Bear Hair. შესაბამისად, თათის კომპანიის ყველაზე დიდი კონკურენტიც Sugar Bair Hair იყო. თათის კომპანია არც ერთ YouTube თუ Instagram გვერდზე არ დარეკლამებულა, მაგრამ თათიმ ახსენა, რომ ამ თემაზე საუბრისას ჯეიმსი ამბობდა, რომ ვერ ისაუბრებდა თავის არხზე ვიტამინებზე, რადგან მისი გამომწერები 13-17 წლის ბავშვები არიან, თუმცა Sugar Bair Hair-ს არასდროს გაუწევდა რეკომენდაციას, რადგან არ მოსწონდა პროდუქტი და რომ თათის 100% უჭერდა მხარს. მიუხედავად ამისა, 2019 წლის ქოაჩელას შემდეგ, ჯეიმსმა ინსტაგრამ სთორიში Sugar Bear Hair-ის დანამატები და მათი საძილე ტაბლეტები დაარეკლამა ჰეშთეგით AD (advert). ჯეიმსმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ქოაჩელაზე არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა, ხოლო ამ კომპანიამ მას დაცვა და სპეციალური Pass შესთავაზა ინსტა სთორის და Swipe up-ის სანაცვლოდ.

Jeffree Star, James Charles, Tati Westbrook, Shane Dawson.
Photo: Getty Images

ეს უთანხმოება არაფრით იქნებოდა გამორჩეული სხვა მრავალი ვარსკვლავური დრამისგან, რომ არა თათის მიერ გაჟღერებული სერიოზული ბრალდებები ჯეიმსის მიმართ, რაც ჩარლზის ქცევას და პიროვნულობას ეხებოდა. ჯეიმსი გეია, ამაზე ხშირად უსაუბრია თავის ვიდეოებში, თუმცა თათიმ ჩარლზის მამაკაცებთან ურთიერთობას სხვა კონტექსტი შესძინა. ვესტბრუკი 2019 წელს გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობდა, რომ ჯეიმსი ჰეტეროსექსუალ ბიჭებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, მათ ავიწროებდა და ატყუებდა. ისიც დაამატა, რომ ჯეიმსი მამამისის თანდასწრებით საუბრობდა ბიჭებზე და მათ გენიტალიებზე, იმაზე, რომ არ არსებობს ასი პროცენტით ნატურალი ადამიანი, ასევე თათის დაბადების დღეზე ყველას თანდასწრებით საუბრობდა იმაზე, თუ რას უზამდა მიმტან ბიჭს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ის გეი არ იყო. თათის თქმით, მეორე დღეს სტუმრებთან გადარეკა და ჯეიმსის საქციელის გამო ბოდიში ყველას მოუხადა.

ასეთ სკანდალურ განცხადებებს ჯეიმსის რეპუტაციის ნგრევა მოჰყვა. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ვესტბრუკს ბევრი მხარდამჭერი სილამაზის ინდუსტრიაშიც გამოუჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიუთი ინფლუენსერი, ჯეფრი სტარი, რომელმაც დაწერა, რომ რასაც თათი ამბობდა, 100% სიმართლე იყო. თათის ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ჯეიმსმა იუთუბზე 3 მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა.

ჯეიმსმა ბრალდებებს პასუხი სკანდალის აგორებიდან ერთ კვირაში, თათის მსგავსად, ვიდეოს სახით გასცა. თათიმ თავისი ატვირთული ვიდეო წაშალა და მას შემდეგ დუმილს არჩევდა.


მიმდინარე კვირის ოთხშაბათამდე სკანდალი მივიწყებულიც იყო. გასული თვეების განმავლობაში თათი განაგრძობდა ვიდეოების ატვირთვას, ჯეიმსი კი დანგრეული რეპუტაციის აღსადგენად წარმატებით მუშაობდა. ოთხშაბათს ვესტბრუკის იუთუბზე კიდევ ერთი 40 წუთიანი ვიდეო გამოჩნდა, რომლის მხოლოდ სათაურიც მანიშნებელი იყო, რომ თათი დუმილის დარღვევას აპირებდა.


ახალ ვიდეოში თათი განმარტავს, რომ ვიდეო, რომელიც ჯეიმსზე გამოაქვეყნა, ჯეფრი სტარის და იუთუბის კიდევ ერთი ვარსკვლავის, ჯეფრის ახლო მეგობრის, Shawn Dawson-ის შთაგონებით გამოაქვეყნა. ვესტბრუკის თქმით, ჯეფრიმ და შონმა ის გამოიყენეს და მანიპულაციებით დაარწმუნეს, რომ ჯეიმსის წინააღმდეგ ნაბიჯი გადაედგა. სინამდვილეში, მათ ჩარლზის მეტეორული სისწრაფით აღმავალი კარიერის შურდათ. როგორც ვიდეოდან ვიგებთ, ჯეიმსს და თათის შორის საუბარი შედგა. ჩარზლს სურდა, რომ ამ ვიდეოში თათის გვერდით მჯდარიყო და ერთად ესაუბრათ, თუ რა მოხდა სინამდვილეში ერთი წლის წინ, მაგრამ თათიმ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გადაწყვიტა, რომ მარტოს ესაუბრა.

როგორი გაგრძელებაც არ უნდა მოჰყვეს ამ ისტორიას, სილამაზის ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანები დაიღალნენ მხარეების არჩევით. იქმნება წარმოდგენა, რომ ამერიკელი ინფლუენსერები მხოლოდ სკანდალებისთვის არსებობენ და ღირებულს არაფერს ქმნიან. ალბათ, ამ სკანდალის შემდეგ, საზოგადოების ნაწილი მაინც შეწყეტს მათი პროდუქციის შეძენას.